"ტურნირზე წასასვლელად გასაუბრებაზე რომ მიგვიწვიეს, გენერალ-პოლკოვნიკმა მკითხა, ბრეჟნევმა მინსკში რაზე ილაპარაკაო, გულუბრყვილოდ ვუთხარი, აბა, მე რა ვიცი-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ტურნირზე წასასვლელად გასაუბრებაზე რომ მიგვიწვიეს, გენერალ-პოლკოვნიკმა მკითხა, ბრეჟნევმა მინსკში რაზე ილაპარაკაო, გულუბრყვილოდ ვუთხარი, აბა, მე რა ვიცი-მეთქი"

ჩემპიონი გატეხილი ნეკნით

...მის სოფელში ყველა ჭიდაობდა, ნახერხმოყრილ სარბიელს ეძალებოდა, მას კი ფეხბურთისკენ მიუწევდა გული. უფროსები კარებში რომ ანდობდნენ ადგილს, ის დღე მისთვის უბედნიერესი იყო. მეკარეობა კი უხაროდა, მაგრამ მძიმე წონის მოუქნელი ყმაწვილისთვის მეტოქეებს ისეთი გოლები გაუტანიათ, თავადაც რომ შერცხვენია.

იმ დღესაც სოფელ სკრას ვარიანელები ესტუმრნენ. ბურთაობაში აჯობეს მასპინძლებს. მერე ნახერხმოყრილ სარბიელზე გადაინაცვლეს. "ჰა, ბიჭო, იქნებ, ჭიდაობაში გამოგვადგეო", - უთხრეს მეზობლებმა. არ უნდოდა წრეში შესვლა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა უფროსებს...

- წონით ჩემზე ბევრად მსუბუქი მეტოქე შემხვდა. ჯანიანი ვიყავი და ვიფიქრე, ჯავრს ამაზე ვიყრი-მეთქი. ის იყო ვეძგერეთ ერთმანეთს, რომ ბეჭებით ნახერხზე აღმოვჩნდი. თავჩაღუნული გამოვედი სარბიელიდან. ბიჭებისთვის შეხედვის მერიდებოდა. მაშინ გადავწყვიტე, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა და ჭიდაობა მესწავლა.

და ისწავლა თემურ ხუბულურმა ჭიდაობა...

და მერე როგორი! ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1979, 1981), სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა (1976, 1979 პირადში, 1977 გუნდურში), 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ნოვიკოვი დაამარცხა, ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, 1980 წელს მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა. მის სასპორტო კოლექციას სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოებიც ამშვენებს. იგი პირველი ქართველი ფალავანია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და დღემდე ერთადერთია, ვინაც ჩვენებურთაგან ეს ტიტული ორჯერ დაიმსახურა.

ეს ბიჭი გაგიჟდაო...

- ფიზიკურად ბავშვობიდანვე ძლიერი ვიყავი. მამას სახლის მშენებლობაში რომ ვეხმარებოდი, მეორე სართულზე ცემენტის ხსნარით სავსე ოთხ-ოთხი ვედრო ამქონდა ერთდროულად, - გაიხსენა ჭაბუკობის წლები თემურ ხუბულურმა, - თუმცა მოუქნელს ხშირად მერეოდნენ ბიჭები ნახერხმოყრილ სარბიელზე. 14 წლისა ახლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან, მე კი მაშინ მივედი პირველად ჭიდაობის სექციაში საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ გივი ზაუტაშვილთან, რომელიც გორის ბამბეულის კომბინატის დარბაზში სამბისტებს ავარჯიშებდა. ერთი მოზრდილი ოთახი იყო, მოუწყობელი, დღევანდელი ახალგაზრდები შიგ შესვლასაც რომ არ იკადრებდნენ. არადა, იქ სახელოვან ფალავნებს - შოთა ჩოჩიშვილსა და შოთა ხაბარელსაც უვარჯიშიათ. თავიდან ბიჭების ელვისებურ ფანდებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ასეთ ჭიდაობას ოდესმე თუ ვისწავლი-მეთქი. თავს არ ვზოგავდი. ყოველდღე დავდიოდი გორში. ხან - მატარებლით, ზოგჯერ სამგზავრო ფული რომ არ მქონდა, ფეხით დავადგებოდი გზას - ჯერ ძუნძულით, მერე ტემპს ვუმატებდი, რომ მიმესწრო, რადგან ბატონ გივის დაგვიანება არ უყვარდა, მისთვის საპატიო მიზეზები არ არსებობდა.

- მერედა, ეს "კროსები" ხომ გამოგადგათ?

- თან როგორ! ორი თვის შემდეგ სამბოში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა მოვიგე. 1972 წელს 18-წლამდელებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. იმ წელიწადს შოთა ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

- და ბატონი შოთა გახდა თქვენი კერპი?

- ცხადია. ის ხომ ჩემი რაიონელია. თუმცა უფრო ადრე გივი კარტოზიათი მოვიხიბლე. ბავშვობისას სადღაც წავიკითხე მასზე სტატია - "გამძვინვარებული ვეფხვი შავი ხის დარბაზში". სათაურმა მომხიბლა. ვინ იცის, მაშინ რამ არ გამიელვა თავში. ეტყობა, მაგალითს დიდი ძალა აქვს. ბატონი გივი კარტოზია გახდა ჩემთვის მისაბაძი როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

- ძიუდოს როდის გაუგეთ გემო?

- 1973 წელს, როცა სტუდენტი გავხდი და გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დარბაზში სახელოვან მწვრთნელსა და პიროვნება გურამ პაპიტაშვილს დავუკავშირდი. ძიუდოში სასახელო ტრადიციები ჰქონდა ჩვენს ქალაქს და მისი შელახვა არ მინდოდა. როგორც გითხარით, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ტექნიკაში მოვიკოჭლებდი. მის დასაუფლებლად კი შრომა არ მეზარებოდა. სხვები ორ საათს რომ მეცადინეობდნენ, მე ხუთ საათს ვვარჯიშობდი. მწვრთნელი რომ მეტყოდა, ეს ილეთი 100-ჯერ გაიმეორეო, მე 200-300-ჯერ ვიმეორებდი. დილაობით სოფელში ბევრს დავრბოდი - მტკვარზე გავდიოდი, მთაზე ავდიოდი...

კვირაობით სხვები რომ ისვენებდნენ, მე 15-კილომეტრიან კროსებს ვაწყობდი. მეზობლები ერთმანეთს ეჭორავებოდნენ, ეს ბიჭი გაგიჟდაო. ყურს არავის ვუგდებდი - მიზანი მქონდა და მისთვის უნდა მიმეღწია. გარჯამ შედეგიც გამოიღო. 1974 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავედი, სადაც ამირან მუზაევთან დავმარცხდი. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიმიწვიეს და ბრაზილიაში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე წამიყვანეს. მძიმე წონაში დამაყენეს, არადა, 92 კილო ვიყავი.

რიო დე ჟანეიროში აწონვისას გერმანელი ორმეტრიანი გიგანტი (130 კილო იყო) ოლბერგი დამადგა თავზე - შენი სასწორი იქით არისო, მითხრა და ქვემძიმეწონოსნებისკენ მიმითითა. არა, მძიმეში უნდა ვიჭიდავო-მეთქი. გადაიხარხარა. ნახევარფინალში სწორედ მას შევხვდი. დარბაზში 25 ათასამდე კაცი ესწრებოდა შეჯიბრებას. რამდენიმე ილეთი ჩავუტარე ოლბერგს. ოთხი იუკოთი შეაფასეს, არადა, ორისთვის ვაზარის მიცემაც შეიძლებოდა. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 30 წამი იყო დარჩენილი, მსაჯებმა რომ გამაფრთხილეს - წითელ ზოლზე ფეხი დააბიჯეო. "კეიკუკუ" მაშინ ვაზარის უდრიდა. ვიგრძენი, რომ ვაგებდი და ვეძგერე ოლბერგს - კიდევ ერთი იუკო ავართვი. მეტოქე გამირბოდა. მსაჯები კი შენიშვნასაც არ აძლევდნენ, მეტიც - მეორედ გამაფრთხილეს და გამარჯვებულად გერმანელი გამოაცხადეს. დარბაზში გამაყრუებელი სტვენა და ყიჟინა ატყდა, ტრიბუნებიდან "კოკა-კოლას" ქილები წამოვიდა. არბიტრები დარბაზიდან გააპარეს.

შეჯიბრება 40 წუთით შეწყდა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილება არავის შეუცვლია. ოლბერგი მერე ფინალში იაპონელთან დამარცხდა. დაჯილდოებისას ის თავის ვერცხლის მედალს მაძლევდა, მაგრამ ხომ არ გამოვართმევდი?! ამ ეპიზოდის შესახებ მაშინდელ გაზეთ "კომუნისტში" სტატიაც დაიბეჭდა სათაურით - "წესი ყველასთვის წესია". გაგრძელება