როტერდამული ოქრო - კვირის პალიტრა

როტერდამული ოქრო

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ახალი თავკაცის - სოსო ლიპარტელიანისთვის  სადებიუტო ტურნირი როტერდამში გასულ კვირას გამართული "დიდი პრიზი"

გახლდათ, რომელში მონაწილე თორმეტი ქართველიდან, ორმა მედლის მოპოვებაც შეძლო.  60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი გახდა, ნაკრების ახალი მწვრთნელის მოგვარე ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია (ფინალური ეტაპი კვირა საღამოს გაიმართა და ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ, რომელი სინჯის მედალი მოიპოვა ვარლამმა. - ავტ.).

პაპინაშვილმა როტერდამში ჩატარებულ ხუთივე ორთაბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ფინალში კი, ევროპის ორგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანს, ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერს სულაც იპონით მოუგო!

ნახევარფინალამდე მხოლოდ თითო მოგება დააკლდათ ზვიად გოგოჭურს (90 კგ), დავით ლორიაშვილს (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ), თუმცა გოგოჭური მაინც განსაკუთრებულად უნდა გამოვარჩიოთ. ზვიადი ხომ ნაკრებს საკუთარი ხარჯით(?!) გაჰყვა როტერდამში. პირველ წრეში ევროპის მოქმედ ჩემპიონ მარკუს ნიმანს მოუგო და მერეც იმარჯვა, სანამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშიდასთან არ  დამარცხდა.