"უამრავი კლუბი მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ევროპული თასის მოგებას ვერ ახერხებენ, ჩვენ კი, პატარა საქართველოში გაზრდილმა ბიჭებმა, ამხელა გამარჯვებას მივაღწიეთ..." - კვირის პალიტრა

"უამრავი კლუბი მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ევროპული თასის მოგებას ვერ ახერხებენ, ჩვენ კი, პატარა საქართველოში გაზრდილმა ბიჭებმა, ამხელა გამარჯვებას მივაღწიეთ..."

დღეს 38 წელი შესრულდა ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან. თუმცა ასი წელიწადიც რომ გავიდეს, თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამოს" პირველი გოლის ავტორი ვლადიმერ გუცაევისთვის ეს დღე მაინც დაუვიწყარი იქნება. ისევე, როგორც ფეხბურთის მოყვარული ყველა ქართველისთვის. რამდენიც უნდა ვიძახოთ - დროა, 13 მაისის "ჩრდილიდან გამოვიდეთო", ვერ გამოვალთ, სანამ მინიმუმ იმავე მასშტაბის გამარჯვებას არ მივაღწევთ.

ვლადიმერ გუცაევი გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ვლადიმერთან "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელშიც დიუსელდორფის "რაინშტადიონზე" მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაზე საუბრობს

- რამდენი წელიწადიც უნდა გავიდეს, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის 13 მაისი სულ იქნება იმ სიხარულის ხელახლა განცდა, რაც 1981 წელს ვიგრძენით. დღემდე ვამაყობთ, რომ საქართველოსთვის დიდი საქმე გავაკეთეთ. მხოლოდ ფინალამდე მისვლა და იქ მოგება ხომ არ არის? იმ გამარჯვებაში ჩვენი სამშობლოს, ქართული ფეხბურთის მთელი ისტორიაა ჩადებული. მას არაერთი თაობა ამზადებდა, ჩვენ მხოლოდ დავაგვირგვინეთ. ამიტომაც ეს ისტორიული გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში.

- პირველ რიგში რა გახსენდებათ, როცა 13 მაისს ახსენებენ?

- ის სიხარული, რაც ჯერ ფინალში გატანილ პირველ გოლს, მერე კი გამარჯვებას მოჰყვა. ყოველწლიურად უამრავი კლუბი ათეულობით მილიონს ხარჯავს ლეგიონერების შესაძენად, მაგრამ ევროპული თასის მოგებას ვერ ახერხებენ, ჩვენ კი, პატარა საქართველოში გაზრდილმა ბიჭებმა, ამხელა გამარჯვებას მივაღწიეთ...

- იმ ხალხს რას ეტყვით, ვინც ფიქრობს, რომ არ შეიძლება, სულ 1981 წლის 13 მაისს ვიხსენებდეთ და მხოლოდ სამი ათეული წლის წინანდელი წარმატებით ვისულდგმულოთ...

- რამდენი წელიც უნდა გავიდეს, დიდი გამარჯვებები არ ავიწყდებათ. 1956-1960 წლებში მადრიდის "რეალმა" ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და ყველაზე ხშირად მადრიდში სწორედ ამაზე ლაპარაკობენ! თუ ძველი არ გახსოვს, როცა თავად მოიპოვებ, არც შენს წარმატებას დააფასებენ... სანამ ცოცხალი ვარ, სულ ვიამაყებ ამ დიდი გამარჯვებით. მაშინ მთელ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ქართველებმაც ვიცით ფეხბურთის თამაში. და საკმაოდ კარგადაც!

- რით განსხვავდებოდა მაშინდელი ფეხბურთი ახლანდელისგან?

- როგორიც იყო, იმ ფეხბურთს ვთამაშობდით სხვებზე უკეთ! დღეს საწვრთნელი და აღდგენითი პროცესია გაუმჯობესებული, თორემ ყიფიანი, ჩივაძე, სულაქველიძე, შენგელია და სხვები დაიკარგებოდნენ თანამედროვე ფეხბურთში?!

- გუცაევი არ გიხსენებიათ... არადა, ვარსკვლავებით გადაჭედილ თანამედროვე ფეხბურთშიც კი ძნელია თქვენისთანა გამორჩეული სტილის თავდამსხმელის მოძებნა...

- ჩვენ მესხის, მეტრეველის, სიჭინავას, იამანიძისა და სხვა ვარსკვლავების თამაშზე გავიზარდეთ. 13 წლისა ხარკოვში "ტყავის ბურთის" თასის ფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და "სოვეტსკი სპორტმა" დაბეჭდა სტატია სათაურით "Подрастающий Метревели". მაშინ მინდოდა, ისე მეთამაშა, როგორც სახელგანთქმული გარემარბები - სლავა და მიშა თამაშობდნენ. უზომოდ ვამაყობ, რომ ფეხბურთიდან წასვლის წინ სლავა მეტრეველმა მე გადმომცა თავისი მაისური!

- ალბათ, მწარედ გეცინებათ, როცა თანამედროვე ფეხბურთელების მრავალმილიონიან ხელფასებზე გესმით.

- როცა ალექსანდრე კოკორინი იღებს წელიწადში 5 მილიონ ევროს, ჩვენ ცოტათი მეტი მაინც ხომ გვექნებოდა (იცინის)?! ყველაზე დიდი პრემია - თითოეულს 1.500 გერმანული მარკა - დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ მოგვცეს. 2009 წელს კი, მხოლოდ "ევროპის ლიგის" ფინალის მოგებისთვის, დონეცკის "შახტარის" თითოეული მოთამაშე 500 ათასი ევროთი დაჯილდოვდა! მაშინ ამაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ ხოლმე, რამდენი შეიძლება მქონოდა ხელფასი, მადრიდის "რეალის" შემოთავაზებას რომ დავთანხმებოდი. "დინამოს" მაშინ გამზადებული კონტრაქტი მიუტანეს - თავად ჩაწერეთ თანხა, რამდენი გინდათ გუცაევის სანაცვლოდ, ხელფასზე კი პირადად მოვურიგდებითო.

- შეიძლებოდა, 2007 წლის 13 მაისს სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას გუცაევი ყოფილიყო გიორგი ნემსაძის ადგილას. გიფიქრიათ, როგორ მოიქცეოდით, თქვენთვის რომ მოეთხოვათ გადადგომა?

- იმ დღეების გახსენებაც კი არ მინდა... და როცა გიორგის ვხედავ, მასაც ვატყობ, რომ კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებს იმ ამბებს... ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ფეხბურთს არ უყვარს ხელოვნურობა - არც მოედანზე და არც მის მიღმა. ფეხბურთში ვერაფერს დამალავ - თვალწინ გაქვს და ყველა ხედავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "თუ ახალკაცი შემადგენლობაში არ დააყენებდა, შინ მოსული იჯდა და ტიროდა" - ქართული ფეხბურთის ლეგენდა და საბედისწერო რიცხვი 13