"კაუნასელები მოსკოველებს დაუზავდნენ, აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ... "ზემოთ" თითი დაგვიქნიეს, ქართველებს ამდენი ოქრო გეყოფათო" - კვირის პალიტრა

"კაუნასელები მოსკოველებს დაუზავდნენ, აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ... "ზემოთ" თითი დაგვიქნიეს, ქართველებს ამდენი ოქრო გეყოფათო"

"ჯე-მალ - ცირ-კი, ჯე-მალ - ცირ-კი", - ხმაშეწყობილად გუგუნებდა თბილისის სპორტის სასახლის პირთამდე სავსე 10 000-იანი ტრიბუნები, როცა ჯემალ ცერცვაძე ბურთით ხელში შვიდმეტრიანის ნიშნულთან დგებოდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ.

პენალტების დარტყმის ორიგინალური მანერა ჰქონდა: ბუმბულივით იჭერდა ბურთს ხელში და მტევნის მოძრაობით ატყუებდა მეკარეებს - ისინი ერთ მხარეს რომ გადახტებოდნენ, ბურთი მეორე მხარეს გადიოდა. საფრანგეთში იყო ასეთი შემთხვევაც - პენალტიდან დარტყმული ბურთი მეკარეს თავში მოხვდა. იგი იატაკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინ წამოხტა და კარში დადგა, ოღონდ ზურგით მოთამაშეებისკენ - უცებ გონს ვერ მოეგო, რამაც დარბაზი აახარხარა.

"გასული საუკუნის 60-იან წლებში სახელბურთო მატჩებისას სპორტის სასახლეში ქომაგები სპეციალურად ჯემალ ცერცვაძის თამაშის სანახავად დადიოდნენ. მეტოქეებმა არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ ქართველი ვირტუოზის შეტევები, მეკარეებს კი მისი ელვისებურად ნატყორცნი ბურთების აღება უჭირდათ. განუმეორებელია მის მიერ შესრულებული პენალტები. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა - ცერცვაძის მსგავსი თავდამსხმელი დღემდე არ მინახავს", - ამბობს ვეტერანი სახელოვანი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე...

წლეულს 7 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. სიკვდილის წინა დღეებში, ვინ იცის, რამდენჯერ გაუელვა თვალწინ, თუ როგორ თამაშობდა ხელბურთს თბილისის "ბურევესტნიკსა" (1958-1975) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1959-1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი 1962-1971 წლებში ზედიზედ ათჯერ როგორ გახდა საკავშირო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი, როგორ იასპარეზა მსოფლიოს სამ ჩემპიონატში, საიდანაც 1964 და 1967 წლებში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 78 მატჩი ითამაშა და 276 გოლი გაიტანა. რამდენი ეწვალა, რომ საბჭოთა კავშირში პირველს თავისი სახელობის ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დაეარსებინა.

ჯამაგირმა პროფილი შეაცვლევინა

სასპორტო კარიერა კალათბურთით დაიწყო - თბილისში რკინიგზის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასში იყო, საბჭოთა კავშირის 1946 წლის ჩემპიონმა გრიშა ზახლიანმა კალათბურთის სექციაში რომ ჩაწერა. ნიჭიერი ახალგაზრდა მალე აღმოჩნდა სპეციალისტების მხედველობის არეში. ორი წლის შემდეგ თბილისის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ცერცვაძეც შედიოდა, მოსკოვს გაემგზავრა რკინიგზის სკოლების საკავშირო პირველობაზე. ქართველმა კალათბურთელებმა ყველას აჯობეს და ჩემპიონობა მოიპოვეს, მომდევნო წლებში კიდევ ორჯერ დაიმსახურეს მსგავსი შეჯიბრების ოქროს მედლები. თბილისის რკინიგზელთა გუნდი მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

1957 წელს საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე გიორგი ავალიშვილმა თბილისის "დინამოში" მიიწვია, ერთ ტურნირშიც მოასწრო მონაწილეობა, მაგრამ მალევე "პროფილი" შეიცვალა.

"რკინიგზელთა გუნდში ჩემთან ერთად თამაშობდა ერთი კარგი ბიჭი - ოდიშვილი, რომელმაც სკოლა მედალზე დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. - მითხრა ერთხელ ჯემალ ცერცვაძემ. - ცნობილმა მწვრთნელმა მიხეილ კეკელიძემ იგი "ბურევესტნიკის" შემადგენლობაში მიიწვია. "ჩვენთან სპორტის ახალი სახეობა ინერგება და გემოს ხომ არ გაუსინჯავდიო", - მკითხა ერთ დღეს ოდიშვილმა. ხელბურთს საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებშიც თამაშობდნენ. 1928 წლის საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაში მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი

ხელბურთელებისგან შედგებოდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს და თამაზ ანთაძეს. 1956 წლიდან თბილისის "ბურევესტნიკი" საბჭოთა კავშირის პირველობაში მონაწილეობდა, ოღონდ მაშინ ფეხბურთის მოედანზე თამაშობდნენ, თანაც 11X11-ზე. სწორედ ამ გუნდში მოვხვდი. 1958 წელს მოსკოვში არმიის სასპორტო კლუბის პირველობაზე ვიასპარეზეთ. იმავე წელს ლენინგრადმა რვა ქალაქის საკავშირო ჩემპიონატს უმასპინძლა ხელბურთში, ოღონდ უკვე 7X7-ზე, თანაც დარბაზში. მართალია, მაშინ პრიზიორებში ვერ მოვხვდით, მაგრამ შვიდ მატჩში 49 გოლი გავიტანე და ბომბარდირობასთან ერთად ყველაზე ტექნიკური მოთამაშის პრიზითაც დამაჯილდოვეს, თან საკავშირო ნაკრებში მიმიწვიეს, ჯამაგირი 2 500 მანეთი გექნებაო, მითხრეს. თბილისის "დინამოში" 800 მანეთს მაძლევდნენ. ცხადია, ხელფასმაც იმოქმედა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მოედანზე ჩემი თავი ვიპოვე - ხელბურთის თამაში უკეთ გამომდიოდა. ამიტომ მეც ამ გზით წავედი". გაგრძელება