ქართული სპორტი "ლელოთი" იწყება! - კვირის პალიტრა

ქართული სპორტი "ლელოთი" იწყება!

"ლელო" 85 წლის არის, მისი საპატიო რედაქტორი 80-ის! გაზეთის 15 583-მა ნომერმა უკვე იხილა დღის სინათლე... და კიდევ ბევრს იხილავს - გაზეთის ნომერსაც და ქართული სპორტის წარმატებასაც!

აპრილი "ლელოს" თვეა. ორმაგი იუბილეს თვე: ყველა თაობის საყვარელი გამოცემა 13 აპრილს 85 წლის გახდა, რამდენიმე დღეში კი გაზეთის რედაქტორმაც დაამრგვალა მერვე ათეული წელი! ნახევარ საუკუნეზე მეტია, თენგიზ გაჩეჩილაძე ამ გაზეთში მუშაობს, აქედან 30 წელზე მეტი, მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. ასე რომ, ევროპის მასშტაბითაც კი, ამ მხრივაც უნიკალურია ერთ-ერთი უძველესი გაზეთი.

პირველი სპორტული გაზეთი რვა ათეულ წელზე მეტია ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ერთდროულად იყო ჭარმაგიცა და თანამედროვეც - თუ საინტერესო და ობიექტურია, გაზეთი ციფრულ საუკუნეშიც ახერხებს მკითხველის შენარჩუნებას. დიახ, დღესაც, როცა სპორტის ყველა სახეობა ხელისგულზე დევს, როცა იოლად შეგიძლია ლამის ნებისმიერი შეხვედრის"ლაივი, ჩანაწერი ან სტატისტიკა ნახო, სპორტის მოყვარულთათვის დღე მაინც "ლელოს" ყიდვით იწყება, რადგან ინტერნეტში გუშინდელი თამაშის ანგარიშის ნახვა ან ტოტალიზატორის ფსონის ხათრით ნანახი ფეხბურთი ერთია, სპორტული ასპარეზობის ანალიზი და საინტერესო ინტერვიუ - მეორე! მთავარი სპორტული გაზეთის ჟურნალისტების უმეტესობა ხომ იმავდროულად, ექსპერტი და ანალიტიკოსიც არის და სპორტის ამა თუ იმ სახეობაშიც ჩინებულად ერკვევა! ცალკე თემაა გაზეთის ობიექტურობა და აკადემიური სტილი, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის "ლელო" ოფიციალურად არის აღიარებული დამხმარე სახელმძღვანელოდ და ამას გაზეთთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმიც ადასტურებს!

დღეს ქართულ სპორტთან სწორედ ეს გაზეთი ასოცირდება. მეტსაც ვიტყვი - ქართული სპორტიც "ლელოთი" იწყება!

ცხადია, სპორტი და წარმატებები მანამდეც გვქონდა, მაგრამ საქართველოში საგაზეთო სპორტული ჟურნალისტიკა, სპორტული ამბების მკითხველამდე მიტანა, სწორედ "ლელომ" დაიწყო. თავდაპირველად, სხვა სახელწოდებით ("საქართველოს ფიზკულტურელის" პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს დაიბეჭდა, "ლელო" 1949 წლიდან ეწოდება), მაგრამ რაც მთავარია, დაიწყო და 85 წელიწადია, ქართული სპორტის ერთი წარმატებაც არ გამორჩენია.

"ლელო" არის გაზეთი, რომელიც პირველი ნაბიჯებიდან მოჰყვება ქართულ სპორტს და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იქცა მკითხველის საყვარელ გამოცემად, მასთან ერთად იზიარებს წარმატებასა თუ რთულ პერიოდს, საჭირო დროს არც ობიექტურ კრიტიკას ერიდება და დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორიც მრავალი ათეული წლის წინ! დღეს, როცა ინტერნეტი სავსეა ქართულ-უცხოური ვებგვერდებით, რომლებიც ბეჭდურ მედიას ოპერატიულობითაც უსწრებენ და არც სხვისი ნაშრომის კოპირებაზე ამბობენ უარს, "ლელო" მაინც თავის ადგილზეა - იქ, სადაც 1934 წლის 13 აპრილიდან დგას - ქართული სპორტის გვერდით, მისი წარმატებების ჩვენამდე მოტანით, თანადგომითა თუ ობიექტური კრიტიკით.

"ლელო" 85 წლის არის, მისი საპატიო რედაქტორი 80-ის! გაზეთის 15 583-მა ნომერმა უკვე იხილა დღის სინათლე... და კიდევ ბევრს იხილავს - გაზეთის ნომერსაც და ქართული სპორტის წარმატებასაც!

საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება "ლელოსავით" სტაბილური, წარმატებული და პოპულარული ბრენდები. რადგან ჯერ კიდევ ბევრი ლელოა გასატანი რაგბიშიც, მთლიანად ქართულ სპორტშიც და ქვეყანაშიც.