დავძლიოთ შეტევის შიში!
ანუ როდის იქცევიან კურდღლები ლომებად

საქართველო 1 - 0 მალტა


თითქმის 1000-დღიანი(!) პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწია. მართალია, მოგება მსაჯის მიერ დამატებით წუთზე მოვახერხეთ და არც მეტოქე გვყავდა ციდან ვარსკვლავების მკრეფავი, მაგრამ იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენი გუნდია, ნებისმიერი წარმატება მიღწევაა.

მალტასთან შარშანდელი მარცხის გამო პირადი ანგარიში გვქონდა გასასწორებელი. კუნძულელებთან წაგება იმითაც იყო სამარცხვინო, რომ იმ მატჩში ყოვლად უსუსურად ვითამაშეთ და იქამდე დავეცით, რომ მთელი საფეხბურთო სამყაროს
დასაცინი გავხდით. როცა ეროვნული ნაკრები ასეთ კატასტროფულ ზღვარს მიაღწევს, ყველაფერთან ერთად მის წევრებს ფსიქოლოგიური წნეხიც აწვებათ და მათთვის გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩანერგვა იგივეა, კურდღელს ლომობა მოსთხოვო. ამიტომაც იყო, ამხელა პაუზის მერე ბოლო წუთზე რომ მოვიდა ნანატრი მოგება.

გაუჭირდათ ბიჭებს იმის დაჯერება, რომ დაცვაში ჩაკირული მეტოქის (თუნდაც
მალტის) გატეხა შეეძლოთ. მადლობა ღმერთს, ქეცბაიას ხელში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა და რაც მთავარია, გუნდი თავგამოდებით იბრძვის მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ ჟინმა და მიზანსწრაფვამ მოგვიტანა სამი ქულა.

კაცმა რომ თქვას, ქართველებმა აუტკივარი თავი ძალად აიტკივეს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ფეხბურთის უმთავრესი კოზირი ფლანგური გარღვევები და სწრაფი ტემპით ცეცხლოვანი შეტევაა. სამწუხაროდ, ასეთ სტილს სათანადო შემსრულებლები სჭირდება. ფლანგზე ერთი კაცის მოტყუება, თავის აწევა და ზუსტი გადაცემის გაკეთება მეტოქის საჯარიმოში დაუძლეველ ბარიერად გვექცა.

არავინ ითხოვს, რომ დღესვე ყველა მესხი და მეტრეველი იყოს, მაგრამ თავდამსხმელმა ერთი-ერთზე მცველი როგორ ვერ უნდა მოატყუოს? ვის სჭირდება ცენტრში მატაობა, როცა სადაც საჭიროა, იქ ვერ ჩამოიცილებ მეტოქეს? აქაც ვაწყდებით ფსიქოლოგიურ პრობლემებს - ეშინიათ ბიჭებს გარღვევაზე წასვლის, შეტევის ბოლო ფაზაში ძალიან აკლიათ სითამამე, ზუსტად ის, რაც გააკეთა ასათიანმა მეორე ტაიმში, როცა ბრწყინვალე დრიბლინგით ჩამოიცილა ოთხი მცველი და საგოლე მომენტი შექმნა.

მეორე ფაქტორი: გამაგებინოს ვინმემ, როდის აპირებს ჩვენი ნახევარდაცვა კარში შორიდან დარტყმას ან საერთოდ აპირებს თუ არა? ასეთ ამინდში, ასეთ მინდორზე რომ შორეული დარტყმები პრობლემებს შეუქმნიდა მეტოქის მოხტუნავე გოლკიპერს, ეს ხომ ნათლად ჩანდა? გოგუამ დაარტყა პირველ ტაიმში და ეგ იყო(!). ჩვევად გვექცა, მაინცდამაინც კარში უნდა შევაღწიოთ მატაობით. ასე არაფერი გამოვა, მალტა რომ მალტაა, ხომ ნახეთ, ჩაგვიჯდა დაცვაში და საჯარიმოს არ მიგვაკარა.

აქტიურობა უნდა, გახსნა, უბურთოდ მეტი მანევრირება, ერთი ნაბიჯით დასწრება ყველგან. მცველები რომ გაუთავებლად ერთმანეთში აგორებდნენ ბურთს და სტვენით გასკდა გულშემატკივარი, რისი ბრალი იყო? რისი და, წინ არავინ იყო თავისუფალი. ახლა "ბარსელონასთან" შედარება მკრეხელობაა, მაგრამ ხომ შეიძლება მათ თამაშს დააკვირდნენ და ის მაინც ისწავლონ, როგორ აკეთებენ თუნდაც მოკლე პასებს ესპანელები:

შეუძლებელია ბურთიანი მოთამაშე სადმე მიამწყვდიოს მეტოქემ. საითაც უნდა გაიხედოს, ყოველთვის ჰყავს პარტნიორი ბურთის მისაღებად გამზადებული. ამის მიღწევას კი ისეთი ოფლის ღვრა სჭირდება, გასახდელში ფეხები ძლივს უნდა შეგქონდეს. რამდენჯერ უთქვამთ სახელოვან ქართველ ფეხბურთელებს, ვარჯიშის შემდეგ კიდევ დავრჩენილვართ და ნაკლზე გვიმუშავია საათობითო(!).

წინათ ამ ნაკლს ან ვერ ხედავდა გუნდის თავკაცი, ან ხელი ჰქონდა ჩაქნეული. კონტრაქტის ვადას ტაბელივით გადააბრუნებდა და ჩემოდანს ჩაალაგებდა (ყველაფერთან ერთად სოლიდურ ჰონორარსაც, ოღონდ რაში, ეს არავინ იცის).

უკვე ჩანს, რომ თემურ ქეცბაია რეალურად აფასებს მოვლენებს და ისიც იცის, რომ რა კონტინგენტიც ჰყავს, იმით უნდა გამოწუროს შედეგის მაქსიმუმი. პროგრესი მართალია მძიმედ, მაგრამ მაინც დაწყებულია. მეექვსე თამაში მიიწურა, რაც საქართველოს თამაში არ წაუგია(!) და ეს უკვე საქმის დასაწყისია. გუნდი დალაგდა, ღობე-ყორეს აღარავინ ედება და ყველამ იცის, სად უნდა იდგეს, ანუ სწორ თამაშს მიეჩვია ნაკრები, სწორს და არა გამართულს, რადგან ჯერაც ბევრი აქვს დასახვეწი.

მწვრთნელმა სულაც რომ დაგიღეჭოს ტაქტიკა და სტრატეგია, უშუალო შემსრულებელი მოედანზე მაინც შენ ხარ - ფეხბურთელი და ცხრაპირი ტყავი უნდა აიძრო მატჩიდან მატჩამდე საკუთარი თამაშის ხარისხის მოსამატებლად. მონდომება როგორ არა აქვთ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, მეტია საჭირო, არ მოდის სხვანაირად დიდი გამარჯვებები.

კარგი ის იყო კიდევ, რომ ნაკრებს ფარ-ხმალი არ დაუყრია. უნიათოდ ჩატარებული პირველი ტაიმის მერე, ქეცბაიამ ორი ცვლილება შესვენებაზევე გააკეთა და ორივემ გაუმართლა. იაშვილმა მარჯვენა ფლანგზე აშკარად გამოაცოცხლა თამაში და ანანიძესთან ერთად ბევრი თავსატეხი გაუჩინა მალტელებს, სირაძემ კი იქ თქვა თავისი სიტყვა, სადაც საჭირო იყო და რაც მისი უმთავრესი კოზირია: ფლანგიდან კალაძის ჩაწოდებულს ზუსტად დაუხვედრა თავი და ლამაზი გოლი გაიტანა.

კი ბატონო, მოვიგეთ და ახლა ეს არის მთავარი. მატჩის მერე ვიღაცამ თქვა, - რას დავეძებ თამაშის ხარისხს, ნეტა სულ ასე მოგვაგებინაო.
ჯერ ერთი, სულ ასე ვერ მოიგებ, რადგან თუ თამაშის ხარისხზე არ იზრუნე, ხვალ უკვე კარამდეც ვერ მიაღწევ და მეორე - ვის რად უნდა მხოლოდ შედეგი, თუ არ იქნა ის სილამაზე, რისთვისაც გვსიამოვნებს ფეხბურთის ყურება.

ახლანდელებს ლასანა დიარა ჰგონიათ ყოვლისშემძლე და რომ ენახათ 80-იანი წლების დასაწყისის ქართული ფეხბურთი, აღარ იტყოდნენ, რომ მალტასთან ბოლო წუთზე ძლივს გატანილი გოლი ყოფილა დამაკმაყოფილებელი თუნდაც შედეგის თვალსაზრისით. ასეთ თამაშებში, თუკი გაცნობიერებული გაქვს, რა დიდი ფეხბურთელების ტრადიციას აგრძელებ, ერთი კი არა, ხუთი გოლი უნდა გაიტანო, არათუ მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში.

ახლა ლატვიასთან თამაში გველის წინ. ეს ის ლატვია არ გეგონოთ, პირველ ლიგაში რიგის "დაუგავა" რომ ჰყავდათ და წინასასეზონო შეკრებებისას თბილისის "დინამოს" დუბლების დუბლები პოლკა-მაზურკას აცეკვებდნენ მინდორზე. ისწავლეს ფეხბურთის თამაში ბალტიისპირელებმა. ეს ჩვენ გვაქვს კუდი ყავარზე გადებული, თორემ მათ დიდი შრომით იმდენს მიაღწიეს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს(!). ხომ ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ თავდადება დაუფასდათ.

ასეთ გუნდს ვეთამაშებით მისივე მოედანზე. მე თუ მკითხავთ, ახლა ჩვენთვის სულერთია, მეტოქედ მალტა გვეყოლება, ლატვია თუ გერმანია. თუკი ფეხბურთელს გაზრდა და წინსვლა უნდა, ამას გრანდთანაც მოახერხებს და აუტსაიდერთანაც. გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელსაც უნდა ენდო, დაუჯერო და სადაც კვიპროსული ფეხბურთი გაიყვანა დიდი გუნდების მარაქაში, ქართულ ფეხბურთსაც მიხედავს.
aleko
17 ოქტომბერი 2010 15:16
ვიყავი მაგ თამაშზე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის რო გეთქვა მთელ მალტის ნაკრებს მოატყუებდნენ, კარში კი მაინც არ დაარტყამდნენ. თუ ეგრე გააგრძელეს დაკომპლექსდებიან და მერე უფრო გაუჭირდებათ კარში დარტყმა.
tamuna
12 ოქტომბერი 2010 03:23
..და საერთოდ,ნეტავ რამდენი ხანია რაც პენალტი არ დაგვირტყავს?...იქნებ ლატვიასთან მაინც მოვიპოვოთ პენალტის უფლება?...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები