შერმადინი "ოლიმპიაში" - კვირის პალიტრა

შერმადინი "ოლიმპიაში"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი, 216 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე გიორგი შერმადინი, ბერძნული "პანათინაიკოსიდან" სლოვენიის "ოლიმპიაში" გადაბარგდა.

გიორგი მეოთხე ქართველია ვლადიმერ სტეფანიას, ვლადიმერ ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილის შემდეგ, ვისაც ლუბლიანას "ოლიმპიაში" უთამაშია. შერმადინი ჯერაც ბერძნული კლუბის საკუთრებაა და სლოვენიის უძლიერეს კლუბში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ქართველმა ცენტრმა "პანათინაიკოსში" ორი სეზონი გაატარა, თუმცა, ვარსკვლავებით გადაჭედილ ევროგრანდში თავის დამკვიდრება ჯერაც ვერ მოახერხა და დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

ქართველ კალათბურთელს ლუბლიანაში გაცილებით მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, კლუბი კი მისი სახით ვაკანტურ პოზიციას შეავსებს. შერმადინი უკვე დაემშვიდობა "პანათინაიკოსის" მოთამაშეებს და ახალი კლუბის შემადგენლობაშიც გამოჩნდა. ლუბლიანაში გიორგი მარტო არ იქნება - ვლადიმერ ბოისამ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მწყობრში ახალი წლისთვის ჩადგება, უკვე გადაწყვიტა, რომ ამჟამინდელი კლუბის, ხორვატიული "ზადარის" ნაცვლად, გამოჯანმრთელების შემდეგ, კარიერას ისიც "ოლიმპიაში" გააგრძელებს...