"რუსეთთან თამაში ჩვენთვის ნებისმიერ ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია!" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან თამაში ჩვენთვის ნებისმიერ ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია!"

"მაისურებზე დახატული რუკით გვინდოდა, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მათ გარეშე ყოფნას არასდროს შევეგუებით!"

საქართველოს ნაკრებისთვის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მოგება ისეთივე ჩვეულ საქმედ იქცა, როგორიც რუსეთის ნაკრების დამარცხება. ამჯერად "ტკბილი ლუკმა" ბოლოსთვის მოვიტოვეთ და რუსი "დათვები" მათსავე "ბუნაგში" ისევე დავაწიოკეთ, როგორც თბილისში, კრასნოიარსკსა თუ მოსკოვში გვყავს დაჩვეული. რუსებმა კრასნოდარში მარტის ქარ-წვიმა დაგვახვედრეს, ჩვენმა გუნდმა კი ყუბანის მთავარ ქალაქში საქართველოს რუკა ჩაიტანა და ტრადიციული მოგება წამოიღო! რუსეთთან მატჩზე,"მესამე ტაიმსა და კარს მომდგარ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს ვესაუბრეთ:

- ცხადია, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგებითაც გავიხარეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში ჩვენთვის ნებისმიერ ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანია! დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივარიც ასევე ფიქრობს. რაც შეეხება კრასნოდარში გამართულ შეხვედრას, ნალექს ელოდნენ, მაგრამ არ უწვიმია, მოედანი წინასამატჩო მოთელვის დროსაც მშრალი იყო, მაგრამ გამოვედით თუ არა სათამაშოდ, წვიმა მაინცდამაინც მაშინ დაიწყო. მასპინძლები იმედს ისედაც ფეხით თამაშზე ამყარებდნენ, მას შემდეგ კი, რაც ბურთი და მოედანი დასველდა, რუსები მოედნის ყველა მონაკვეთში ფეხით თამაშს ცდილობდნენ, ჩვენს ოცდაორშიც კი! ეს არც გაგვკვირვებია, ბურთი ისე სრიალებდა, ერთი პასის გაკეთებაც ძალიან ჭირდა. როცა ვნახეთ, რომ ხელით თამაში შეუძლებელი იყო, სტრატეგია ჩვენც შევცვალეთ და... მას შემდეგ, რუსებს შანსიც აღარ ჰქონიათ!

- პირველ ნახევარში დაშვებული უამრავი შეცდომის მიუხედავად, წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ გამარჯვება საქართველოს დარჩებოდა! - თამაშისას ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ მასპინძლებმა რაღაცაში გვაჯობეს. ძალიან გვინდოდა, რუსები ხელდახელ თამაშშიც დაგვეჯაბნა და ანგარიშში სხვაობა უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, მაგრამ ბურთი ისე სრიალებდა, ხელით თამაში არაფრით გამოდიოდა, ამიტომაც გადაწყობამ მოგვიწია. როგორც კი გადავეწყვეთ, ქულების დაგროვებაც დავიწყეთ და, ფაქტობრივად, რუსებიც "გაქრნენ" თამაშიდან.

- რუსებთან თამაშისას მოტივაციის "ძებნა" არასდროს გვჭირდება, მაგრამ ზოგჯერ არის ფაქტორებიც, რომლებიც მოგებას უფრო აუცილებელს ხდის. მაგალითად, წინადღეს რუსეთის "ა" ნაკრებთან "საქართველო XV"-ის მარცხი, დიმიტრი მოროზოვის ნათქვამი და ა.შ. - რუსებთან თამაშისას რომ გვაქვს, იმაზე ძლიერი მოტივაცია არ არსებობს! წინადღით წაგებული მატჩი მხოლოდ დამატებითი მიზეზი იყო, რომ წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, თორემ ამაზე მეტად ვეღარ მოინდომებ. რაც შეეხება მოროზოვის სიტყვებს, თამაშამდეც ვთქვი და ნამატჩევსაც, ლაპარაკს საქმით სჭირდება გამყარება-მეთქი, რუსებისგან კი საქმე ჯერაც ვერ ვნახეთ. მსგავს "ანკესსა" და პროვოკაციებზე თავად თუ წამოეგებიან, თორემ ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტყვა ერთია, საქმე - მეორე. ლაპარაკით თამაშს ვერ მოიგებ! ბორჯღალოსნებსაც ძალიან გვინდა მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელი რომ არის, ჩვენზე უკეთ ვინ იცის?

- მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ნაკრები ვნახეთ.შესვენების შემდეგ რა შეიცვალა? - შესვენებაზე მითითებები მივიღეთ და მეორე ნახევარში მწვრთნელის დავალებები უფრო ზუსტად შევასრულეთ. უამინდობა რომ არა, ჩემი აზრით, რუსებს 30-ქულიანი სხვაობით მაინც დავამარცხებდით! პირველ ტაიმში სველი ბურთის ხელით გათამაშებას ვერც ვახერხებდით და არც ვეშვებოდით, ხარვეზის გამოსწორების მცდელობას კი ახალი შეცდომები მოჰყვებოდა. როცა ყველაფერი გავაანალიზეთ, თამაშის სტილი შევცვალეთ და უპირატესობა აღარც გაგვიშვია ხელიდან.

- რუსები იმართლებენ თავს, ქარიც ქართველებს ეხმარებოდაო, თითქოს მხოლოდ ჩვენთვის ქროდა. - მოედნის ნახევარი ისე ავირჩიე, წესით, ზურგქარში უნდა გვეთამაშა, მაგრამ თამაშის დაწყებიდან ათიოდე წუთში ქარმა მიმართულება იცვალა და პირდაპირ სახეში გვცემდა. მერე კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა, ასე რომ, რუსებს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოადგებათ. ქარზე მეტად თამაშში სველი ბურთი გვიშლიდა ხელს.

- და ზედმეტი ემოციაც, მოედანზე გაწევ-გამოწევაც რამდენჯერმე ვნახეთ.

- სერიოზული არაფერი მომხდარა. პირველ ტაიმში ჩვენც ისეთი დაძაბული ვიყავით, მეტოქეს მცირედიც არ შევარჩინეთ. მასპინძლებიც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, არაფერს დაგითმობთო, მაგრამ რაც გამოვიდა, ვნახეთ.

- მეორე ნახევარში გატანილი ორივე ლელო ახალგაზრდა მორაგბეების ანგარიშზეა. ბოლო მატჩებში მილტონ ჰეიგი სულ უფრო მეტ ახალბედას აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას და სასიხარულოა, რომ უმეტესობა ნდობას ამართლებს. - ეს ბევრი რაღაცის დამსახურებაა: მწვრთნელების კარგი მუშაობის, ახალგაზრდა მოთამაშეების მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი მორაგბეების გულიანი დახვედრის და ა.შ. რაც მთავარია, ყველას საერთო მიზანი გვაქვს და ასეთი უმტკივნეულო და ნაყოფიერი ცვლილებებიც ამის შედეგია.

- ეროვნული ჰიმნის შესრულებისას გეცვათ მაისურები, რომლებზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

- საქართველოს რაგბის კავშირის იდეა მთელმა გუნდმა დიდი სიხარულით ავიტაცეთ. გვინდოდა ამ რუკით კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მათ გარეშე ყოფნას არასდროს შევეგუებით!

- ამის შეხსენებას რუსებისგან პროვოკაცია ხომ არ მოჰყოლია? - პროვოკაცია არა, მაგრამ ოპერატორებს ყველანაირად უცდიათ, რუკა კადრებში არ გამოჩენილიყო! რუსული ტელეარხებისთვის მიცემული ინტერვიუების დროსაც ეს მაისური ჩავიცვი, მაგრამ როცა მოგვიანებით ჩემი კომენტარების ჩანაწერები ვნახე, გამეცინა, ისეთი ახლო პლანი აქვთ გადაღებული, სადაც მხოლოდ ჩემი სახე ჩანს, საქართველოს რუკა კი არა...

- რუსები არა მხოლოდ მოედანზე, "მესამე ტაიმშიც" (სარაგბო მატჩის შემდეგ გამართული ტრადიციული ბანკეტი. - რ.შ.) დაჩაგრეთ, არა? - "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ბოლო ტურში რუსებს პირველად ვეთამაშეთ, აქამდე უკანასკნელი მატჩი სულ რუმინეთთან გვქონდა. ასე რომ, ამჯერად თავს უფლება მივეცით, წარმატება უფრო "ხმაურიანად" აღგვენიშნა. იმდენი ვიცეკვეთ და ვიმღერეთ, ვერც გავიგეთ, რუსები როდის გაიპარნენ ბანკეტიდან. საბოლოოდ, "ბურთი და მოედანი" რესტორანშიც ჩვენ დაგვრჩა!

- "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის წლევანდელმა გათამაშებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ტურნირზე ჩვენი დონის ნაკრები აღარ არსებობს და თუ განვითარების სხვა გზა არ მოვძებნეთ, ქართულ რაგბის რეგრესი ელის. იმედია, მსოფლიო რაგბის სიახლეები ჩვენთვის სასიკეთო სახეს მიიღებს. - იმედია. თუმცა არა მგონია, ორი-სამი წელი მაინც რამე შეიცვალოს. ამიტომაც, სანამ ამ ტურნირში ვთამაშობთ, პოზიცია უფრო უნდა გავიმყაროთ, მატჩები უფრო დიდი სხვაობით მოვიგოთ და... მერე, ოდესმე, ჩვენც გვეშველება.

- თებერვლის მიწურულს ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ ივარჯიშეთ ინგლისის ნაკრებთან ერთად. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშით კმაყოფილი დარჩით? - ამ ორდღიანმა ნაყოფიერმა წვრთნამ დიდი თავდაჯერებაც შეგვმატა. ეს გამოჩნდა კიდეც: ბელგიასა და გერმანიას სუსტი გუნდები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი თამაშის ხარისხსა და თავდაჯერებას ინგლისელებთან ვარჯიში აშკარად დაეტყო. ჩვენს შერკინებაზე ახალი რა უნდა ვთქვა? ბიჭებმა ინგლისელები წელსაც მაგრად დაჩაგრეს! აქცენტი ხელით თამაშზე გვქონდა და ამ კომპონენტზე მუშაობითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩით. იმედია, თავდაჯერება უფრო სერიოზულ მატჩებშიც გაგვყვება.

- ქართველმა და ინგლისელმა მორაგბეებმა ორჯერ იჩხუბესო. მართალია?

- ჩხუბს ნამდვილად ვერ დავარქმევ. ინგლისელ მორკინალებს არ მოეწონათ (ვის მოეწონება?), ჩვენებმა რომ დაჩაგრეს და შელაპარაკებაც სწორედ ამას მოჰყვა. საბედნიეროდ, მეორე დღეს მცირე ინციდენტიც აღარ ყოფილა.

- იმედია, მათ ინგლისელ მეზობლებთან ერთობლივი ვარჯიშისას მიღებული გამოცდილება შოტლანდიასთან ტესტმატჩებშიც გამოგვადგება, მერე მსოფლიო თასიც დაიწყება. რას ელი იაპონიაში გასამართი ტურნირისგან? - მირჩევნია, მიზნებზე არ ვილაპარაკო და ყველაფერი საქმით გამოჩნდეს. იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ ეს ქვეჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე რთულია მსოფლიო თასის ჯგუფებს შორის.ძალიან რთული თამაშები გველის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, როგორი მოლოდინი და მოთხოვნები გვაქვს ქართველ მორაგბეებს და ქომაგს. ვიცით, რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ და მიზნის მისაღწევად თავს საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი არ დაზოგავს! მთავარია, მსოფლიო თასს ყველა ჯანმრთელად შეხვდეს. ძლიერებს უმართლებთო და, თუ შევძლებთ ძლიერები ვიყოთ, იღბალიც დაგვეხმარება.

- წლებია, საფრანგეთის Pro D 2-ის "ორიაკში" თამაშობ. აღარ არის დრო, ტოპ-14-ის კლუბში ბუკა შარიქაძეც ვნახოთ? - ვნახოთ. იმედია, მსოფლიო თასის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა. თუმცა, თუ დამიჯერებთ, ტოპ-14-სა თუ სხვა ნებისმიერ ჩემპიონატზე მეტი სიამოვნებით ქართულ"ფრენჩაიზში ვითამაშებდი! ასეთი რამ რომ გაკეთდეს, სხვაგან ერთი დღეც არ გავჩერდები."ფრენჩაიზის გარეშე კი ქართულ რაგბის ძალიან გაუჭირდება განვითარება. ყველა ქვეყანამ გამოძებნა რაღაც გზა: ზოგი რომელ ტურნირში მონაწილეობს და ზოგი სად. მეტი რაღა მაგალითი გინდათ, სამხრეთ აფრიკის ორი გუნდი ევროპაში თამაშობს! ჩვენც გვჭირდება ერთი გუნდი მაინც და ტურნირი, სადაც რეგულარულად შევძლებთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. თუ გაკეთდება"ფრენჩაიზი, ქართული რაგბი გადარჩება, თუ არადა, რეგრესი გარდაუვალი იქნება. აუცილებელია, გვყავდეს გუნდი, რომელიც უმაღლესი დონის ტურნირში ითამაშებს და ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების ძირითადი წყარო იქნება. ფრენჩაიზს ჩვენი ყველა მეტოქე გააკეთებს და საგრძნობლად ჩამოგვიტოვებენ უკან.