სპორტისა და რეკორდების ქალაქი - კვირის პალიტრა

სპორტისა და რეკორდების ქალაქი

შარშან საჭადრაკო სამყაროს ეპიცენტრი იყო, ამჯერად კი ბათუმმა ძალოსნობაში სცადა ბედი: 6-13 აპრილს სწორედ აჭარის მთავარმა ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. განახლებული წონითი კატეგორიები, ახალი რეკორდები და 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კონტინენტის პირველობას ყველა სტუმარი (ტურნირში 44 ქვეყნის ოთხასზე მეტი ძალოსანი მონაწილეობდა - რ.შ.) მოუთმენლად ელოდა, თუმცა, ცხადია, მასპინძლები მაინც განსაკუთრებით ვნერვიულობდით. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოს მეორედ ანდეს, თუმცა მას შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა, პასუხისმგებლობამაც იმატა, სტანდარტმაც და მოლოდინმაც, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამო! დიახ, 2015 წელს არც ასეთი ძლიერი შემადგენლობა გვყოლია და არც ლაშა ტალახაძეს დაეწყო მედლებისა და რეკორდების შეგროვება... გარდა ამისა, მასპინძელს მუდამ ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია და გამონაკლისი არც ეს ტურნირი ყოფილა.

საბედნიეროდ, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ტურნირს პრობლემა არ შეჰქმნია. მეტიც, სტუმრების უმეტესობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტინენტის პირველობა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული! რაც შეეხება სპორტულ მხარეს, საწუწუნო არც ამ მხრივ გვაქვს - ვისგანაც ველოდით, გაამართლეს კიდეც... სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ტურნირის ყველაზე საინტერესო, დასკვნით დღეზე ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით, თუმცა უკვე გეცოდინებათ, როგორ იასპარეზეს ჩვენმა მძიმეწონოსანმა ფალავნებმა: ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ), ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) და ირაკლი თურმანიძემ (+109 კგ), ასევე, ანტონ პლესნოიმ (96 კგ), რომელიც ფიცარნაგზე პარასკევ საღამოს გავიდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართველი მედალოსნებიც: შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარდგა, მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტრავმის მიუხედავად, მიშველიძემ აკვრაში 156 კილოგრამი დასძლია, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ აკვრაში ვერცხლის, ხოლო ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გარდა ამისა, 23-წლამდელთა შორის ევროპის 3 რეკორდიც დაამყარა.

20 წლის რევაზ დავითაძემ (89 კგ.) ატაცში 170 კილოგრამი დასძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. რევაზმა 200 კილოგრამი დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში. ამას გარდა, მან ორჭიდის ჯამში 370 კილოგრამი მოაგროვა და ვერცხლის კიდევ ერთი მედლის მფლობელი გახდა.