ვიცე-ჩემპიონი ტოჩინოშინი - კვირის პალიტრა

ვიცე-ჩემპიონი ტოჩინოშინი

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ სექტემბრის ბაშო სამივე ქართველი სუმოისტისთვის წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით ისახელა თავი სუმოს ელიტური დივიზიონის

ყველაზე ახალგაზრდა მოჭიდავემ - 22 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც ტოკიოს სუპერტურნირზე კომუსუბის ტიტული დაიბრუნა, გასულ კვირას კი სუმოს ყველაზე პრესტიჟული ერთდღიანი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით იმართება: წააგე? - წადი! ჰოდა, რაც უნდა საკვირველი იყოს, პირველივე ტურში მოუხდა "წასვლა" ჩემპიონთა ჩემპიონ იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომელიც პირველი სუმოისტია, ვინც ბოლო სამი ბაშო წაუგებლად ჩაამთავრა! ჰაკუჰოს ბოლო 62(!) ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა და როგორც უკვე ვთქვით, პირველად ერთდღიან ტურნირზე წაიფორხილა ამინიშიკისთან. ტოჩინოშინიმ კი, ქართველმა სუმოისტმა, ფინალამდე მიაღწია და მხოლოდ გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა ესტონელ გოლიათ ბარუტოსთან.