"როგორია, ათასობით კილომეტრი გაშორებს სამშობლოს, რომელსაც გიბომბავენ... იმ წუთას იმაზე ვფიქრობდი, ომით გაწამებულ ქართველებს ოდნავი შვება მაინც თუ მოვგვარე-მეთქი" - კვირის პალიტრა

"როგორია, ათასობით კილომეტრი გაშორებს სამშობლოს, რომელსაც გიბომბავენ... იმ წუთას იმაზე ვფიქრობდი, ომით გაწამებულ ქართველებს ოდნავი შვება მაინც თუ მოვგვარე-მეთქი"

ორთაბრძოლისას ისე ვფრთხილობდი, რომ მეტოქეს ნეკნი გავუტეხე ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008 წლის 8-24 აგვისტოს პეკინში (ჩინეთი) გაიმართა. ოლიმპიადის გახსნის დღეს დაემთხვა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, ოლიმპიადის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა ჩინეთის თამაშებში სამ-სამი ოქროს და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს: ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე ( ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ხოლო მესამე ადგილებზე ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) გავიდნენ.

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს...

უნებურად 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გამახსენდა - 74 კილოში მანუჩარ კვირკველია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის შვეიცარიელ ფავორიტ რეტო ბუჩერს დაუპირისპირდა. მსაჯებმა პირველი პერიოდი ჩვენებურს აშკარად წააგებინეს. მეორე რაუნდში ქართველმა ფალავანმა წონასწორობა აღადგინა, მესამეში კი ძალოსანივით მკერდამდე აიტაცა შვეიცარიელი, გემრიელად ჩაიხუტა გულში, მერე ამოატრიალა და ხალიჩაზე რომ დაახეთქა, ნირწამხდარ არბიტრებს ეგონათ, იატაკი ჩაინგრაო.

მსგავსი რამ 2008 წელს პეკინშიც გამეორდა, ისიც - ფინალში: მანუჩარმა მასპინძელთა კერპი იუნ-სიან ჩანი უკუსარტყლიდან ეფექტური გდებით ისე დაანარცხა ხალიჩას, მეტოქეს კი არა, ლამის მთელ ჩინეთს თავბრუ დაეხვა.

ძნელი გზა გაიარა კვირკველიამ ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე, თანაც ისეთი ზიგზაგებით, რომ გულშემატკივრები გვარიანად გვანერვიულა.

ოზურგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ფალავანმა (თავიდან გურამ მაჭარაშვილთან ვარჯიშობდა, მერე ჯონი რეხვიაშვილსა და ბეგი დარჩიასთან იმაღლებდა ოსტატობას) 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე კი ერთი საფეხურით დაწინაურდა. მომდევნო წელს საფრანგეთის ქალაქ კრეტიეში პლანეტის უძლიერეს ფალავნებთან პაექრობისას ყველას აჯობა. ფინალის წინ მასთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამა მისულა და შეუგულიანებია - შენ შეგიძლია საქართველოს დროშა ააფრიალო და გაგვახარო, აბა, შენ იციო.

გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე მანუჩარმა ზედიზედ დაამარცხა კანადელი ეისლი რობინსონი, პოლონელი 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რიჩარდ ვოლნი, 1997 წლის თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სერეფ ეროთლუ, რომელთანაც იმავე წლის ევროპის ჩემპიონატზე წააგო. ნახევარფინალში უნრელ ლევენტე ფურედის სძლია. მადიარმა მერე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროსთვის გადამწყვეტი პაექრობის დამატებით დროში ევროპის ვერცხლის პრიზიორი, უკრაინის სახელით მოჭიდავე არმენ ვარდანიანი დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2006 წლის მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი ერგო, მომდევნო წელს სოფიაში ერთი ამოსუნთქვით მოიგო კონტინენტის პირველობა, ხოლო ბაქოში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელი მოეცარა - მეორე წრეში თითქმის უბრძოლველად დათმო შეხვედრა გერმანელ კონსტანტინ შნაიდერთან და, მედალს ვინ ჩივის, უსაგზუროდ დარჩა. ამას კი არავინ მოელოდა. თავადაც.

2008 წლის სეზონი იღბლიანად დაიწყო: უნგრეთში ჯერ მსოფლიოს თასზე იყოჩაღა. ტრავმამოუშუშებელმა იქვე საერთაშორისო ტურნირზე კიდევ სამ მეტოქეს სძლია. ბორჯომის საწვრთნელი შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ კვირკველია ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდის შემადგენლობაში არ დააყენა, სამაგიეროდ, რომის სალიცენზიო ტურნირზე წაიყვანა, სადაც პეკინის ოლიმპიადის ოთხი საგზური თამაშდებოდა.

იტალიის დედაქალაქში მანუჩარ კვირკველიამ სტარტზე კანადელ კოლინ დეინესს იოლად სძლია (6:0, 6:0). მეორე წრეში ვარტერეს სამურგაშევს დაუპირისპირდა. გაგრძელება