მისთვის უთხოვია, ჩემ მაგივრად აკოცე საქართველოს მიწას, სადაც არასოდეს დამიდგამს ფეხიო - "ცეცხლოვანი გულის კავკასიელის" გამარჯვების ბრძოლა
მისთვის უთხოვია, ჩემ მაგივრად აკოცე საქართველოს მიწას, სადაც არასოდეს დამიდგამს ფეხიო - "ცეცხლოვანი გულის კავკასიელის" გამარჯვების ბრძოლა
ფოტო:გივი კარტოზია
ის იყო, დილით სასტუმროდან გამოვიდა და ზღვის სანაპიროსკენ სასეირნოდ წასვლას აპირებდა, ღარიბულად ჩაცმული მოხუცი რომ მიუახლოვდა. ხელმოჩრდილულმა ქვემოდან ამოხედა.

- გეთაყვა, თქვენ გივი კარტოზია ხართ? – ჰკითხა უცნობმა ქართულად.

- დიახ, - მიუგო გაკვირვებულმა ფალავანმა.

- გუშინ დიდად ვისამოვნე სტადიონზე, შესანიშნავად ჭიდაობდი! მე 94 წლის ვარ, ბევრი განთქმული ფალავანი მინახავს. შენ დიდი კულა გლდანელი გამახსენე, დიდი მომავალი გელის... ჩემ მაგივრად აკოცე მშობლიური საქართველოს მიწას, სადაც არასოდეს დამიდგამს ფეხი... დღეგრძელი იყავ,
შვილო!

ბერიკაცი მოულოდნელადვე დაემშვიდობა და ჯოხზე დაყრდნობილი გაუყვა გზას.

უცებ თვალწინ დაუდგა "მიხატ ფაშას" 25-ათასიანი სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნები და წინა დღით იქ გადატანილი ორთაბრძოლები, გონებაში კინოკადრებივით გაირბინა ნანახმა და განცდილმა. პირველ ორთაბრძოლაში ლიბანელ რამონოსს მოუგო – სამჯერ ბეჭებით გააკრა მეტოქე ხალიჩას და მხოლოდ ამის შემდეგ
"დაინახეს" არბიტრებმა ტუშე, მერე შვეიცარიელი ვერნერი დაამარცხა.

მესამე წრეში ისვენებდა, მეოთხეში კი მასპინძელთა კერპ ისმეთ ათლის უნდა დაპირისპირებოდა. ორიოდე დღის წინ თურქმა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმარჯვა, ქართველი ფალავანი გიორგი სხირტლაძე ფინალამდე ჩამოაშორა შეჯიბრებას. მასპინძლებს ეიმედებოდათ თავიანთი კერპი. ანგარიში თანაბარი იყო – 1953 წლის "კლასიკოსთა" მსოფლიოს ჩემპიონატზე კარტოზიამ აჯობა ათლის, ისმეთმა რევანში ერთი წლის მერე ტოკიოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აიღო.

და აი, მესამე ორთაბრძოლა. წლების შემდეგ ივან დიმოვთან საუბრისას გივი კარტოზიამ ასე გაიხსენებს თურქულ ბატალიებს: "ჩემი ყველაზე საშიში მეტოქე იყო თურქი ისმეთ ათლი, მოუქნელი, გრძელმკლავება, კაჭა, ხალიჩაზე საოცრად სწრაფი და თვალშეუვლები. ნეაპოლში იგი მესამე წუთზე წავაქციე, სერიოზული მეტოქე იყო! რომის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა კიდეც...

სტამბოლში ვჭიდაობდით გვიან საღამოს სტადიონზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევდა. ათლი ნებისყოფიანი მოჭიდავე გახლდათ, უკან დახევა არ იცოდა. პირველ წუთზევე ვეძგერეთ ერთმანეთს ისეთი ძალით, რომ დარტყმა ხარს წააქცევდა... ორივემ გავუძელით. სახედასისხლიანებულებს გულები ამოვარდნაზე გვქონდა, მაგრამ ვჭიდაობდით. რვა ქულა მოვიგე, მეექვსე წუთზე კი ბეჭებზე გავაკარი. მსაჯები აქეთ-იქით იყურებიან, ისეთი სიტუაციაა, თითქოს საცაა უზარმაზარი ნაღმი უნდა აფეთქდესო. ათლი წამოდგა, მოვიდა ჩემთან და ხელი ამიწია. სტადიონმა ყიჟინა დასცა, მაგრამ ეს უკვე ალერსის ყიჟინა იყო"...

ეს მოხდა 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, მაისის მიწურულს, სტამბოლში მსოფლიოს თასზე გამართული პაექრობისას... მომდევნო ორ შეხვედრაში ქართველი ფალავანი იოლად გაუსწორდა გერმანელ ჰორსტ ჰესსა და იუგოსლავიელ სიმიჩს და მთავარი პრიზი მოიპოვა. ჩვენებურთაგან ის გახლდათ პირველი, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია.

სამართლიანად შენიშნავს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი არჩილ გოგელია, რომ "იგი იყო პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ჩვენი სპორტის ისტორიაში. სიტყვა პირველი განუშორებელი თანამგზავრია კარტოზიას გვარისა. თავად განსაჯეთ: გივი კარტოზია იყო პირველი სამგზის ჩემპიონი ქართველთა შორის, მსოფლიო თასის პირველი მფლობელი, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში. იგი გახლდათ პირველი, ვინც ამაყად ააფრიალა ქართული სპორტის ალამი".

ქართული ჭიდაობის დროშა


"ბევრი დიდი მოჭიდავე გაუზრდია საქართველოს. გივი კარტოზია ყველაზე ნათელი პიროვნებაა მათ შორის. ახალი ჩემპიონები ავიდნენ კვარცხლბეკზე, ზოგიერთ მათგანს უფრო მეტი ჯილდოც აქვს, ვიდრე გივის, კარტოზიას დღესაც ნომერ პირველ მოჭიდავეს უწოდებენ. და ასე იქნება მუდამ, სანამ ცოცხალი დარჩება თუნდაც ერთი კაცი, ვისაც იგი ხალიჩაზე უნახავს. კარტოზია ქართული ჭიდაობის დროშაა", - ეს სიტყვები კიეველ მსოფლიოს ჩემპიონ გრიგორი გამარნიკს ეკუთვნის.

მართლაც, განუმეორებელია გივი კარტოზიას დამსახურება სამშობლოს წინაშე. ქართველი ფალავნის თანამედროვეთაგან არაერთხელ მსმენია, რომ იგი ყველას ხიბლავდა გამბედაობით, ელეგანტურობით, უკომპრომისობით. არასდროს ყოფილა მარცხის შიშით შეპყრობილი სპორტსმენი. ჭაბუკობიდანვე გახლდათ დამოუკიდებელი და შეუპოვარი. 1929 წლის 29 მარტს დაბადებული ჭაბუკი 1944 წელს 15 წლისა ომში გაიპარა, რომ მეომარი მამა ენახა. გზახლართულებისთვის გვერდი ავლა შეძლო და ზაპოროჟიეში ამოყო თავი, სადაც პოლკის შვილობილი გახდა, სამხედრო ფორმა ჩააცვეს, ხელში შაშხანა მისცეს. ერთი სიტყვით, ჯარისკაცი გახდა. 1945 წელს დემობილიოზაციით დაბრუნდა შინ. შინელს დიდხანს ვატარებდი, რადგან პალტო არ მქონდაო, იგონებს ბატონი გივი. ოთხი წლის შემდეგ მოსკოვში შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად პირველი პალტო მწვრთნელს უყიდია მისთვის. გაგრძელება


რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?