"იმ მწარე დღეს ბევრი მეგობარი დავკარგე" - რატომ დაიბარა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ლავრენტი ბერიამ?
"იმ მწარე დღეს ბევრი მეგობარი დავკარგე" - რატომ დაიბარა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ლავრენტი ბერიამ?
პირველ საერთაშორისო წარმატებას 1947 წელს მიაღწია საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც გამოდიოდნენ კალათბურთის დიდოსტატები - ოთარ ქორქია, ევგენი ალექსეევი, იური უშაკოვი, ანატოლი კონევი, ვასილ კოლპაკოვი, სერგეი ტარასოვი, სტიაპას ბუტაუტასი, იუსტას ლაგუნავიჩუსი, ვიტაუტას კულაკაუსკასი, კაზის პეტკიავიჩუსი, ილმარ კულამი და ივან ლისოვი. პრაღიდან იგი ოქროს მედლით დაბრუნდა.
აი, რას წერს ევროპის ჩემპიონ ნოდარ ჯორჯიკიას დამსახურებაზე კალათბურთის ცნობილი სპეციალისტი ალექსანდრ გომელსკი წიგნში "მუდმივი გამოცდა": "საბჭოთა კალათბურთში ნოდარ ჯორჯიკია ფრიად გამოკვეთილი ფიგურაა. ის თამაშობდა
აზარტულად, სიამოვნებით და მიმზიდველად.

შეუძლებელი იყო ნოდარის მორიგი სვლის გამოცნობა. მისი მეკარისებური აკრობატული ნახტომები ყველას აცვიფრებდა. მცველის უნიკალური თვისებების მქონე, ყოველთვის მეტოქეთა ყველაზე საშიშ თავდამსხმელებს მეურვეობდა... გადამწყვეტ მატჩში მას არაერთხელ აუღია საკუთარ თავზე თამაშის წარმართვა და გადაურჩენია თავისი გუნდი".

საილუსტრაციოდ 1947 წელს ევროპის ჩემპიონატზე ეგვიპტელებთან
გამართული მატჩიც კმარა. ამ შეხვედრის მოგებით საბჭოთა გუნდი ფინალში გადიოდა. ნაკრების მწვრთნელებმა მეტოქე კალათბურთელთა ლიდერს მონტასერს მეურვედ ჯორჯიკია მიუჩინეს. ეგვიპტელმა სპორტსმენმა ბურთის ფარისკენ ტყორცნაც ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში იგი შეცვალეს. ულიდეროდ დარჩენილი გუნდი საბჭოთა ნაკრებმა იოლად დაამარცხა (46:32) და გზა გაიკაფა ფინალისკენ, სადაც მასპინძლებსაც სძლია (56:37). ამ გადამწყვეტ შეხვედრაშიც ქართველმა კალათბურთელმა საიმედოდ "ჩაკეტა" ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო მოთამაშეები - ვალენსკი და კოზაკი.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბატონ ნოდარს საკავშირო ნაკრებში დიდხანს აღარ უთამაშია.

"პრაღაში ნაკრების ხელმძღვანელობასთან უსიამოვნება მომიხდა - სურენ სპანდარიანმა დედა შემაგინა და ხელი გავარტყი, რის გამოც საბჭოეთის მთავარ გუნდში აღარ მიწვევდნენ. ძალიან განვიცდიდი, ეტყობა, მამამ შეამჩნია და ჩემგან მალულად წერილი გაუგზავნია შინაგან საქმეთა სამინისტროში... თუ ეს ბავშვი დასაჭერია, დაიჭირეთ, თუ არა და, ნაკრებში რატომ არ ათამაშებთო. მოსკოვში დამიბარეს ბერიასთან. რა მოხდაო, მკითხა ლავრენტიმ. მეც ყველაფერი დაუფარავად ვუამბე. მართალი ხარ, წადიო, მითხრა. ადიუტანტს დაუძახა - სტადიონზე წაიყვანეო. ჭიშკართან რომ მივედით, მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რომანოვი ფერწასული მოვარდა. რომ გაიგო რაში იყო საქმე, შვებით ამოისუნთქა... 1951 წელს ისევ დამაბრუნეს ნაკრებში".

ვარსკვლავი ღამეს დარბაზში ათევდა

ქართული კალათბურთის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის ნოდარ ჯორჯიკიას - გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ქართული სპორტის ვარსკვლავს, რომელიც ვირტუოზული, განუმეორებელი თამაშის მანერით ხიბლავდა მაყურებელს. ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ევროპის 1947 წლის ჩემპიონს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ხუთგზის გამარჯვებულსა და საკავშირო თასის ორგზის მფლობელს არა მარტო გამორჩეული სპორტსმენობით, არამედ კაცობითაც იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ ქართული კალათბურთის თამასა ახალ სიმაღლეზე ასწიეს.

მისი სასპორტო კარიერა ფეხბურთით დაიწყო. ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე თანატოლთა შორის საკავშირო პირველობის მეორე პრიზიორიც გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ჯერ ფრენბურთმა გაიტაცა, მერე მეგობრებთან - მიხეილ კეკელიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან, ამირან ბარნოვთან, ვლად ბეკმანსა და გივი ყიფიანთან ერთად შალვა დიასამიძის მიერ ჩამოყალიბებულ კალათბურთის სექციას მიაშურა.
"ყოველ საღამოს ქანცის გამოცლამდე ვვარჯიშობდით. ხშირად, გვიან შინ წასვლა რომ დამზარებია, გივი ყიფიანსა ან ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დარბაზში დავრჩენილვარ და დაღლილ-დაქანცულებს იქ გაგვითევია ღამე"

მალე დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების ნაკრებ გუნდში ჩემთან ერთად მოხვდნენ შოთა ახვლედიანი, გიორგი ავლიშვილი, ბორის აკიმოვი, გივი ყიფიანი და მიხეილ კეკელიძე. 1940 წელს სვერდლოვსკში ვიასპარეზეთ და საკავშირო ჩემპიონატის პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. მომდევნო წელს ლენინგრადში ათი ქალაქის ნაკრები გუნდების მონაწილეობით გამართულ ზამთრის ტურნირში ევროპის პირველ ჩემპიონებს - ლატვიელებსაც ვაჯობეთ, მაგრამ ტალინელებთან დავმარცხდით და მეორე ადგილს დავჯერდით".

სისხლი

თანამედროვეთა გადმოცემით, ნოდარ ჯორჯიკია ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებოდა; ბრძოლის ჟინითა და თავდადებით მაგალითს აძლევდა თანაგუნდელებს. ერთხელ ქართული კალათბურთის ლეგენდა ოთარ ქორქიამ საინტერესო ეპიზოდი მიამბო: "სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკავშირო პირველობაზე მოსკოველ თანაკლუბელებს ვხვდებოდით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტენდენციური მსაჯობის გამო, მოედანზე სამნი დავრჩით. დამარცხება გარდაუვალი იყო. სათადარიგო სკამზე ნოდარ ჯორჯიკია იჯდა, სულ ახალი გაკეთებული ჰქონდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია. მოულოდნელად იგი წამოხტა და გახდა დაიწყო. გუნდის ექიმისა და მწვრთნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გამოვიდა მოედანზე და... მატჩი მოგვაგებინა. თამაშის შემდეგ გასახდელში ყველამ დავინახეთ, ნაოპერაციევი გახსნოდა და სისხლი ჟონავდა". გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?