პაექრობის შემდეგ გულშემატკივრებმა სლავას მაისურის ნაფლეთები სუვენირებად წაიღეს - მილიონებად შეფასებული ღარიბი - კვირის პალიტრა

პაექრობის შემდეგ გულშემატკივრებმა სლავას მაისურის ნაფლეთები სუვენირებად წაიღეს - მილიონებად შეფასებული ღარიბი

"როცა მარჯვენა დაბალ კუთხეში ვურტყამ, ვიცი, რომ ბურთი აუცილებლად იქ უნდა მოხვდეს. მიზანს რომ ვაღწევ, კმაყოფილი ვარ, მაგრამ როცა ბურთს ურტყამ, ის კი მცველს ხვდება და რიკოშეტით ბადეში აღმოჩნდება, მაშინ მე მეცოდება მეკარე, რომელმაც სწორი რეაქცია გააკეთა... ცოდვაა მცველიც. ბურთი ბადეშია, სიხარულს კი ვერ გრძნობ. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ გოლებს არ ჩავთვლიდი", - ეს სიტყვები სახელოვან ქართველ ფეხბურთელს, გასული საუკუნის 50-60-წლების თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულ თავდამსხმელს, გულშემატკივართა კერპ სლავა მეტრეველს ეკუთვნის, განუმეორებელ სპორტსმენსა და პიროვნებას, რომელსაც სპორტის ცნობილმა ჟურნალისტმა არჩილ გოგელიამ ხატოვნად "მწვანე მინდვრის რაინდი" უწოდა.

"ეს ფეხბურთელი არასდროს აჭრილა "ტრიბუნაზე", არასოდეს გამოუდვია მოედანზე თავი და არავისთვის უგრძნობინებია - შემხედეთ, რა კარგი და ძლიერი ვარ, განსაკუთრებული პატივი და აღიარება მომაგეთო... მას ზოგჯერ რცხვენოდა კიდეც, როცა "ბურანში" მიჰყავდა მეტოქის დაცვა და გაოგნებულ მოწინააღმდეგეს საბოლოოდ თავგზას აკარგვინებდა... მეტრეველს არასოდეს გამოუმჟღავნებია მეტოქის აბუჩად ადგების სურვილი. იგი იყო კორექტული, როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენს შეეფერება, და უშიშარი, როგორც მწვანე მინდვრის რაინდი", - წერს ბატონი არჩილი.

კორიფეებიდან კორიფეებთან

სპორტის დამსახურებული ოსტატი სლავა მეტრეველი დაიბადა და გაიზარდა სოჭში. მამას, რომელიც ქალაქის საუკეთესო რესტორნებში შეფმზარეულად მუშაობდა, სურდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა, მაგრამ ჭაბუკს სულ სხვა მიზნები და მისწრაფებები აღმოაჩნდა. ისეთ საკურორტო ქალაქში ცხოვრობდა, სადაც გაზაფხულზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელები იყრიდნენ თავს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. თანატოლებთან ერთად თვალს ადევნებდა მათ ვირტუოზულ თამაშს, ელვისებურ ფინტებს და, ვინ იცის, გულშიც რამდენჯერ გაუვლია, მოედანზე ამ ფეხბურთელების გვერდით ყოფნა...

ჟინმა და მონდომებამ თავისი გაიტანა. 16 წლის სლავა მეტრეველი უკვე სოჭის "სპარტაკში" თამაშობდა. ორი წლის განმავლობაში გორკის "ტორპედოს" (1955-1956) სპორტის ღირსებას იცავდა, შემდეგ მოსკოვის "ტორპედოში" (1956-1962) აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობაშიც 1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა და საკავშირო თასსაც დაეუფლა, ქვეყნის ნაკრებთან ერთად კი, სადაც გივი ჩოხელი და მიხეილ მესხიც გამოდიოდნენ, ევროპის ჩემპიონი გახდა. იუგოსლავიასთან ფინალური მატჩისას 43-ე წუთზე ანგარიში გალიჩმა გახსნა. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა, რამაც საბჭოთა ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა დაუბრუნა და დამატებით დროში 113-ე წუთზე პონედელნიკის გოლმა მათ ოქროს მედლები მოუტანა.

1963 წელს სლავა მეტრეველი თბილისის "დინამოში" გადმოვიდა და 1971 წლის ჩათვლით მისი მაისურით გადიოდა მინდორზე. აი, რას წერს ცნობილი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი:

"ცხადია, სლავა მეტრეველს მანამდეც კარგად ვიცნობდი, ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა. ასეთ ფეხბურთელს - უაღრესად ნიჭიერს, საზრიანსა და ერთგულს - ნებისმიერი ჩემი კოლეგა ინატრებდა".

"მქონდა ბედნიერება, მოსკოვის "ტორპედოში" მეთამაშა ისეთი გენიალური ფეხბუთელების გვერდით, როგორებიც იყვნენ ვალენტინ ივანოვი, ედუარდ სტრელცოვი, გენადი გუსაროვი, ვალერი ვორონინი... მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელის - ვიქტორ მასლოვის, რომელმაც ჩემში პირველმა დაინახა გარემარბი, მანამდე ცენტრალურ თავდამსხმელად ვთამაშობდი. რა მელის "დინამოში"? გულახდილად რომ ვთქვა, პრობლემას ვერ ვხედავ, საერთო ენის გამონახვა, ვფიქრობ, არ გამიჭირდება. ვიცი, რომ "დინამოში" დიდი ოსტატები თამაშობენ - მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი, ვლადიმერ ბარქაია, შოთა იამანიძე... ზოგიერთ მათგანთან საკავშირო ნაკრებიდან ვმეგობრობ", - ასე შეაფასა სლავა მეტრეველმა "დინამოში" გადმოსვლის გადაწყეტილება.

საქართველოს უპირველეს გუნდში გატარებული 8 წლის განმავლობაში შესანიშნავმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ მოასწრო საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა: 1964 წელს ტაშკენტში ქართველმა ფეხბურთელებმა "ოქროს მატჩში" მოსკოვის "ტორპედოს" 4:1 მოუგეს და ერთი გოლი აქაც მეტრეველის ანგარიშზე იყო. იმავე წელს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო ყოველკვირეული "ფუტბოლ-ჰოკეის" გამოკითხვით საბჭოთა კავშირში მესამე ფეხბურთელად დაასახელეს. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ქომაგებს ბრიტანეთშიც დაამახსოვრა თავი:

"ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე სლავა რაღაც სასწაულებს სჩადიოდა. ერთი-ორჯერ ისეთი პასები მომცა, რომ გავიფიქრე - სლავა, შენ ყველას ჭკუიდან შეშლი-მეთქი. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლიც უნდა გამეტანა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს", - ისენებს გიორგი სიჭინავა.

გაგრძელება