"დავურეკე და პირდაპირ კახურად ვუთხარი, ცოლად გამომყევი-მეთქი... ოლიმპიური მედალიც მის სახელზე მოვიპოვე"
"დავურეკე და პირდაპირ კახურად ვუთხარი, ცოლად გამომყევი-მეთქი... ოლიმპიური მედალიც მის სახელზე მოვიპოვე"
ფოტო:რევაზ მინდორაშვილი
ოლიმპიურ დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგარი ფალავანი სახეგაბადრული მისჩერებოდა ხუთჯვრიან დროშას, რომელიც ნელ-ნელა მაღლა მიცურავდა...
- გავაკეთე ის, რაც შემეძლო: სამშობლოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოვუტანე, - ეს სიტყვები კოლაგელმა რევაზ მინდორაშვილმა მას შემდეგ მითხრა, რაც პეკინის თამაშების ჩემპიონობა მივულოცე.

სათქმელად იოლია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ ერთი უბრალო წინადადების მიღმა რამდენი შრომა და საჭიდაო ხალიჩაზე დაღვრილი ოფლია.

სახელოვანი ფალავანია რევაზ მინდორაშვილი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ყველა
სინჯის მედლის მფლობელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, რომელმაც თავისი მდიდარი სასპორტო კოლექცია პეკინში ოლიმპიური ოქროთი გაიმდიდრა.

წლების განმავლობაში იგი დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. გზახერგილიც ბევრჯერ შეხვედრია, ისეთი მომენტებიც ჰქონია, სპორტიდან წასვლას რომ აპირებდა.

დაბრუნება პირველი
ჭიდაობა გვიან, 14 წლისამ დაიწყო დავით გონაშვილის ხელმძღვანელობით.
თუმცა სკოლის დამთავრებამდე მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონობა მოასწრო. თბილისში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოსულმა ფალავანთა კლუბს მიაშურა.

მარლენ ოსიყმაშვილის ჯგუფში ჩაეწერა. ნახა, მისი თანატოლები როგორ ჭიდაობდნენ, საკუთარ ძალებში დაეჭვდა - ჩემგან ფალავანი ვერ დადგებაო. ვარჯიშს უკლო.

ზედიზედ რამდენიმე მეცადინეობა გააცდინა. ერთ საღამოს ბიჭებმა შინ მიაკითხეს - დარბაზში გიბარებენო. 1996 წელს საქართველოს ნაკრების წევრები ატლანტის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გია გალდავამ, ბატონ მარლენის რჩევით, რევაზ მინდორაშვილი შეკრებაზე წაიყვანა - ჯანიანი ბიჭია, სპარინგპარტნიორად გამოგადგებაო. სტიმული მიეცა. იმ შეკრების შემდეგ სერიოზული ვარჯიში დაიწყო.

2002 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ამგვარ წარმატებას 2003 წელს მიაღწია, სამაგიეროდ, იმავე წელს კონტინენტის პირველობაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2004 წლის გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის ჯილდო ხვდა. ფინალში გაქონილი თურქი გიორკჰან იავასერი რომ არა, ალბათ, ოქროს მედლის მოპოვებაც შეიძლებოდა. მერე იყო ათენის თამაშები. თავად ვიხილე მისი ორთაბრძოლები ოლიმპიურ ხალიჩაზე - ჯერ ბერძენ ლაზარიოს ლოიზიდისთან, მერე - ფრანგ ვინსენტ აკასტან. ასე დათრგუნული მინდორაშვილი არასდროს მინახავს.

- ოლიმპიადაზე განცდილი მარცხის შემდეგ ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა, - მითხრა რეზომ. - ადგილს ვერ ვპოულობდი, გულს ვერაფერს ვუდებდი, თუმცა შინაგანი ძალა ისევ დარბაზისკენ მექაჩებოდა. 2004 წლის შემოდგომაზე ირანის გუნდურ ჩემპიონატში ჭიდაობა გადავწყვიტე - გულს გადავაყოლებ-მეთქი...

თეირანისკენ მიმავალს ფიქრები მომეძალა - რა უცნაურია ცხოვრება, შაჰები ჩემს წინაპრებს ძალით მიერეკებოდნენ სპარსეთისკენ, მე კი ჩემი ნებით მივდივარ, თან სევდის გასაქარვებლად-მეთქი. ჯავრიც ვიყარე იქაურებზე: ზედიზედ რვა შეხვედრა მოვიგე. გულიც მომეცა. თურმე, ჯერ ჩამოსაწერი არ ვყოფილვარ...

ისევ დაუბრუნდა ხალიჩას, მაგრამ 2005 წლის გაზაფხულზეც ხელი მოეცარა - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინელ ტარას დანკოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. მერე დაღესტნის საერთაშორისო ტურნირზე კუბელ რომეროსთან დაპირისპირებისას წარბი გაიხეთქა და ოთხი ნაკერი დაადეს. ტრამვამოუშუშებელი შეკრებებზე ვერ წაყვა ნაკრებს. 29 წლის ფალავანმა მომავლის იმედი დაკარგა და ისევ წასვლა გადაწყვიტა.

დაბრუნება მეორე
- ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი: ჭიდაობა დავამთავრე. ასე უსაქმოდ ხომ ვერ ვიქნები, ცოლს მაინც მოვიყვან და ახლობლებს გავახარებ-მეთქი. ჰოდა, ავდექი და მეც შევირთე ერთი კარგი გოგო - თამილა ბარაბაძე. თორმეტი წელიწადი ვიცნობდი.

თავს არ ვუტყდებოდი, თორემ ვგრძნობდი, რომ მიყვარდა. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, დავურეკავდი. იგი ლექსებს მიკითხავდა და მამხნევებდა. ერთ საღამოსაც დავურეკე და პირდაპირ კახურად ვუთხარი - ცოლად გამომყევი-მეთქი. ისიც არ დაფიქრებულა და იმ დღიდან ერთად ვართ.

რომ გაიგო, ჭიდაობას თავს ვანებებდი, კინაღამ გაგიჟდა - მედლები აწი ჩემს სახელზე უნდა მოიპოვოო, მითხრა...

მეუღლესაც ხათრი ვერ გაუტეხა და დარბაზს დაუბრუნდა. ივარჯიშა და 2005 წელსვე უნგრეთის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. 2006 წელს ჩინურ გუანჩჟოუში მსგავს შეჯიბრებაზე პირველივე შეხვედრა გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით ბიჩინაშვილს მოუგო, მერე აზიის 2006 წლის ჩემპიონი მონღოლი დაამარცხა, მის გზას გაუყენა გასომხებული ვადიმ ლალიევი და ფინალში რუსეთელ საჯიდ საჯიდოვს დაუპირისპირდა.

ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე რეზომ სწორედ მას დააყრევინა ნახევარფინალში ფარ-ხმალი. ჩინეთში კი ქართველმა ფალავანმა მეტოქე ვერ დაჯაბნა და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა, თუმცა ეს ჯილდო სულაც არ იყო ურიგო, თუნდაც იმიტომ, რომ რეზოს კოლექციაში ერთი თავისუფალი ადგილი შეივსო - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის კავალერი გახდა.

სიხარული დაბომბილი მამულისთვის
ახალი ათვლა 2007 წლიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რეზო ევროპასა და მსოფლიოზეც კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ნოვრუზ ტებრეზოვთან რომ წააგებინეს და ულიცენზიოდ დატოვეს, მისთვის იოტისოდენი გულგატეხილობაც არ შემიმჩნევია - ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩემი გზიდან ჩამოშორება ასე იოლი არ არისო, მითხრა.

მონდომებით ემზადებოდა ახალი სეზონისთვის. ბათუმში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნახევარფინალს უწია და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან ტრავმის გამიზეზებას მოერიდა, მერე კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ნელ-ნელა აღიდგინა სასპორტო ფორმა.

- 2008 წელს ტამპერეს ევროპის ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიადის თითო საგზური თამაშდებოდა, - იგონებს რევაზ მინდორაშვილი. - ყველაფერი ვიღონე, ამ შეჯიბრებაზე მომეგვარებინა ლიცენზიის პრობლემა და შემდეგ მშვიდად განმეგრძო ზაფხულის თამაშებისთვის მზადება. პირველ წრეში დავით ბიჩინაშვილს ვძლიე, შემდეგ - ესპანელ ხავიერ რამოსს, ბელარუს ივან იანკოვსკის, ებრაელ სერგეი კოლესნიკოვს და გადამწყვეტ პაექრობაში გიორგი კეტოევს (იმავე ქეთიშვილს), დავუპირისპირდი.

გიორგიმ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად პეკინის ლიცენზიაც დაიმსახურა, ამიტომ ფინალში გასვლით ოლიმპიადის საგზური დავიბევე. თავის მართლებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ გადავწყვიტე, ტამპერეს ხალიჩაზე ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომემჟღავნებინა. ვიფიქრე, გიორგი დარჩეს წონის ფავორიტად, რათა მთელი ყურადღება მისკენ იყოს მიმართული, მე კი საჩემო საქმეს ისედაც გავაკეთებ-მეთქი. ამას რომ ვამბობ, ისე არ გამიგოთ, კეტოევის შესაძლებლობებს ვაკნინებდე. იგი იდალური მოჭიდავეა. ფილამ 2007 წელს სამართლიანად ცნო წლის საუკეთესო ფალავნად.

ორწელიწად-ნახევარი შეხვედრა არ წაუგია. რუსეთის ნაკრებიდან სახელოვანი მოჭიდავე საჯიდ საჯიდოვი ამოაგდო. გიორგის ბევრი შერკინება მაქვს ნანახი. ოთხჯერ თავადაც შევხვედრივარ და მისი ორთაბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები დავამუღამე, რაც ოლიმპიადაზე გამომადგა. გაგრძელება



რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?