ქალი მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს - კვირის პალიტრა

ქალი მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს

რამდენიმე დღის წინ თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ჭაბუკებმაც და ახალგაზრდებმაც აბსოლუტურად იდენტური შედეგი აჩვენეს: ოთხ-ოთხი ოქრო, თითო ვერცხლი და სამ-სამი ბრინჯაო.

ბუნებრივია, გუნდური პირველობაც ორივეგან მასპინძლებმა მოიგეს და რაც მთავარია, ქართული სამბოს ისტორიაში პირველად, უკვე ქალი მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს - წყნეთელი ნინო ოძელაშვილი. კვარცხლბეკზე კიდევ სამი ქართველი გოგონა ავიდა, ოღონდ ნინოსგან განსხვავებით მათ ბრინჯაოს მედლები იკმარეს. მსოფლიო ჩემპიონატის შეფასება სამბოს ეროვნული ნაკრების თავკაცს, ოლეგ იაძეს ვთხოვეთ.

- ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი იქნებით. როგორ შეაფასებთ მსოფლიო ჩემპიონატს? საორგანიზაციო საკითხებს თავი კარგად გავართვით?

- გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ უსახსრობის გამო ტურნირს სათანადოდ აფიშირება ვერ გავუკეთეთ - არ იყო სატელევიზიო რეკლამა, ქუჩის ბილბორდები და სხვ. თორემ თავად ჩემპიონატს სტუმარი გუნდების წარმომადგენლებმაც და სამბოს მსოფლიო ფედერაციამაც მაღალი შეფასება მისცეს.

- ახალგაზრდულმაც და ჭაბუკთა ნაკრებმაც გუნდური ჩემპიონობა ზუსტად ერთნაირი მაჩვენებლებით მოიპოვა: ოთხ-ოთხი ოქროს, თითო ვერცხლის და სამ-სამი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

- ამაზე ბევრი მედალიც მოგვიპოვებია, მაგრამ ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებს მედლების ერთნაირი რაოდენობა მოეპოვებინოთ, მართლაც პირველად მოხდა. რაც მთავარია, ორივე ნაკრებმა მოიპოვა გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა და ქართული სამბოს ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.

- ტურნირის დაწყებამდე გულშემატკივარს აქტიურობისკენ მოუწოდებდით, მაგრამ ასპარეზობა მაინც თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა.

- ეს ისევ და ისევ არასათანადო რეკლამირების ბრალია, თანაც ტურნირი არც ტელევიზიებმა გააშუქეს.

მეგონა, სახელმწიფო გაცილებით მეტ ყურადღებას და ინტერესს გამოიჩენდა, თუმცა, გულშემატკივართა უმეტესობასავით ვერც ხელისუფლებამ "გაიგო" თბილისში მსოფლიო ჩემპიონატი რომ იმართებოდა.

ვფიქრობდი, სახალხო ზეიმად იქცეოდა ჩემპიონატი, მაგრამ ერთი კვირაა დამთავრდა და ხედავთ სადმე სახალხო ზეიმს? პირადად მე - ვერსად. სპორტის სხვა სახეობაში რომ მოვუგებთ რუსებს, ერთი ამბავი ატყდება ხოლმე, ჩვენ კი ჩრდილოელებს მათივე შექმნილ სპორტის სახეობაში ორივე ასაკში ვაჯობეთ.

- ჩვენი სამბისტებიდან ყველაზე მეტად ვინ გაგაკვირვათ?

- ყველა ჩემპიონი გამოსარჩევია, მაგრამ არ შემიძლია, არ ვახსენო ჭაბუკთა ნაკრების წევრი შმაგი შარიფაშვილი (75კგ) რადგან ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონმა ვერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე ვერც შარშან და ვერც წელს, ქართულ ჭიდაობაში დავიწყე კარგი ბიჭის ძებნა. ჩემი სოფელი, მეტეხი, ქართული ჭიდაობის დიდი ტრადიციითაა ცნობილი და სწორედ იქ ავარჩიე შმაგი.

ამ პატარა ბიჭმა, რომელიც სამბოსი არაფერი გაეგებოდა, მეტეხის მეტი რომ არაფერი უნახავს და არათუ ჩემპიონი, საქართველოს პრიზიორიც კი არ ყოფილა, პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ჭიდაობაა ყველაფრის თავიდათავი. 25 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ და ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ ქართული ჭიდაობის ილეთებს ვაქცევ. საოცარია, როგორ უნდა აგებდნენ ქართველი ძიუდოისტები ვინმესთან, როცა ახლანდელი წესებით ძიუდო, ფაქტობრივად, ქართული ჭიდაობა გახდა. სამწუხაროდ, თავის დროზე, ძიუდოისტებმა ევროპულ და აზიურ ძიუდოზე გააკეთეს აქცენტი, ქართული ილეთები თითქოს მიივიწყეს და შედეგიც სახეზეა.

- ქალი სამბისტების წარმატებაზეც ვთქვათ...

- სიმართლე გითხრათ, მე ქართული ტრადიციების მიმდევარი კაცი ვარ და მიმაჩნია, რომ ქართველი გოგონა არ უნდა ჭიდაობდეს, მაგრამ (იცინის)... ჩვენმა გოგონებმა მართლაც გაგვაოცეს. განსაკუთრებით ნინო ოძელაშვილმა, რომელმაც უძლიერეს მეტოქეებს, მათ შორის - რუს სამბისტ გოგონასაც მოუგო და ქართველთაგან პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა სამბოში.

- ისე, ნინო წყნეთელია და მის გმირობასაც თუ გავიხსენებთ, სახელად მაია უფრო არ მოუხდებოდა?

- შეიძლება, მაგრამ გვარად ოძელაშვილია და მოფერებით "არსენას" ვეძახით ხოლმე (იცინის)...

- როგორც ვიცი, უსაჩუქროდ არც ერთი სპორტსმენი არ გაგიშვიათ.

- სულ ოთხასამდე სტუმარი იყო ჩამოსული და ხელცარიელი არც ერთი არ გაგვიშვია. აღფრთოვანებული წავიდნენ თბილისიდან. კაცებს ქართული ხმლები, ყანწები დ სხვა სუვენირები ვუსახსოვრეთ, ქალებს კი - შესაფერისი საჩუქრები. ქალები ქართული შოკოლადითაც დავაჯილდოეთ.

გვინდოდა თითოეული სპორტსმენი მამაკაცისთვის ქართული ღვინოც გვეჩუქებინა. სამწუხაროდ, ღვინის მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოგვიყო 100 ბოთლი ღვინო, რომლებიც მხოლოდ მსაჯებისა და მწვრთნელების საჩუქრად გვეყო, სხვა ქართული კომპანიები კი ვერ თუ არ მიხვდნენ, რომ პრიზების დაწესებით საუკეთესო რეკლამას გაიკეთებდნენ.