"მოსკოვში გამგზავრების წინ დედამ მითხრა, რომ გაიმარჯვებ, პირჯვარი გადაიწერეო... პირობა შევასრულე, თუმცა, ეს ჟესტი ძვირად დამიჯდა" - კვირის პალიტრა

"მოსკოვში გამგზავრების წინ დედამ მითხრა, რომ გაიმარჯვებ, პირჯვარი გადაიწერეო... პირობა შევასრულე, თუმცა, ეს ჟესტი ძვირად დამიჯდა"

"სათადარიგო დარბაზში შევედი. რაცი ხალიჩაზე წამოწოლილიყო. იქვე კუთხეში სპორტსმენები ჩაის და ყავის რიგში იდგნენ, არ მომრიდებია, ჯიქურ მივადექი დახლს, ქალებმა უარი მითხრეს - რიგში ჩადექიო, მეტიც არ მინდოდა - გაბრაზებულმა ზედ რაცის თავზე კედელზე გავირბინე... ბატონ ჯემალს თურმე ჩემი 12 ნაფეხური დაუთვლია"...

ეს მერე იყო, კარგა ხნის მერე, რაც ჭიდაობას გაუშინაურდა.

უფრო სწორად, მოსკოვის ოლიმპიადაზე.

მანამდე კი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში (ოდილაური) 1954 წლის 23 ივლისს დაბადებულმა ვახტანგ ბლაგიძემ დიდი გზა განვლო. "კლასიკური" ჭიდაობა ოზურგეთში 15 წლისამ დაიწყო მიხეილ თავართქილაძის ხელმძღვანელობით, მერე ჯემალ მეგრელიშვილი ავარჯიშებდა.

საქართველოს და საკავშირო ნაკრებ გუნდებში დათო დავითაიას, ვიქტორ იგუმენოვის, გენადი საპუნოვისა და შამილ ხისამუტდინოვის მეთვალყურეობით იმაღლებდა ოსტატობას.

თანატოლებში 1970 წელს საქართველოს ჩემპიონმა 1971 წელს მოსწავლეთა რესპუბლიკური და საკავშირო სპარტაკიადები მოიგო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს მსოფლიოს უნივერსიადაზე გაიმარჯვა. 1978 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა 1980 წელს ევროპის ჩემპიონატსა და მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე დაიმსახურა ოქროს მედლები. 1981 წლის საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს ჩემპიონია. მომდევნო წელს მსოფლიოს თასი დაისაკუთრა.

სპორტის დამსახურებული ოსტატი ვახტანგ ბლაგიძე ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი და "სპორტის რაინდია". რამდენიმე წინათ ოზურგეთში ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავი გაიხსნა.

ფეხით გადავლილი გორები

- ორი წლის ვიყავი, ჩოჩხათიდან ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში რომ გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მამა ადრე დამეღუპა და უფროსმა ძმამ - ზაურმა გაგვზარდა მე და გივი, ჩემი მეორე ძმა.

მაშინ რაიონში პოპულარულები იყვნენ ჩვენი თანასოფლელები - ელგუჯა დარჩია და გონერ ჩხარტიშვილი - ცნობილი ფალავნები. ოზურგეთში მათს ორთაბრძოლებს რომ ვესწრებოდი თანატოლებთან ერთად, სურვილი გამიჩნდა ჭიდაობაზე მევლო.

საიდუმლო გონერს გავანდე, მან კი მიხეილ თავართქილაძესთან მიმიყვანა. სოფლის შრომას მიჩვეულს ვარჯიში არ მეზარებოდა - ჩემი სახლიდან დარბაზამდე 12 კილომეტრი იყო. ხშირად მივლია ფეხით, რადგან ზოგჯერ ავტობუსის ფულიც არ მქონდა. განსაკუთრებით ზამთრობით მიჭირდა: ადრე ღამდებოდა, გორები უნდა გადამევლო და ტურების მეშინოდა.

ამიტომ დროდადრო მეგობრებთან - ზურაბიანებთან ვრჩებოდი. ისინიც ჭიდაობდნენ და ნახევრად მათს ოჯახში გავიზარდე. გზასავალი რომ შეემსუბუქებინათ, ბიჭებმა ველოსიპედის ნაწილები შემიგროვეს და ჩემი ხელით ავაწყვე "რკინის რაში".

მერე ვარჯიშებზე სიარული გამიადვილდა. 16 წლის ვიყავი, რაიონულ პირველობაზე ტრავმირებულმა რომ ვიჭიდავე. ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი - ჩემპიონობა რომ არ მომეპოვებინა, უფროსი ძმა ვარჯიშებზე აღარ გამიშვებდა.

ოჯახის მთელი სიმძიმე მას აწვა მხრებზე და, ცხადია, დამხმარე სჭირდებოდა. შინ პირველი ადგილის დიპლომითა და მედლით რომ დავბრუნდი, ზაურს გაუხარდა და მერე ხელსაც კი მიწყობდა, ვარჯიშები აღარ გამეცდინა.

1971 წელს მოსწავლეთა საქართველოს სპარტაკიადა რომ მოვიგე, დათო დავითაიას ინიციატივით, სავარჯიშოდ თბილისში გადმომიყვანეს. ბატონი დათო მაშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო; იმავე წელს ალმატიში მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი გავხდი. 1973 წელს სწორედ დათო დავითაიას ხელმძღვანელობით "კლასიკოსებმა" ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი ევროპის თასი მოვიგეთ ბულგარეთში.

მაშინ გუნდში ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც იყვნენ: მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, ესტატე გოგლიჩიძე, ბაქსან ლეკვეიშვილი, თამაზ ბაბუხადია, ავთანდილ მაისურაძე, თამაზ მაჭარაშვილი, რაიდ აბრამიშვილი, მერაბ ხუხუა. ეს იყო ქართული საჭიდაო სკოლის უდიდესი წარმატება. მსგავსი შედეგი სამი წლის შემდეგაც გავიმეორეთ. გაგრძელება