"გამიმართლა, საქართველოში რომ დავიბადე!" - კვირის პალიტრა

"გამიმართლა, საქართველოში რომ დავიბადე!"

"მადლობა უფალს, ჯერ არ წამიგია, ასე რომ, ორთაბრძოლის შემდეგ, სულ "ტკბილ" და ტკბილეულის ხასიათზე ვარ"

რომან დოლიძე შერეული ორთაბრძოლების ქართველი ფალავანია, რომელმაც WWFC-ს (შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალებს შორის) ეგიდით ექვსივე ორთაბრძოლა მოიგო, ცოტა ხნის წინ კი UFC-სთან (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) გააფორმა კონტრაქტი. 30 წლის ქართველს MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველი შეხვედრა 20 აპრილს რუსეთში უნდა გაემართა დაღესტნელი ჰაჯიმურად ანტიგულოვის წინააღმდეგ, თუმცა სავიზო პრობლემის გამო დოლიძის დებიუტი ზაფხულამდე გადაიდო. 29 ივნისს ჩვენებური მინეაპოლისში შეხვდება ბრაზილიელ ვინისიუს მორეირას. თუ გაინტერესებთ, რატომ დაანება თავი პროფესიულ ფეხბურთს, რა უნდა ბათუმელ გემთმშენებელ ინჟინერს ოდესაში და რა უპასუხა ჰაბიბ ნურმაგომედოვს, წაიკითხეთ ინტერვიუ

რომან დოლიძესთან, რომელიც ახლა აშშ-ში სახელგანთქმული ჯონ ჯონსის აკადემიაში ვარჯიშობს და UFC-ში პირველი გამარჯვებისთვის ემზადება:

- მზად ხართ UFC-სთვის, რომელიც WWFC-ზე გაცილებით ძლიერი ტურნირია?

- ბრძოლისთვის სანახევროდ არასდროს მოვმზადებულვარ! ახლაც ისეთივე მონდომებით ვვარჯიშობ, როგორც აქამდე, თუმცა მეტი გამოცდილება და ტექნიკური არსენალი დამიგროვდა. მოკლედ, ჩვეულად ვემზადები, ოღონდ –გაცილებით ძლიერ კლუბში, უკეთეს სპარინგპარტნიორებთან ერთად.

- ძალიან დაგწყდათ გული, UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ზაფხულამდე რომ გადაიდო? - ორი თვე მაინც რომ მქონოდა, მოვასწრებდი რუსეთის ვიზის ასაღებად აუცილებელი პროცედურების გავლას. სამწუხაროდ, ანტიგულოვთან შეხვედრამდე მხოლოდ ერთი თვე იყო დარჩენილი.

- ასე რომ, სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად, მინეაპოლისში უნდა იბრძოლოთ ბრაზილიელი ვინისიუს მორეირას წინააღმდეგ. რა იცით მომავალ მეტოქეზე? - მომავალი მეტოქით განსაკუთრებულად არც ამჯერად დავინტერესებულვარ - ვინც უნდა შემახვედრონ, ნებისმიერს შევებრძოლები. მომავალი ორთაბრძოლის ტაქტიკა-სტრატეგიას მწვრთნელები დაგეგმავენ, მე კი მათ დავალებას შევასრულებ. ვიცი, რომ მორეირა მოჭიდავეა და ცხრა გამარჯვებიდან რვა სწორედ მტკივნეული ილეთების ხარჯზე მოიპოვა, თუმცა მისი ჭიდაობის არ მეშინია!

- რადგან გამოცდილი ხართ გრეპლინგში, ჯიუ-ჯიცუსა და საბრძოლო სამბოში, თანაც ქართველ კაცს ჭიდაობით რას გააკვირვებ?! თუ ვინისიუსს დაამარცხებთ, მოგცემენ UFC-ს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს? - სამწუხაროდ, MMA-ში უმთავრესი ყურადღება ორთაბრძოლის კომერციულ მხარეს ექცევა. მაყურებელს უყვარს სანახაობრივი ორთაბრძოლები, ილეთების კასკადი, ნოკაუტით გამარჯვება. ასე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სანახაობას ვაჩვენებთ, როგორ დაინტერესდება ჩემით პუბლიკა. UFC მოგებაზე ორიენტირებული კომერციული ორგანიზაციაა, მისი ეგიდით გამართული შეხვედრები კი სანახაობა! ამიტომაც ხშირად დამარცხებულ მეტოქეს უფრო სწრაფად უნიშნავენ ახალ ორთაბრძოლას, ვიდრე მოგებულს!

- მეტი მაყურებელი უდრის მეტ ფულს! - ნახეთ მაკგრეგორის, ჰაბიბისა და სხვა ვარსკვლავების ორთაბრძოლები. კონორი უძლიერესი მებრძოლია, ჩინებული შოუმენიც არის და შერეული ორთაბრძოლების პოპულარიზაციისთვისაც ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ... ვიცოდი, რომ წააგებდა. მე? არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და ყოყლოჩინობა, იმედია, ყურადღების მიქცევას ჩემი სხვა თვისებებით შევძლებთ.

- რამდენიმე თვეა აშშ-ში ცხოვრობთ და სადებიუტო ბრძოლისთვის ჯონ ჯონსის (UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ამ ორგანიზაციის ისტორიაში) კლუბში ემზადებით. კმაყოფილი ხართ? - ხუთი თვის წინ აშშ-ში სწორედ ჯონსის მოწვევით ჩამოვედი. მომდევნო ორთაბრძოლა ჯონს ჩემი მატჩიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე აქვს, ამიტომაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ჯექსონ ვინკში" ერთად ვვარჯიშობთ საუკეთესო სპეციალისტების მეთვალყურეობით. ჯონსის მწვრთნელები მეც მავარჯიშებენ, მისი მთავარი მწვრთნელი კი ჩემი მენეჯერიც არის.

- არის შანსი, თქვენი და ჯონსის გზები ოდესმე გადაიკვეთოს?

- ერთ წონით კატეგორიაში ვართ, ერთად ვვარჯიშობთ და სპარინგისას მართლაც ვხუმრობთ, "ნამდვილი" ორთაბრძოლა როდის უნდა გავმართოთო?! თუმცა არა მგონია, ოდესმე მოგვიხდეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მით უმეტეს, როგორც ვიცი, მწვრთნელები გეგმავენ, რომ ჯონსი უფრო მძიმე წონაში გადაიყვანონ.

- აშშ-ში ვარჯიშის პარალელურად, შერეული ორთაბრძოლების კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდა... დამატებითი შემოსავლის ძებნა თქვენც ხომ არ გიწევთ? - უკრაინაში მაქვს ჩემი დარბაზი, სადაც მოსწავლეები ჩემი არყოფნის დროსაც ვარჯიშობენ. გარკვეული წილიც გავყიდე, რათა ახალმა პარტნიორმა დარბაზს მეტი ყურადღება დაუთმოს. სპონსორების მოზიდვაზე არასდროს მიმუშავია, ახლა კი ამ საქმესაც სერიოზულ ყურადღებას ვუთმობთ.

- უკრაინაში საცხოვრებლად 11 წლის წინ გადაბარგდით. რატომ უკრაინა?

- მშობლებს უნდოდათ მათსავით კარგი განათლება მიმეღო. ამიტომ მე და ჩემი და რუსეთში ვაპირებდით სწავლის გაგრძელებას, თუმცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სხვაგან გამგზავრება გადავწყვიტეთ. ეს "სხვაგან" კი იყო უკრაინა, კერძოდ, ოდესა, რაკი მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი განათლების რუსულ ენაზე მიღება.

- საბრძოლო ხელოვნებითაც ოდესაში დაინტერესდით?

- ესეც ისევე სპონტანურად მოხდა, როგორც მოგვიანებით UFC-ში მოხვედრა! ამ დონის შეხვედრებში მონაწილეობაზე ბევრი ოცნებობს, ცხადია, მეც გამიხარდა, მაგრამ როგორც გითხარით, ეს დაუგეგმავად, თავისთავად მოხდა... საერთოდაც, ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო ვიყო იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ასე რომ, სპორტი არასდროს ყოფილა ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი. დიახ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ბევრმა არც იცის, რომ წლების განმავლობაში პროფესიულ დონეზე თამაშობდით ფეხბურთს! - ბავშვობაში კარატეში ვვარჯიშობდი და მეტოქეებს ფეხბურთის თამაშის დროსაც კი ვამტვრევდი ფეხებს, ამიტომ კარში დამაყენეს. უხეში თამაშის გადასაჩვევად საფეხბურთო სექციაშიც მივედი და... იქაც მეკარედ მათამაშებდნენ. 16 წლისა თურქულ კლუბებში წავედი სინჯებზე: ჯერ "ტრაბზონსპორში", ნახევარი წლის შემდეგ - "ანკარაგიუჯიუში". ანკარაში მითხრეს, უმაღლეს ლიგაში რომ გადაგიყვანოთ, სულ სათადარიგო იქნები, მეკარეს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებაო, ამიტომ შედარებით დაბალი დონის კლუბში გამგზავნეს, იქ კი ვეღარ გავძელი და ფეხბურთს თავი დავანებე.

- მშობლები როგორ უყურებენ სწავლის მისაღებად გაშვებული შვილის სპორტულ წარმატებებს? - დედ-მამა ისევ ბათუმში ცხოვრობს, მე და ჩემი ოჯახი - უკრაინაში. სპორტსმენი არავინ გვყოლია, არც ჩემს მშობლებს აინტერესებდათ და თავდაპირველად, წინააღმდეგი იყვნენ. ახლა ძალიანაც ამაყობენ, თუმცა დედა მაინც ხშირად ამბობს, მიხარია, რომ ჩემი შვილი წარმატებული სპორტსმენია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ფულს არა მხოლოდ კუნთებით, თავისი ინტელექტითაც გამოიმუშავებსო.

- რა სპეციალობის ხართ? - თავდაპირველად, გემთმშენებელი ინჟინრის სპეციალობა შევისწავლე, მოგვიანებით მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ეს მიმართულება ძალიან მაინტერესებდა და ახლაც ვიყენებ დარბაზის მართვაში.

- ორთაბრძოლებს დავუბრუნდეთ: გრეპლინგი, ჯიუ-ჯიცუ, საბრძოლო სამბო - რომელი სახეობა და ილეთებია რომან დოლიძის მთავარი პლუსი? - ვცდილობ დგომში რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაო, თუმცა ჩემი ძლიერი მხარე ჭიდაობა და მტკივნეული ილეთებია, უმეტესად, მტკივნეული ილეთები ფეხზე.

- არადა, "პარტერის" ნაცვლად, ბოლო ორთაბრძოლებში უმეტესად დგომში იბრძოდით. შიგადაშიგ ღიადაც იწვევთ მეტოქეს, მოდი, დამარტყიო! ეს მართლაც გამოწვევაა, ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ... - არ მომწონს ეს თვისება. ოქტაგონზე ჩემს თავს აღარ ვგავარ, სხვა ადამიანად ვიქცევი ხოლმე... ალბათ, ამიტომაც მოვხვდი UFC-ში, რომ იციან, თუ ძალიან გამიჭირდება, შემიძლია ჭიდაობა გამოვიყენო და მტკივნეული ილეთებით გავიმარჯვო. ორი წელია MMA-ში ვარ და ყველას უკვირს, რომ ჩემი მთავარი პლუსები ჯერაც არ გამომიყენებია. არადა, ბოლო ორ შეხვედრაში ნოკაუტით დავამარცხე ძალიან ძლიერი მეტოქეები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან ნოკდაუნში ან ნოკაუტში!

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ჰაბიბ ნურმაგომედოვსა და მასზე ნათქვამ სიტყვებზე.

- ჰაბიბის შესახებ საერთოდ არაფერი მითქვამს! MMA-ს ბრძოლებს იშვიათად ვადევნებ თვალს, ნურმაგომედოვის ბრძოლებს ან მის სტილსაც არასდროს დავუინტერესებივარ. არც ის მგონია, რამე ეთქვას ჰაბიბს, თორემ ვიღაც აუცილებლად გასცემდა პასუხს.

- ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჰაბიბმა თქვა, თავს გვესხმოდნენ ქართველები და ჩეჩნები, ისტორიულად მათგან ბევრი ცუდი რამ გვახსოვსო... თქვენ კი უპასუხეთ, რომ "არავის, არც ერთი ერის წარმომადგენელს არა აქვს ქართველებისთვის ასეთი რამის დაბრალების უფლება და ჰაბიბს საკადრის პასუხს გასცემთ ოქტაგონზე!" მართალია? - კიდევ ერთხელ ვამბობ: ჰაბიბზე არაფერი მითქვამს! არც ის გამიგია, ჰაბიბს ასეთი რამ ეთქვას. მე და ნურმაგომედოვი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ, თუმცა თუ ასეთ რაღაცას მოვისმენდი, ცხადია, დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას.

- ისევე, როგორც ყველგან უსვამთ ხაზს თქვენს ქართველობას! - ქართველებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. სხვა შემთხვევაში, ალბათ, არც დავინტერესდებოდი ორთაბრძოლებით, არც ამდენ ძალას დავხარჯავდი... სპორტული კარიერის განმავლობაში სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობ და თავიდან უკრაინელი და რუსულენოვანი ქომაგი უფრო მიჭერდა მხარს. საბედნიეროდ, ბოლო დროს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და უზომოდ მიხარია, რომ დღეს ჩემი გულშემატკივრების 90%-ზე მეტი ქართველია! ხშირად მეკითხებიან, რაშია შენი წარმატების საიდუმლოო? ვერ გეტყვით... მხოლოდ ის ვიცი, რომ სულ ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში საუკეთესო ვიყო!

- ტკბილეული ძალიან გყვარებიათ: ბრძოლამდე მართლაც იმარაგებთ სასტუმროში, რათა გამარჯვების შემდეგ პირი ჩაიტკბარუნოთ?! - მზადებისას კვირაში მხოლოდ ერთხელ მაძლევენ ტკბილეულის ჭამის უფლებას, ბრძოლის წინ კი საერთოდ აკრძალულია. ამიტომ სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას როცა რაღაც მომეწონება, ვყიდულობ და ნამატჩევს შევექცევი. მადლობა უფალს, ჯერ არ წამიგია, ასე რომ, ორთაბრძოლის შემდეგ სულ "ტკბილ" და ტკბილეულის ხასიათზე ვარ (იცინის). კიდევ რა მიყვარს? ბუნება, მთაში, ტყე-ღრეში ხეტიალი. ასე რომ, ძალიან გამიმართლა, საქართველოში რომ დავიბადე! სამწუხაროდ, არ მქონდა შესაძლებლობა, ბევრი მევლო და მენახა ჩემს სამშობლოში, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მაქვს - როცა საქართველოში ჩამოვალ, ფეხით უნდა მოვიარო სვანეთი, თანაც აუცილებლად 2019 წელს!

- რას ეტყვით ქართველ ქომაგს? - დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! თქვენი თანადგომა ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. ძალის მოსინჯვა ბევრ სხვა სფეროში შემეძლო, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემს სამშობლოში შერეული ორთაბრძოლები ძალიან უყვართ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. სანამ ჩემ გვერდით იქნებიან, ქართველი ქომაგის აზრს მუდამ გავითვალისწინებ! თუ ჩემს ინსტაგრამგვერდს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ბოლო დროს პოსტების უმეტესობას ქართულ ენაზე ვწერ. წინათ მსაყვედურობდნენ, რუსულად რატომ წერო, ახლა კი რუსულენოვანი გამომწერები "მეჩხუბებიან", სულ ქართულად პოსტავ და ვეღარაფერს ვიგებთო (იცინის).