ჯემALL The Best - კვირის პალიტრა

ჯემALL The Best

ხელბურთის უკვდავი "პელე" - ჯემალ ცერცვაძე 80 წლის გახდებოდა

რამდენიმე თვეა, ხელბურთს "პელე" გამოაკლდა,"ხელბურთის "პელე" - ჯემალ ცერცვაძე... 7 მაისს 80 წლის გახდებოდა. მანამდე კი... მანამდე გახდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო: ჩემპიონი, ბომბარდირი, კერპი...

ქართულ სპორტს ლეგენდარული სპორტსმენების მეტი რა ჰყოლია, მაგრამ მათ შორისაც არიან განსაკუთრებით გამორჩეული ვარსკვლავები. ასეთი იყო ჯემალ ცერცვაძე - თბილისის "ბურევესტნიკისა" და საბჭოეთის ნაკრების კაშკაშა ვარსკვლავი. ქომაგისთვის ასერიგ საყვარელი და ნაცნობი, მეტოქეთათვის - ამოუცნობი და შეუჩერებელი...

მართლაც ქარიშხალივით შეიჭრა "ბურევესტნიკშიც" და ქართულ, საბჭოთა და მსოფლიო ხელბურთშიც. თბილისური კლუბის შემადგენლობაში ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (სამჯერ ვერცხლის, ერთხელ - ბრინჯაოს მედლის მფლობელი. - რ.შ.). სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ დაასახელეს და სამივეჯერ შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში! კარიერის განმავლობაში 7000-მდე გოლი გაიტანა, ზედიზედ ათჯერ(!) გახდა საკავშირო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი!

ჯემალ ცერცვაძე 1958-1972 წლებში თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკის" შემადგენლობაში, 1959-1972 წლებში კი საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელიც (78 მატჩში 276 გოლი გაიტანა. - რ.შ.) იყო. საოცარი სისწრაფე და თამაშის გამორჩეული სტილი ჰქონდა - ფენომენური ტექნიკა, თავბრუდამხვევი ფინტები და მოწინააღმდეგისთვის ამოუცნობი ტყორცნები. როგორც აღვნიშნეთ, სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ ხელბურთელად აღიარეს, 1967 წლის მსოფლიო პირველობაზე კი სკანდინავიელებმა "ხელბურთის პელე" შეარქვეს.

პელე უფრო მაგარი იყო თუ მარადონა? საკამათოა. თუმცა ფაქტია, რომ თიკუნი "ფეხბურთის მეფე" პელეს ეკუთვნის. ამიტომაც არის "პელე" საუკეთესოს სინონიმი.

ასეთი იყო ჯემალ ცერცვაძეც. ჩვენი პელე. ხელბურთში ყველაზე მაგარი! ჯემალ The Best (All The Best - ინგლ.: "ყველაფერი საუკეთესო")!

კალათბურთის ბურთს (ხელბურთამდე კალათბურთს თამაშობდა. - რ.შ.) თავისუფლად ვიჭერდი ცალი ხელით და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იოლად გავუმკლავდებოდი ხელბურთის პატარა ბურთსო?! მეტოქე გუნდის მცველებსაც მარტივად უმკლავდებოდა. საოცრად სწრაფი და ტექნიკური იყო, ვირტუოზული ტექნიკის პატრონი. ბურთი ისე უნდა გაუშვა, მეკარე ვერ ხედავდესო და... ასრულებდა კიდეც: ხელიდან ხელში, ელვის სისწრაფით რომ გადაიტანდა ბურთს, მეტოქის მეკარე მხოლოდ კარის ბადეში აფართხალებულსღა შეასწრებდა თვალს.

მხოლოდ პელე? ჩვენ მიშა მესხიც გვახსენდება: ქართული ფეხბურთის ლეგენდის მსგავსად, ცერცვაძის თამაშის სანახავადაც ავსებდნენ ტრიბუნებს. ქართული სპორტის ცოცხალ მატიანე თენგიზ გაჩეჩილაძეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო გაზეთ "ლელოს" რედაქტორი, კარგად ახსოვს, რომ "ბურევესტნიკის" თამაშისას სპორტის სასახლე მაყურებელს ვერ იტევდა:

"ჯემალის მსგავსად, იმ თაობის ბიჭებიდან ბევრმა მოსინჯა ძალა ჩვენთვის ახალ სახეობაში. მათ ქართული ხელბურთი ისეთ დონეზე აიყვანეს, რაც მსოფლიო ხელბურთისთვისაც დღემდე მიუწვდომელი სიმაღლეა, ჯემალი კი... როცა ჯემალ ცერცვაძე თამაშობდა, დარბაზი ყოველთვის გადაჭედილი იყო - სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელს იტევდა, მაგრამ 15 000-ც ბევრჯერ მისულა! მართლაც ჯადოქარი იყო, განუმეორებელი მოთამაშე, სხარტი, მოქნილი, საოცრად ტექნიკური... გამოარჩევდა მოედანზე სწრაფი აზროვნების უნარი და აუღებელი ტყორცნები. ბურთი ცალ ხელში ეჭირა, მოულოდნელად შებრუნდებოდა და... მეორე ხელით, ყუმბარასავით გაუშვებდა კარისკენ ისე, რომ მეკარე ბურთისთვის მხოლოდ თვალის გაყოლებას ასწრებდა...

მხოლოდ მოედანზე არ ყოფილა წარმატებული. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ცოდნა და გამოცდილება მთლიანად სპორტს მიუძღვნა, მისი დაარსებულია ხელბურთის სკოლა, რომელმაც არაერთი თაობა აღუზარდა ქართულ სპორტს..."

დიახ, 1980 წელს ჯემალ ცერცვაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა, რომელიც მის სახელს ატარებს და რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ხელბურთის განვითარებაში.

ძნელია დაწერო კაცზე, რომლის თამაშიც არ გინახავს, იმავდროულად, იოლიც არის ლაპარაკი სპორტსმენზე, რომელიც თავისი საქმის მეფე იყო. პელე! ყველაზე მაგარი! ხელბურთის ჯადოქრის თამაში მხოლოდ იშვიათ ვიდეოჩანაწერებში მინახავს, მაგრამ როცა თვითმხილველები მის თამაშს იხსენებენ, თვალები ისე უბრწყინავთ, როგორც თვითონ "ხელბურთის ჯადოქარი" ბრწყინავდა მოედანზე...

7 მაისს 80 წლის გახდებოდა. მანამდე კი... მანამდე გახდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო: ჩემპიონი, ბომბარდირი, კერპი...

სპორტის რაინდი იყო. რაინდი სპორტშიც და მის მიღმაც...

ქართულ სპორტს ლეგენდარული სპორტსმენების მეტი რა ჰყოლია, მაგრამ მათ შორისაც არის რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეული ვარსკვლავი.

სწორედ ასეთი იყო ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთის "პელეც", ჯადოქარიც და რაინდიც...