"რუსები ჩასაფრებული იყვნენ, როდის დამიცდებოდა ფეხი" - კვირის პალიტრა

"რუსები ჩასაფრებული იყვნენ, როდის დამიცდებოდა ფეხი"

"უზბეკეთის დედაქალაქში 100 და 200 მეტრზე რბენები მოვიგე, ჩემმა მეუღლემ 200 მეტრზე საპრიზო ადგილი დაიკავა. მერე პრესაში დაიწერა, ერთმა ოჯახმა იმაზე მეტი ქულა მოუტანა საქართველოს, ვიდრე ხუთმა სახეობამ ერთადო"

კონიაკის დასახლებიდან ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე

სეულის ოლიმპიადის ბრინჯაო (1988), ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქრო (1994), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის (1987) პირველი ადგილები 100 და 200 მეტრზე რბენაში, "კეთილი ნების თამაშების" (1986) ვერცხლი, "მეგობრობა-1984"-ის ორი ბრინჯაო, სსრკ თასი (1988) - აი, არასრული სია იმ ჯილდოებისა, რომლებიც სახელოვანი მძლეოსნის - მაია აზარაშვილის კოლექციას ამშვენებს.

1964 წლის 6 აპრილს თბილისში - "კონიაკის დასახლებაში" დაბადებულ-გაზრდილ გოგონას ბუნების წიაღში მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, თანატოლებს გაჯიბრებოდა რბენაში, ბურთაობაში. სხარტი, მოქნილი ბავშვი იყო და მშობლებმა გადაწყვიტეს, ტანვარჯიშის სექციაზე მიეყვანათ. მწვრთნელებმა დაიწუნეს - ჩვენი სახეობისთვის ძალიან მაღალიაო.

მათივე რჩევით ჩოგბურთის კორტებს მიაკითხეს. ორი წელიწადი ივარჯიშა გაიოზ საბანაშვილთან. 1975 წლის ზაფხულში ჩოგბურთელები საწვრთნელ შეკრებაზე თიანეთში იმყოფებოდნენ. იქვე "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებიც ვარჯიშობდნენ. ნორმატივების ჩაბარებისას მაია აზარაშვილმა ყველა მძლეოსანს, მათ შორის - ვაჟებსაც, აჯობა. იმ დღიდან მძლეოსანთა მწვრთნელმა გოგი გოზალიშვილმა აზარაშვილების სახლის კარი აატალახა - ეს გოგო მანდეთ და მისგან კარგ მორბენალს გავზრდიო.

ალქაჯი ვაჟების წინააღმდეგ

"მძლეოსნობაში ვარჯიშის დიდი სურვილი არ მქონია, მაგრამ მშობლებს ხათრი ვერ გავუტეხე, - იხსენებს ბავშვობის წლებს ქალბატონი მაია. - გლდანის სკოლა-ინტერნატში მისაღებად ნორმატივები უნდა ჩამებარებინა 60 მეტრზე რბენაში, ბურთის ტყორცნასა და ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში. სხვებიც იყვნენ, სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, თან სულ ვაჟები, ერთი გოგონაღა ვერიე.

გულისტკივილით ვიხსენებ იმ დღეს: დიდი ცოდვა ჩავიდინე - ყველა დავჯაბნე. მწვრთნელებმა იმ ბიჭებს სკოლა-ინტერნატში მიღებაზე უარი უთხრეს, გოგომ გაჯობათო. მშობლებმა უხასიათოდ აკრიფეს ბარგი-ბარხანა უკან გასაბრუნებლად. ერთმა ქალბატონმა ვეღარ მოითმინა და შემომიტია - ეს გოგონა კი არა ალქაჯიაო და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა.

ვარჯიშები თავიდან უხასიათოდ დავიწყე, ზოგჯერ მეცადინეობებს ვაცდენდი კიდეც, სპორტული ფორმაც არ მიმქონდა. ჩემი უფროსი დის შარვალსა და მაისურას მაცმევდნენ და მეც ჩაფართხუნებული დავრბოდი. ამის მიუხედავად, წარმატება მაინც მოვიდა, თანაც იმაზე ადრე, ვიდრე მე და ჩემი მწვრთნელი წარმოვიდგენდით. დიდი როლი, ალბათ, იმან ითამაშა, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული. ადვილად ვიტანდი დატვირთვებს.

ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, ბატონმა გოგიმ შეჯიბრებაზე რომ წამიყვანა. "ლოკომოტივის" სტადიონზე თანატოლებს შორის პირველი ადგილი დავიკავე თბილისის პირველობაზე. კვარცხლბეკზე ასვლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დღიდან უფრო სერიოზულად მოვეკიდე მეცადინეობებს.

ჩემთვის არ არსებობდა ცუდი ამინდი და ავადმყოფობა - ვარჯიშებს არ ვაცდენდი. უკეთ მომზადებაში იმანაც ითამაშა დიდი როლი, რომ ლესელიძეში ხშირად დავდიოდით შეკრებებზე. თავი მქონდა გადადებული მაღალი შედეგების მისაღწევად. ოთხი თუ ხუთი მწვრთნელი გამოვიცვალე, მაგრამ არც ერთთან პრობლემები არასდროს მქონია".

ადგილი მზის ქვეშ

"რაც პირველი გამარჯვებების გემო გავიგე, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობდი. უამისოდ საერთაშორისო სარბიელზე გასვლა წარმოუდგენელი იყო. 16 წლისას იმედისმომცემ სპორტსმენად მიმიჩნევდნენ და ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ ბევრი ძლიერი კონკურენტი მყავდა და მზის ქვეშ ადგილის მოპოვება არც ისე იოლი იყო.

ეს კი ახალგაზრდა სპორტსმენებს ემოციურად მძიმე ტვირთად გვაწვა. 1980 წელს ხარკოვში ზამთრის საკავშირო პირველობა გაიმართა. 200 მეტრზე პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ გავიცანი მთელი კარიერის განმავლობაში უშუალო კონკურენტი რუსი გალინა მალჩუგინა, ასევე, მარინა ჟიროვა. ჩვენმა სამეულმა სეულში 4X100 მეტრზე რბენაში ბრინჯაო მოიპოვა. ხარკოვის შემდეგ დაგვემატა ლუდმილა კონდრატიევა, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელიც ჩვენი კერპი იყო...

ბავშვობიდანვე მივისწრაფოდი საკავშირო ნაკრებში ადგილი შესანარჩუნებლად. რთული იყო, მაგრამ ვახერხებდი. პირველად უცხოეთში 1980 წელს გავემგზავრე. კუბაში წაგვიყვანეს. აუტანელი სიცხე იდგა. ბუღის გამო შეჯიბრებები ღამის 10 საათზე იწყებოდა. კუბელები მხიარული ხალხია. დღე ჩრდილს აფარებდნენ თავს ან ეძინათ. ღამით ერთობოდნენ, რაც ჩვენთვის უჩვეულო იყო. ამგვარ სიტუაციაში ვარჯიში და ასპარეზობა წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ რა უნდა გვექნა. სასპორტო ბაზის საერთო საცხოვრებელში დავიდეთ ბინა, რომლებსაც ფანჯრების ნაცვლად დარაბები ჰქონდა.

სტადიონიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწოლში ხან ხვლიკს, ხან კი უშველებელ ხოჭოებს აღმოვაჩენდით, რაც ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. ატყდებოდა წივილ-კივილი, მწვრთნელები ძლივს გვაწყნარებდნენ. მახსოვს, პირველ ღამეს ნერვიულობისა და შიშის გამო საერთოდ არ მძინებია. მეორე დღეს ძლივს ვიდექი ფეხზე. კუბაში სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. 200 მეტრზე ვირბინე. მე-2 ადგილი დავიკავე - გერმანელმა ჰაიკე დრექსლერმა გამისწრო... გაგრძელება