საქართველო ისევ ირ-ლანდია - კვირის პალიტრა

საქართველო ისევ ირ-ლანდია

თავდაპირველად ძალიან კი ვიუკადრისეთ, მაგრამ… შარშანვე, განსაკუთრებით ნათლად კი ბოლო დღეებში გამოჩნდა, რომ სწორედ უეფას ერთა ლიგაა საქართველოს ნაკრებისთვის ზედგამოჭრილი ტურნირი! გასული წლის ეიფორიის მისანავლებლად ორად-ორი მატჩის გამართვა აღმოჩნდა საკმარისი და ყველამ ვნახეთ, რამხელა სხვაობაა "ჭ", უფრო სწორად,  ლიგასა და "ნამდვილ ევროპას" შორის. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო-2020"-ის შესარჩევი ეტაპი ტრადიციულად დაიწყო და ბევრი რომ აღარ გვანერვიულოს, თავიდანვე თეორიულად აქცია ჯგუფიდან გასვლის შანსი. არა, ნაკრების ფეხბურთელები კი გვაიმედებენ, ჯერ დაკარგული არაფერიაო, მაგრამ... სანამ მესამე-მეოთხე ტურის შემდეგ ტრადიციული "სიმღერა" მოგვისმენია, ამ შესარჩევში აღარაფერი გამოვა და გუნდი სამომავლოდ მოვამზადოთო, ცოტას ჩვენც შევეშველებით: ბიჭებო, ისევ ერთა ლიგას "მიაწექით" და დარჩენილი მატჩები ბელორუსთან პლეი-ოფისთვის გამოიყენეთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი, ამ შესარჩევში სახარბიელო ვერაფერი ვნახეთ. საქართველოს ნაკრებმა მარტში მარტივი სტატისტიკა დადო: ორი მატჩი, არც ერთი ქულა და გოლი. გადაჭედილ "დინამო არენაზე" შვეიცარიამ გაგვანულა (0:2), სამ დღეში კი დუბლინის თითქმის სავსე "ავივადანაც" ხელ და ქულაცარიელები წამოვედით... ისევ წაგება. ისევ ირლანდია, საქართველო კი ერთა ლიგაზე ნათამაშების "ლანდია"...

შვეიც-არეული გეგმები

საქართველო 0:2 შვეიცარია

თბილისში რამდენიმე ლიდერის გარეშე ჩამოსულ შვეიცარიას იმედიანად კი დავხვდით, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმი გავუძელით, შესვენების შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა და ლოგიკურია, რომ 3 ქულაც მას დარჩა. ერთი საათი - მხოლოდ ამდენ ხანს გასტანა იმედმა (პირველი გოლი 56-ე წუთზე გავუშვით), რომ უეფას ერთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის გამეორებას ქართველები გაცილებით მაღალი კლასის მეტოქესთანაც შეძლებდნენ. სამწუხაროდ, ჯერ პასკალ ცუბერბიულერის (შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე. - რ.შ.) "შემოკლებულმა ვარიანტმა", სტივენ ცუბერმა დაარტყა შვეიცარიული სიზუსტით, ოცდახუთ წუთში კი მეორე ბუნდესლიგელმა ზაკარიამაც (ქართველი არ გეგონოთ, ჟენევაშია დაბადებული, სუდანურ-კონგოურ ოჯახში) გაიტანა ბურთი და შვეიცარიამ საბოლოოდ არია ჩვენი იმედიცა და გეგმებიც. ვაისმა ნამატჩევსაც თქვა, შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასიაო და, როგორც ჩანს, შეგირდებს ეს შესვენებაზეც შეახსენა (გეგონება, პირველ ტაიმში თავქუდმოგლეჯილი ვუტევდით!). ფაქტია, თამაშის მეორე ნახევარი მთლიანად სტუმრებისა იყო და ვაისის სეხნია პეტკოვიჩის სიტყვების საპირისპიროდ, ვერც "რუსულ-ბრაზილიური" ფეხბურთი ვითამაშეთ და ვერც ქართულ-სლოვაკური...

ფეხი და ბურთი - ცალ-ცალკე

ირლანდია 1:0 საქართველო

სპორტის ამ სახეობას "ფეხბურთი" იმიტომ ჰქვია, რომ ბურთს ფეხით ათამაშებენ. სამწუხაროდ, ირლანდიაში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ბურთი არა და... მხოლოდ ფეხები გვქონდა. ჩემი, ჩვენი, მათი ფეხები... არადა, იშვიათი გამონაკლისების (და დალოცვილი ერთა ლიგის) გარდა, ფეხბურთის თამაში ბურთითაც გვიჭირს და მის გარეშე მთლად ცუდ დღეში ვცვივდებით. ირლანდიასთან, ტრადიციულად, მხოლოდ ფეხები გვაქვს (კინკილა ფრე და 9 წაგება!) და სამწუხარო ტრადიცია არც მარტში დარღვეულა.

ტრადიცია არა, მაგრამ აი, საქართველოს ნაკრები კი დუბლინურ პირველ ტაიმშიც ისეთივე დარღვეულ-გარღვეული იყო, როგორიც თბილისში, შვეიცარიასთან გაშვებული პირველი გოლის შემდგომ. ირლანდიის ნაკრებს ნამდვილად არ უდგას საუკეთესო პერიოდი, მაგრამ საქართველოს ამ კონდიციაში მყოფიც "ეყო": საწყის 45 წუთში მასპინძლები ისევე სჯობდნენ ვლადიმერ ვაისის გუნდს, როგორც ირლანდიური "გინესი" ქართულ ლუდს...

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. ლოგიკურად ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოს ნაკრები ისევ ერთი ტაიმის გუნდად რჩება. შვეიცარიასთან პირველ ნახევარში არა გვიშავდა, დუბლინში კი შესვენების შემდეგ გამოვფხიზლდით. ბურთის უფრო მეტხანს ფლობა და შეტევის მცდელობა - გამოფხიზლებაში ეს იგულისხმება, თორემ გოლის გატანა რომ ვაისის გუნდის მთავარი პრობლემაა, ყველამ ვიცით. რეალური საგოლე შანსი "ავივაზეც" ორიოდე გვქონდა, ყველაზე სახიფათო კი ჯაბა კანკავას გასროლა გამოდგა: ნაკრების კაპიტანმა 85-ე წუთზე დაარტყა შორიდან და მასპინძლები რენდოლფის კარის ძელმა გადაარჩინა...

სტანდარტული წაგება

ტრადიციულთან ერთად, დიახაც რომ "სტანდარტული", რადგან მასპინძლებმა სწორედ იმ პოზიციიდან გაგვიტანეს, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხოდით: ჰურიჰანმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი მხოლოდ თავისი ფეხბურთელების მინუსებსა და შეცდომებს ხედავს. თავისი? არადა, სლოვაკი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კვირას ატარებს საქართველოში და, ცხადია, მასზე კარგად ჩვენ ვუწყით, რომ "შვეიცარიელები და ირლანდიელები ქართველ ფეხბურთელებზე უკეთეს ჩემპიონატებსა და კლუბებში თამაშობენ", რომ "ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ", რომ "4 დღეში მოთამაშის მომზადება შეუძლებელია" და ა.შ. მსგავსი ფრაზები ვაისისგან არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ "ლორიამ კედელი არასწორად დააყენა". დიახ, "განტევების ვაცი" ნაპოვნია! გამოდის, ლორიას რომ კედელი "სწორად დაეყენებინა", არ წავაგებდით?! და თუნდაც სასწაული მომხდარიყო და არ წაგვეგო (რაც გოლის არგაშვებას, ანუ 0:0-ს გულისხმობს, თორემ ჩვენი გუნდი რის გამტანიც იყო, კარგად ვნახეთ), საზეიმოდ გვექნებოდა საქმე?!

ვის აქვს ვ(აის)ის ვალი?

ამ შესარჩევი ჯგუფის მოგებას ვაისსა და ნაკრებს არავინ სთხოვს. თამაშს ვითხოვთ: ბრძოლას, ჟინს, კარზე დაგეშვას და არა მხოლოდ ჩაშლასა და უკან პასს... მინიმუმ, ისეთივე თამაშის მცდელობას, რაც ერთა ლიგაზე ვნახეთ. გასაგებია, რომ "ნამდვილ ევროპაში" მეტოქეები არ გვიწყობენ ხელს, მაგრამ სანამ მეტოქე გაჯობებდეს, სწორი ტაქტიკა მაინც ხომ უნდა აირჩიო?! კვალიფიციური მწვრთნელი სწორედ ამისთვის გვჭირდება, თორემ წაგების მხოლოდ ფეხბურთელებზე გადაბრალება თუ კმარა, ამ საქმეს სლოვაკის ხელფასის მეოთხედადაც ბევრი იკისრებს.

ვაისი ადრეც არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, თუმცა ბოლო დროს (უფრო ერთა ლიგაზე წარმატებული თამაშის შემდეგ), ვაისი კრიტიკულ კითხვებს ისეთი ირონიით პასუხობს, თითქოს მისი ვალი გვქონდეს! სინამდვილეში, სწორედ ბატონ ვლადიმერს აქვს ჩვენი "ვალი". ხელფასს სწორედ იმაში იღებს, რომ სამსახური კი არ დაგვამადლოს, ან თავი იმართლოს, არსებული კონტინგენტით ეცადოს უკეთ თამაშს. სლოვაკს კვალიფიკაციას არ ვუწუნებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენზე მორგებული ტაქტიკა თუ სტილი გვჭირდება! თუ განტევების ვაცების ძებნასაც შეეშვება და საკუთარ შეცდომებზე უფრო მეტს იფიქრებს, იქნებ ისიც შეიმჩნიოს, რომ მარცხი მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის. სხვის შეცდომაზე ლაპარაკი ადვილია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ბატონი ვლადიმერი იმასაც გაგვიმხელს, კმაყოფილია თუ არა კონკრეტული ფეხბურთელების თამაშით იმ პოზიციებზე, სადაც თავად გაამწესა?! ყოველ წუთს რომ შეგვახსენებს, ჩემი შეგირდების სათამაშო პრაქტიკა დაბალი კლასის კლუბებშიც კი არა აქვთო, ვინც მუდმივად თამაშობს, იმათ რატომ არ აძლევს შანსს?! მხოლოდ დაცვაზე ფიქრი და ფეხბურთელების კვალიფიკაციაზე წუწუნი არც თემურ ქეცბაიას ეშლებოდა და დარჩენილიყო ნაკრების სათავეში, რას ვერჩოდით?!

მოკლედ, დუბლინის "ავივადანაც" მხოლოდ "ვავა" წამოვიღეთ... წინა მატჩებისა და შვეიცარიასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, დუბლინში გამარჯვება უფრო გაგვაკვირვებდა, მაგრამ... "უგზო-უკვლოდ ოპტიმისტი" ქართველი ქომაგი მომავლის იმედს არასდროს კარგავს და ვინ იცის, იქნებ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებამ საქართველოს ნაკრების თამაშზეც ჯადოსნურად იმოქმედოს.

თავს დაფ-დასხმულები?

სულაც არა. ქართულ ფეხბურთს ლაფისა და ტალახის მეტი რა უნახავს, მაგრამ ამჯერად სამარცხვინო და მით უმეტეს, ახალი, არაფერი მომხდარა: წავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან და ჯგუფიდან გასვლაზე მეოცნებეთა მარათონსაც, საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზევე ჩამოვრჩით. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ დაფი დაგვესხა თავს - შეინ დაფი. "ბრაიტონის" 27 წლის მცველმა და მისმა კოლეგებმა (ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობაც ინგლისის პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში თამაშობს. - რ.შ.) რენდოლფის კარს არ მიგვაკარეს და... "რაც შევიტანეთ, ისევ ის გამოვიტანეთ" იმ სახელგანთქმულ "ავივადან"...

შედეგი ვერა, მაგრამ იქნებ ამ წაგებ(ებ)იდან აზრი მაინც გამოვიტანოთ?! იმას მაინც მივხვდეთ, რომ თუ შეტევა არ სცადე, ვერ მოიგებ, გამარჯვების გარეშე კი რა ჯგუფიდან გასვლაზეა ლაპარაკი?!

სამყურა ირლანდიის ერთ-ერთი სიმბოლოა, კიდევ, ვისკი, "გინესი" და რაგბი. ბოლო წლებში რაგბიში ცოტათი მაინც მივუახლოვდით, ფეხბურთში კი... რა შემადგენლობით და კონდიციითაც უნდა იყვნენ, "ზურმუხტოვანი კუნძულის" ფეხბურთელები სულ გვიგებენ - ათი ცდიდან უკვე მეცხრედ! არადა, კელტებზე ნაკლებად არც სმა გვიყვარს, არც რაგბი... სამყურა, იალაღი და მთაც მათზე არანაკლები გვაქვს.

აი, ფეხბურთი კი... როგორც ჩანს, სანამ ფეხბურთელებს სწორ პოზიციებს არ შევურჩევთ, "ცოცხალი კედლის დაყენებას" არ ვისწავლით და ოთხფოთლიან სამყურას (ძალიან იშვიათია და კელტები მას წარმატების მომტან მცენარედ მიიჩნევდნენ) არ ვიპოვით, ფავორიტად ისევ ირლანდია დარჩება, საქართველო –კი მხოლოდ ერთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის "ლანდად".