"გორში რომ შევედით, ეს რა ქალაქიაო, მკითხა. პასუხი რომ მიიღო, აღფრთოვანდა: "სადაც სტალინი დაიბადა? აქედან ისე არ წავალ, მისი სადღეგრძელო არ დავლიოო"
11-04-2019
"გორში რომ შევედით, ეს რა ქალაქიაო, მკითხა. პასუხი რომ მიიღო, აღფრთოვანდა: "სადაც სტალინი დაიბადა? აქედან ისე არ წავალ, მისი სადღეგრძელო არ დავლიოო"
ფოტო:ალექსანდრე მეტრეველი
- რატომ ჩოგბურთი? - ვკითხე ერთხელ ვეტერან ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს.
- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. უფროსი ძმა ვარჯიშობდა "დინამოს" იმ კორტებზე, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს. ერთ დღეს მეც თან გამიყოლა. ტრიბუნიდან ვუყურებდი მის თამაშს. მწვრთნელმა არამ ხანგულიანმა ჩემს ძმას ჰკითხა, ის პატარა ბიჭი ვინ არისო. რომ გაიგო, ვინც ვიყავი, კორტებზე მიხმო.

გული მწყდება, რომ ის სარბიელი მოშალეს. უწინ იქ კუნძული იყო და ნაგავსაყრელად იყენებდნენ. ლავრენტი ბერიას მეუღლე თამაშობდა ჩოგბურთს. ხანგულიანს მისთვის შეუჩივლია,
კორტები არ გვაქვსო. იმ ქალბატონს კი ქმრისთვის უთხოვია. ორი კვირის შემდეგ თურმე ჩოგბურთელებისთვის ეს ტერიტორია გადაუციათ და კორტები მოუწყვიათ. იქ ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში კალათბურთის თამაშისთვისაც მიყურებია მამასთან ერთად. ერთხელ "დინამოს" და მოსკოვის ცსკა-ს მატჩს დავესწარით. ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდნენ ჩვენს გუნდში...

მე ჩემი
გავაკეთე


წლეულს 2 ნოემბერს, სახელოვან ქართველ ჩოგბურთელს, 1973 წლის უიმბლდონის ფინალისტ ალექსანდრე მეტრეველს 75 წელი შეუსრულდება.

დაიბადა თბილისში 1944 წელს. ჩოგბურთში ვარჯიში 7 წლისამ დაიწყო. პირველ გამარჯვებას 17 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც საკავშირო პირველობაზე ერთეულთა თანრიგში ახალგაზრდებს შორის უძლიერესის წოდება არავის დაუთმო. უცხოეთში კი დიდი წარმატება უიმბლდონზე იგემა. იგი ერთადერთი ჩოგბურთელია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა (ერთხელ ერთეულებში, ორჯერ შერეულ თანრიგში ოლგა მოროზოვასთან ერთად). 18 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელ ვაჟთა ათეულში შედიოდა, აქედან - 12-ჯერ პირველ ნომრად. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ალექსანდრე მეტრეველის წარმატებები "დევისის თასის" შეჯიბრებაში.

სასპორტო კარიერის განმავლობაში ალექსანდრე მეტრეველი 29-ჯერ გახდა ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონი; ერთეულთა, შერეულ და წყვილთა თანრიგში ევროპის პირველობებზე 16-ჯერ მიაღწია წარმატებას. არის აზიის ჩემპიონი, მოგებული აქვს სკანდინავიისა და შვედეთის ღია პირველობები, ასევე კენტის საგრაფოსა და ქაიროს პირველობები, ორჯერ - 1971 და 1972 წლებში ავსტრალიის ექვსივე შტატის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამის გამო ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. პროფესიით ჟურნალისტი ამჟამად ტელეკომპანია ნტვ პლუსის კომენტატორია...

- ეტყობა, ჩოგბურთი თქვენი სახეობა აღმოჩნდა, რადგან წარმატებებს ადრეულ ასაკში მიაღწიეთ...
- ჭაბუკობისას თბილისის ღია პირველობა მოვიგე, ქუთაისელი და ბათუმელი ჩოგბურთელებიც მონაწილეობდნენ, - მითხრა ბატონმა ალექსანდრემ. - 14 წლისამ მოსკოვში ზამთრის საკავშირო პირველობაზე ვითამაშე 1958 წელს. ნაკრების მწვრთნელებმა შემნიშნეს, შეკრებაზე მიმიწვიეს. მერე "დინამოს" საკავშირო ჩემპიონატზე ვაჯობე ყველას და პირველი ფასიანი ჯილდოც მაშინ დავიმსახურე - მაჯის საათი ჩინური ციფერბლატით. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა და, ეტყობა, აზიელებმა შეკვეთილი საათების წაღება ვერ მოასწრეს. ამ ტურნირიდან საერთაშორისო სარბიელისკენ გამეხსნა გზა.

- რომელმაც უიმბლდონამდე მიგიყვანათ...

- დიახ, ახალგაზრდებში. საკავშირო შეკრებებისას უფროსები ჩვენთან თამაშს არ კადრულობდნენ, თანატოლებს კი ვუგებდი. ამიტომ გოგონებს ვირჩევდი სპარინგპარტნიორებად. განსაკუთრებით ანა დმიტრიევას დავუახლოვდი. ეს ურთიერთობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა. უჟგოროდში საკავშირო შეკრებისას იქაურ სკოლაში დავდიოდი ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს, რომ სწავლაში არ ჩამოვრჩენილიყავი. პირველი საერთაშორისო ტურნირი ლენინგრადში ვითამაშე. ფინალში მე და ნუგზარ მძინარიშვილი დავუპირისპირდით ერთმანეთს.

ეს იყო ჩვენი პირველი წარმატება. ნუგზარი დიდ ჩოგბურთს ჩამოშორდა. მე კი ტურნირებზე ვიყავი ბელგიაში, ავსტრიაში, ფინალები ვითამაშე. მერე უიმბლდონის ახალგაზრდულ ტურნირზე მოვხვდი. კარგი სტარტი ავიღე. შუა კვირას დასვენების დღე იყო. ქალაქგარეთ გავედით და ევროპელები სამხრეთამერიკელ ჩოგბურთელებს შევხვდით ფეხბურთში. მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მუხლი დავიზიანე. მეორე დღეს ტკივილგამაყუჩებლები გამიკეთეს, ისე გავედი კორტზე. ფინალამდე მაინც მივაღწიე, იქ კი ცნობილი ფეხბურთელის - სტენლი მეტიუზის შვილთან დავმარცხდი. დღეს მას ამერიკაში თავისი საჩოგბურთო აკადემია აქვს.

კონორსს სძლია, მაგრამ...

- უფროსებში როდის გადაინაცვლეთ?
- მალევე. უიმბლდონის ტურნირის შემდეგ გერმანიაში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე სათამაშოდ წამიყვანეს. მესამე დღეს გამომიყვანეს კორტზე, როცა მატჩი წაგებული იყო - გამოცდილების მისაღებად. მაშინ ალემანებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდათ. ორი წლის შემდეგ, როცა უკვე საკავშირო ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, ორჯერ შევხვდით გერმანელებს და ორჯერვე მოვუგეთ დიუსელდორფში. სხვათა შორის, იქ დღესაც კარგი საჩოგბურთო კლუბი აქვთ, ბოლო დროს მათი სახელით ჯერ გერმანიის ვეტერანთა, მერე ევროპის პირველობა მოვიგე. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?