"ნარკობარონი ორგანიზატორებს დაემუქრა, საბჭოთა ნაკრების წევრები უნდა გავიტაცო და თანხის გადახდის შემდეგ გავათავისუფლებო. უნდა გენახათ, რამდენი მცველი დაგვყვებოდა"
"ნარკობარონი ორგანიზატორებს დაემუქრა, საბჭოთა ნაკრების წევრები უნდა გავიტაცო და თანხის გადახდის შემდეგ გავათავისუფლებო. უნდა გენახათ, რამდენი მცველი დაგვყვებოდა"
ფოტო:ნიკოლოზ დერიუგინი
"ჩემი სამშობლო საქართველოა, სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია"

"კოლია შეტევაში გაცილებით მრავალფეროვნად თამაშობს, ვიდრე ნებისმიერი საბჭოთა ცენტრი, მათ შორის არვიდას საბონისი. ერთ-ერთ ინტერვიუში "ჟალგირისის" თავკაცმა ვალდას გარასტასმა თქვა: არვიდასისთვის სათაკილო არ უნდა იყოს ნიკოლოზ დერიუგინისგან ზოგიერთი ილეთის შესწავლაო".
ალექსანდრ გომელსკი

ევროპის ჩემპიონატებში რვა ქართველ კალათბურთელს უთამაშია. პირველად ევრობასკეტზე ოთარ ქორქიამ 1947 წელს იასპარეზა, ბოლოს, 1983 წელს, ნიკოლოზ დერიუგინმა. მას მერე 29 წელი გავიდა და ქართველები ერთბაშად 12 კალათბურთელით დაუბრუნდნენ ევროპის უმთავრეს
ფორუმს - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2011 წელს იასპარეზა, მას მერე კიდევ სამჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი ევრობასკეტებზე.

ლეგენდარულ ქართველ წინახაზელს 30 აპრილს 60 წელი შეუსრულდა.

ქუთაისი-თბილისი

ამერიკელები კალათბურთელის მიერ პატარაობაში ნასწავლ საბაზო ელემენტებს ასე უწოდებენ - Fundamentals. ნიკოლოზ დერიუგინს სათანადო ფუნდამენტი ჰქონდა. მან
ხომ სულიკო თორთლაძის ხელში გაიარა.

- ქუთაისში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი. 6 წლისამ კალათბურთის თამაში სულიკო თორთლაძესთან დავიწყე. მოსწავლე ვიყავი, როცა თბილისის "დინამოში" მიმიწვიეს და სკოლა დედაქალაქში დავამთავრე. "დინამოში" ზურაბ საკანდელიძე, ნოდარ და მიხეილ ქორქიები, გივი ბიჭიაშვილი დამხვდნენ. კარგად მახსოვს, როგორ მარიგებდნენ. ისიც მახსოვს, ქუთაისური აქცენტით რომ ვლაპარაკობდი, რაც თანაგუნდელებში ღიმილს იწვევდა...

თავის დროზე სულიკო თორთლაძე ფარქვეშ თამაშს მაჩვევდა, ისიც კარგად ხვდებოდა, რომ ჩემი სტიქია სწორედ ეს იყო. მოედანზე ისეთი შემართებით გავდიოდით, რომ "დინამოსთან" თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირდა. თუმცა სიმაღლეში სხვაობის განეიტრალება მაინც ძნელი იყო. ტკაჩენკო 220 სმ სიმაღლისა გახლდათ, ბელოსტენი - 215. მათ მოქნილობითა და ხერხით ვჯობნიდი. ერთხელ ტკაჩენკოს რომ ვერაფერი მოვუხერხე, ვუჩქმიტე, ძალიან გაბრაზდა და ხელი მკრა. მსაჯებმა ორივე გაგვაძევეს...

ლევან მოსეშვილის გაწვრთნილ "დინამოში" ნიკოლოზ დერიუგინმა პირველად 1977 წლის იანვარში "ურალმაშთან" ითამაშა. დებიუტანტის კვალობაზე 18 ქულა კარგი შედეგია. თუმცა იყო გაცილებით ეფექტური მატჩებიც - ქართველმა ცენტრმა მოსკოვის ცსკა-ს 57 ქულა ჩაუგდო. მეორე დღეს გაზეთი "სოვეტსკი სპორტი" წერდა: დინამოელთა 18 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა დერიუგინმა თავის გუნდს 57 ქულა შესძინა, რაც საკავშირო ჩემპიონატების რეკორდია. მასთან ორთაბრძოლისას მიშკინმა 22-ე წუთზე მეოთხე ფოლი მიიღო, ხოლო 36-ე წუთზე 5 ჯარიმის შემდეგ მოედანი დატოვა კოვალენკომ. მესამე მეურვემ ლოპატოვმაც ვერაფერი გააწყოო...

- ცსკა-სა და მოსკოვის "დინამოში" მანამდეც მეპატიჟებოდნენ, მაგრამ 57 ქულა რომ მოვაგროვე, ალექსანდრე გომელსკი ჩემს მშობლებთან მივიდა და ჩემთან ერთად იმათაც მოსკოვში გადაბარგება შესთავაზა. მამაჩემი ჩაფიქრებულა და უთქვამს: ამის შესახებ მამაჩემს უნდა მოელაპარაკოთო. გომელსკის უკითხავს, მამათქვენი სად არისო? საფიჩხიაზეო. სასაფლაოზე გაგზავნა... საქართველოში ვარ დაბადებული და სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია. ჩემი სამშობლო აქ არის, - ამბობს ნიკოლოზ დერიუგინი.

თბილისის "დინამოში" მის ფუნქციაზე გომელსკი მოგვითხრობს: "კოლიას თითოეულ მატჩში შეუცვლელად, 40 წუთი უნდა ეთამაშა, რადგან დინამოელთა საყრდენი, ბომბარდირი, მთავარი იმედი გახლდათ. დერიუგინისთვის აუცილებელი იყო, ენერგია მატჩის ბოლომდე შემოენახა. ამიტომ, "დინამოს" მწვრთნელები მას დაცვაში მჭიდრო, კონტაქტური თამაშისგან ათავისუფლებდნენ, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჯარიმა მიეღო. მწვრთნელები ამიტომაც უყვიროდნენ - კოლია, არ დაჯარიმდე, ნუ ჩქარობ, ყურადღებით იყავიო. იგი ყოველთვის ასეთი მანერით თამაშობდა."

მოსკოვი


ნიკოლოზ დერიუგინმა სსრკ-ის ნაკრების მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩაატარა.

- მანამდე საბჭოეთის სხვადასხვა ასაკის ნაკრებებშიც მქონდა ნათამაშები და მწვრთნელი, ალექსანდრე გომელსკი პირველ გუნდშიც მიწვევდა. იგი ამხანაგურ ტურნირებზე ნაკრებს ნელ-ნელა მაჩვევდა.

ახლა გომელსკის აღიარება მოვისმინოთ: "კოლია ნაკრებში დაგვიანებით ავიყვანე. უფრო ადრე რომ მიმეწვია, მეტს მიაღწევდა და მეტად გაიბრწყინებდა. რადგან 1979 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად მოვიგეთ, გადავწყვიტე, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზეც ვეტერანებს დავყრდნობოდი - სერგეი ბელოვს, ედეშკოს, მილოსერდოვს, სალნიკოვს, ჟიგილს."

- 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მთავარი ფავორიტები ვიყავით. მეც საკმარისად მიწევდა თამაში, ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრაზილიასთან მატჩში ჩავაგდე. იუგოსლავიასთან ნახევარფინალში კი ყველასთვის მოულოდნელად დავმარცხდით. ჩემი აზრით, წაგებას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - მოედანზე ძალიან თავდაჯერებულები გავედით და მეორე - იუგოსლავებს ჩვენზე შეკრული გუნდი ჰყავდათ, სულ შვიდმა კაცმა მოგვიგო, - იხსენებს დერიუგინი. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები