ურთულესი ორთაბრძოლა და ტოჩინოშინის შესანიშნავი გამარჯვება - კვირის პალიტრა

ურთულესი ორთაბრძოლა და ტოჩინოშინის შესანიშნავი გამარჯვება

17 მაისს წლის მესამე სუპერტურნირი - ნაცუ ბაშო მიმდინარეობს, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

მეექვსე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძეს მეტოქე მისი რანგის რიკიში, სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია, მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბძოლას დღის ბოლოს გამართავს.

ქართველ ფალავანს სულ რაღაც ოთხი მოგება დარჩა ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, თუმცა თუ ასე ასპარეზობა გააგრძელა, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - 24 მარცხი და მხოლოდ 9 გამარჯვება.

ჯურიო დივიზიონში კი საკუთარი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ, რომელმაც იუტაკაიამა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.

ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მიტორიუ იქნება.

Sportall.ge

იხილეთ ვიდეო