წელიწადი წაუგებლად ჩავამთავრეთ - კვირის პალიტრა

წელიწადი წაუგებლად ჩავამთავრეთ

ლატვია - საქართველო 1:1

ისე დაგვიდგა საქმე, ფრეს უკვე წარუმატებლობად ვთვლით

პირველად ვნახე, ფრე რომ ეწყინათო, ლატვია-საქართველოს მატჩის შემდეგ გაოცებას ვერ მალავდა მურთაზ შელია. რიგაში გამართულ მატჩზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის სიტყვები ყველაზე ნათლად გამოხატავს ეროვნული გუნდისადმი როგორც ნაკრების მოთამაშეების, ისე გულშემატკივრის დამოკიდებულებას. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ფეხბურთელებმა მხოლოდ მეშვიდედ მოირგეს ეროვნული გუნდის მაისური და ისე დაგვიდგა საქმე, ფრეს უკვე წარუმატებლობად ვუთვლით.

შელია ნაკრებს ლატვიაში ახლდა და ნამატჩევს გასახდელში ჩასულს ქართული ფეხბურთისთვის უჩვეულო (ბოლო წლებს ვგულისხმობთ) რამ შეუმჩნევია - მოთამაშეებმა ფრე ლამის ტრაგედიად აღიქვესო. არადა, სულ ცოტა ხნის წინ არ იყო, სტუმრად ფრე კი არა, ქართველ ფეხბურთელებს შინ დიდი ანგარიშით მარცხიც რომ დედის რძესავით "ერგებოდათ"? რაღა შორს წავიდეთ, ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 14 ოქტომბერს იყო, ბულგარეთში 6:2 წაგების შემდეგ, ნაკრების ზოგიერთმა წევრმა "სირცხვილის ჩამორეცხვა" ღამის კლუბში მოლხენით რომ სცადა(?!), ახლა კი...

თემურ ქეცბაია ჯადოქარი არ არის, მაგრამ პატარა "სასწაულის" მოხდენა უკვე მოახერხა, სტადიონს - მაყურებელი, ქართულ ფეხბურთზე ხელჩაქნეულ გულშემატკივრებს კი იმედი დაუბრუნა. ისრაელთან მატჩზე ეროვნული სტადიონი რომ გაივსო, თითქოს არ უნდა გვიკვირდეს. რაც უნდა იყოს, ახალი ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო შინ, მაგრამ მალტასთან ტრიბუნებზე 40 ათასამდე ქომაგი რომ იჯდა, ამაზე რაღას იტყვით? ანდა, გაიხსენეთ, ოდესმე ყოფილა, საქართველოს ნაკრებს წელი წაუგებლად ჩაემთავრებინოს? შვიდი თამაშიდან ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მოიგო, მაგრამ სხვა თამაშებში წაგების გემო ერთხელაც არ გაუგია და ნურც იმას დავივიწყებთ, ამ შვიდიდან ოთხი შეხვედრა ოფიციალური რომ იყო! შედეგად, "ევრო-2012"-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენს ნაკრებს 6 ქულით მესამე ადგილი უჭირავს...

ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს ეიფორიაში ვიყოთ და ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გვეგულებოდეს. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით კონტინენტის პირველობაზე გასვლის გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, მაინც ძნელი სავარაუდოა, უკრაინა-პოლონეთის სტადიონებზე მოხვედრა შევძლოთ, მაგრამ ტრაგედია არც ეს იქნება - საცა ამდენი მოგვიცდია, ცოტასაც მოვითმენთ. მთავარია, ქართულ ფეხბურთს გულშემატკივარი დაუბრუნდა, ნაკრების ფეხბურთელებს კი ბრძოლის ჟინი და თავდაჯერება.

მარტო ის რად ღირს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში გამარჯვებას გემო სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაუსინჯა. მართალია, მხოლოდ მალტა დავამარცხეთ, ისიც - დამატებულ დროში, მაგრამ ეს მალტა არ იყო, შარშან ზაფხულს 2:0 რომ "გადაგვიარა"? ანდა, ის რატომ გვავიწყდება, ლატვიელები თბილისში 3:0 რომ გვიგებდნენ და პრესტიჟის გოლის გატანა თამაშის მიწურულსღა შევძელით?

ისე, ეს "თამაშის მიწურული" ოქტომბრის ორივე მატჩის სავიზიტო ბარათად იქცა - ჯერ ჩვენ გავტეხეთ მალტელები დამატებით დროში, ოთხი დღის შემდეგ კი ხანმოკლე მოდუნება ახლა უკვე საქართველოს ნაკრებს დაუჯდა ძვირად და შეიძლება თამამად ითქვას, ლატვიელმა ფორვარდმა ორი ქულა "ჯიბიდან ამოგვაცალა".

იმ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები აშკარად შეცდნენ, თუმცა, თუ ბოლო მატჩებს გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერ რგოლად სწორედ დაცვითი ხაზი ჩამოყალიბდა. სასიამოვნოდ გვაოცებს მეკარეც - სწორედ რევიშვილის სტაბილური თამაშის დამსახურებაა, საქართველოს ნაკრების კარში ყოველი დარტყმისას, შიშით თვალებს რომ აღარ ვხუჭავთ.

მოკლედ, მალტასა და ლატვიასთან რომ აღარ ვაგებთ, ეს უკვე საქმეა. მეტიც, საქართველოს ნაკრები უკვე ყველა მატჩში მოსაგებად იბრძვის და ეს აღარ არის მხოლოდ სურვილზე დამყარებული ამბიცია. ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა უკვე იცის, როგორ უნდა ითამაშოს. სხვა საქმეა, როგორ ახერხებენ ნაკრების წევრები მწვრთნელის დავალებების შესრულებას. თუმცა, რომ ცდილობენ და ბოლომდე იბრძვიან, ესეც სასიამოვნო სიახლეა. ამიტომაც, ნუ ვიქნებით სულსწრაფნი, დღესვე მაინცდამაინც შედეგს ნუ გამოვეკიდებით და შორს არ არის დრო, როცა მხოლოდ არწაგება კი არა, მოგებაც გვეცოდინება...