"ვისაც შევხვდით, მათ მოვუგეთ, მეტი რა გაგვეკეთებინა?!" - კვირის პალიტრა

"ვისაც შევხვდით, მათ მოვუგეთ, მეტი რა გაგვეკეთებინა?!"

"გთხოვთ, ნუ დაწერთ გაუგებარ, გულსატკენ კომენტარებს, ნუ გაუუფასურებთ წარმატებას ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯნენ!"

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შარშანდელ ფინალში დავით ჩავლეიშვილის გუნდმა ფრანგ თანატოლებს აჯობა - სწორედ ამ მარცხის შემდეგ მიჰბაძეს ფრანგებმა "ექვსი ერის" დანარჩენ ქვეყნებს და უკვე ისინიც უარს ამბობენ კონტინენტის პირველობის ამ ასაკობრივ კატეგორიაში თამაშზე! რაც შეეხება რუსეთში გამართულ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს, ახალგაზრდა ქართველებმა ჯერ გერმანიის ნაკრები გაანადგურეს (64:0), ნახევარფინალში მასპინძელ რუსებსაც "კუდით ასროლინეს" ოვალური ბურთი (64:10), დაძაბულ ფინალში კი ესპანეთს აჯობეს (20:10). წლებია, დავით ჩავლეიშვილი ამ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია და ცხადია, სხვებზე უკეთ იცის თავისი შეგირდების შესაძლებლობებიცა და ნაკლიც. ევროპის ორგზის ჩემპიონების თავკაცმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში შეაფასა კონტინენტის წლევანდელი ჩემპიონატი და ქომაგს ჩვენი გაზეთის მეშვეობითაც სთხოვა, ბიჭების გამარჯვებას ნუ დააკნინებენ!

- ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად არ ყოფილა რიგითი ტურნირი. მეტიც, ამ ასაკში ეს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ყველას მოვუგეთ, სხვები რომ შეგვხვედროდნენ, სხვანაირად ვითამაშებდით! ვიცი, რომ საქართველოში ყველას გაუხარდა ჩვენი წარმატება, ამიტომაც გთხოვთ, ამ გახარებულ და ცხელ გულზე, ნუ დაწერთ გაუგებარ, გულსატკენ კომენტარებს, ნუ გაუუფასურებთ წარმატებას ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯნენ!

- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ ითამაშა კონტინენტის პირველობის ფინალში და ბოლო ორი ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა... - ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრესი გვაქვს, უკეთესობისკენ მივდივართ... შარშანდელთან შედარებით, სუსტი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ფინალში საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ.

- და სად არიან ამ დროს "ექვსი ერის" ქვეყნები? - სულ გაიძახიან, გვერდში გიდგავართ, თქვენი დახმარება გვინდაო, მაგრამ... როგორც კი მივუახლოვდით, მათი დამარცხება დავიწყეთ და შარშან ჩემპიონობაც ჩამოვართვით, აღარ გვეთამაშებიან! როცა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში "ექვსი ერის" ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, მეორე ადგილზე გავედით. უკან მოვიტოვეთ ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია და... ამ ქვეყნებმა მაშინვე დატოვეს ტურნირი. დარჩნენ მხოლოდ ფრანგები, რომლებსაც შარშან მოვუგეთ და წელს აღარც მათ ითამაშეს. მოკლედ, პირდაპირ გვეუბნებიან, ძალიან ახლოს ნუ მოხვალთო!

- არადა, ამ ასაკში მაინც გვქონდა ხოლმე "ექვსი ერის" ქვეყნებთან ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა.

- არ ვიცი, ისინი რას ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მორაგბეებს, ვინც 18-წლამდელთა შემადგენლობაში მოუგო ირლანდიას, იტალიას, საფრანგეთს, ეს გამოცდილება 20-წლამდელებშიც ძალიან გამოადგა! ამას ევროპის ბობოლა ნაკრებებიც ხედავენ და ამ ეტაპზე აღარ გვეთამაშებიან. ვნახოთ, გაისად როგორ იქნება საქმე.

- რა სახელდება ტურნირში მონაწილეობაზე უარის ოფიციალურ მიზეზად?

- არ გვინდა სხვაგან თამაშიო. პირდაპირ ვერც გვეტყვიან, რომ კარგი გუნდი გვყავს და არ უნდათ ჩვენთან თამაში. იტალიას ურჩევნია, თუნდაც სულ აგებდეს, მაგრამ "ექვს ერში" იყოს, ვიდრე ტურნირში საქართველოს დამატებას დაუჭიროს მხარი. ჩვენთან ხშირი თამაში არ უნდათ ფრანგებს, ირლანდიელებს, სხვებსაც... ვნახოთ, რა იქნება მომდევნო წლებში. იმედია, "გამოსწორდებიან".

- "ბობოლების" უარი დასანანია, მაგრამ ეს მათი არჩევანია... ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ორგანიზებით კმაყოფილი ხართ? - ორგანიზატორებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს: უმაღლესი დონის იყო სასტუმროები, კვება, სავარჯიშო პირობები, ფინალი კი ისეთ სტადიონზე ვითამაშეთ, არათუ ბავშვები, ჩვენც გაოცებული ვუყურებდით - კალინინგრადის ახალი სტადიონი 2018 წლის მუნდიალისთვის აშენდა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არენაა. 35-ათასიან სტადიონზე საუცხოო გარემო იყო, მაყურებელიც ბევრი მოვიდა. მასპინძელთა დამოკიდებულებამაც გაგვაკვირვა - რუსებისგან სხვანაირ დახვედრას ველოდით, თუმცა მასპინძლობაც და პირობებიც ძალიან კარგი იყო. ადგილობრივი გულშემატკივრები და სასტუმროს პერსონალიც გვეუბნებოდნენ, თქვენ გქომაგობთო!

- ტურნირის პირველ მატჩში გერმანიას 64:0 მოუგეთ, თუმცა საქართველოს ნაკრებს სასტარტო მატჩისთვის დამახასიათებელმა მღელვარებამ შეცდომაც ბევრი დააშვებინა... - ეს არც გამკვირვებია: ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყოველთვის ვაწყობდით შეკრებას საფრანგეთში და სამ საკონტროლო მატჩსაც ვატარებდით ადგილობრივ გუნდებთან. წელს ეს არ მოხერხდა და რუსეთში გამგზავრებამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის გამართვა შევძელით. შედეგად, ეს გამოუცდელი¬ ბიჭები, საქართველოს პირველობის "ა" და "ბ" ლიგის მოთამაშეები, პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ და ამ ფორმაციის ნაკრებს ასეთ ტურნირზე პირველი გამოცდა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ჰქონდა. სადებიუტო შეხვედრას მღელვარება და დაძაბულობა სულ ახლავს, თუმცა ზორბა გერმანელებს შანსი არ მივეცით და დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ასე რომ, პირველი მატჩით უკმაყოფილო არა ვარ.

- ნახევარფინალში მასპინძლებიც დიდი სხვაობით დაამარცხეთ.

- რუსეთთან მატჩი რიგითი შეხვედრა არასდროს არის და ასეა ამ ასაკშიც. ბიჭები ისეთი შემართებით გავიდნენ მოედანზე, რომ კარგად იცოდნენ, მეტოქის მორაგბეების გარდა, მსაჯები და მაყურებელიც უნდა დაემარცხებინათ, მათთვის თამაშის "გაფუჭების" შანსი არ მიეცათ. ასეც მოხდა და მეორე ნახევარში შეხვედრის კომენტატორებმაც კი ჩაიქნიეს ხელი და მიხვდნენ, რომ მათ გუნდს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა! ქართველმა მორაგბეებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- ნამატჩევს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მისმა გუნდმა ქართველებს ერთი ლელო გაუტანა. - ევროპის პირველობამდე რუსეთის ნაკრებმა საქართველოშიც გაიარა შეკრება, მერე საფრანგეთშიც ჩაატარეს რამდენიმე საკონტროლო მატჩი. შინაურ კედლებში გასამართი ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადნენ და არ ელოდნენ, ასეთი სხვაობით თუ ვაჯობებდით. ყველამ აღიარა, რომ ჩვენგან ასეთ განადგურებას არ ელოდნენ, ფაქტია, ჯერაც ძალიან ჩამოგრჩებითო. რუსების ერთადერთ ლელოს რაც შეეხება, ჩვენი შეცდომა რომ არა, ვერც ის უნდა გაეტანათ.

- 26 წელიწადია, რუსეთის ეროვნული ნაკრები ბორჯღალოსნებთან უშანსოდ აგებს და ცხადია, მასპინძლები ყველანაირად ეცდებოდნენ, ქართველებისთვის ახალგაზრდულ ასაკში მაინც მოეგოთ. - მართალი ხართ. დიდი მონდომებითაც ემზადებოდნენ და ელოდნენ, რომ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ. თავდადებას ვერ დავუკარგავ, მართლაც იბრძოლეს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს! ვაჯობეთ ძალითაც, ტექნიკითაც და ტაქტიკითაც, გამარჯვების შანსიც არ ჰქონიათ.

- ყველაზე რთული თამაში ჩემპიონატის ფინალში გქონდათ: ესპანეთმა კარგად ითამაშა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც!

- ამხელა სტადიონზე ამდენი მაყურებლის წინაშე ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ამ ბავშვებს არასდროს უთამაშიათ და ამანაც შებოჭა ჩვენი ბიჭები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იყო, ესპანეთმა კი პროგრამა-მინიმუმი ფინალში გასვლით შეასრულა და ყოველგვარი წნეხისა და დაძაბულობის გარეშე თამაშობდა. ფინალის წინ ბიჭებს მეც ვუთხარი, ლაღად ეთამაშათ, მეტოქის თამაშიც არაერთხელ გავარჩიეთ, თუმცა ესპანელებმა რადიკალურად განსხვავებულად ითამაშეს. უფრო სწორად, ამის შესაძლებლობა ჩვენ მივეცით დაბნეული თამაშით, ზედმეტი დაძაბულობითა და მონდომებით. იყო რამდენიმე დასანანი შეცდომაც, რასაც აუცილებლად მოსაგები თამაშისთვის დამახასიათებელ ნერვიულობას ვაბრალებ. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ტიტული შევინარჩუნეთ. ასე რომ, ჩემი ბიჭების შემართებით და ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი ვარ.

- თუმცა კრიტიკა არც ჩვენს გუნდს ასცდა და არც ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობას...

- ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის, "ექვსი ერის" ქვეყნებმა კონტინენტის პირველობას რომ უგანეს! ვისაც შევხვდით, მათ მოვუგეთ, სხვა რა შეგვეძლო?! ტურნირს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებიც დაესწრნენ და უამრავი სკაუტიც - ფრანგები, ინგლისელები, ირლანდიელები და სხვ. ყველამ მოგვილოცა კარგი თამაში და ჩვენს პროგრესზეც ილაპარაკეს, თუმცა როდის შემოგვიერთდებიან, ისევ როდის "დაგვიამხანაგდებიან" მათი ქვეყნის ნაკრებები, არ ვიცი.

- ამ ბიჭებს ყველაზე უკეთ თქვენ იცნობთ და სხვებზე კარგად ხედავთ, რა კომპონენტში პროგრესირებენ, რაზე სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა, თუმცა ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ უკანახაზელების პროგრესი ყველა ასაკობრივ გუნდში აშკარაა! - მართალია. ძლიერი შერკინების გარეშე რაგბიში წარმატება წარმოუდგენელია. ამიტომაც ვცდილობთ ჩვენი ტრადიციული პლუსები კვლავაც გამოვიყენოთ და გავაუმჯობესოთ, იმავდროულად კი უკანახაზელების პროგრესიც გავაგრძელოთ. ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე 19 ლელო გავიტანეთ და მათგან ნახევარზე მეტი სწორედ უკანახაზელებზე მოდის და მიყოლის, ხელით თამაშის, სისწრაფის დამსახურება იყო. ხელით კარგად თამაშის გარეშე, თანამედროვე რაგბიში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ბოლო წუთებში სწორედ ამით გავტეხეთ ესპანეთის ნაკრები.

- არათუ 18 წლის მოზარდები, შეცდომას ოცდაათს გადაბიჯებული მოთამაშეებიც უშვებენ. მთავარია, ვიცოდეთ, რის გაკეთებას ვცდილობთ, როგორი თამაში გვინდა და რა არის ამისთვის საჭირო. - ამაზე სულ ვლაპარაკობთ. "ა" და "ბ" ლიგის მოთამაშეებმა პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე და მოიგეს, მათთვის ამ დონის ყველა მატჩი დიდი გაკვეთილი და გამოცდილებაა. ეს ერთგვარი ჯაჭვიც გახლავთ, შარშანდელ ფინალში ფრანგების დამარცხებაც შარშანწინდელ ტურნირში მიღებული გამოცდილებისა და თავდაჯერების დამსახურება იყო - წინა ფორმაციის ნაკრებიდან 10 მოთამაშე გვყავდა გადმოყოლილი და ეს შედეგზეც აისახა. მათ უკვე გადალახული ჰქონდათ ბარიერი, პირადი გამოცდილებით იცოდნენ, რომ ფრანგი მორაგბე მათგან არაფრით განსხვავდება და თუ რამე შეუძლიათ, უნდა მოუგონ!

- 17-18 წლის ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ - მათთან მკაცრი უფრო ხართ თუ მეგობრული? - უპირველესად სამსახურებრივი დამოკიდებულება გვაქვს, რადგან დისციპლინისა და რეჟიმის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. თუმცა მხოლოდ მომთხოვნიც არა ვარ - მეგობრობაც გამოგვდის, მამაშვილური ურთიერთობაც, ცხოვრებისეული სირთულეების დროსაც ერთმანეთის გვერდით ვართ. ყველაზე მეტად სწორედ ის მიხარია, რომ ბიჭებს არ უჭირთ ჩემთან ურთიერთობა. ჩემს ხელში თაობებმა გაიარეს, ზირაქა და გორგოძილა 17 წლის რომ იყვნენ, იმ პერიოდიდან მოვყვები ამ ასაკობრივ ნაკრებებს და პრობლემა არავისთან მქონია.

- ნახევრად ხუმრობით უნდა გკითხოთ: გამარჯვების შემდეგ ისე ცეკვავენ, ისეთ ცეცხლს დაანთებენ ხოლმე, რომ... ვარჯიშის პარალელურად, სხვადასხვა ასაკის მორაგბეების უმეტესობა ცეკვის სტუდიაშიც ხომ არ ემზადება? - ვგეგმავთ, შეკრებაზე ქორეოგრაფებიც წავიყვანოთ ხოლმე, რათა საცეკვაო ილეთები და სინქრონი დავხვეწოთ (იცინის). მორაგბეების უმეტესობას ცეკვის ნიჭი მართლაც აქვს, ჩვენი ოთხი ბიჭი კარგადაც მღერის და... ცეკვას სიმღერაც თუ დავუმატეთ, შესაძლოა რაგბისგან თავისუფალ დროს გასტროლებიც დავგეგმოთ... ხუმრობა იქით იყოს და, ძალიან მიხარია, ჩემი მორაგბეები ლაღი ბიჭები რომ არიან, ეს თვისება ცხოვრებაშიც ძალიან გამოადგებათ.