"წარმოიდგინეთ, რაჭველი კაცი წონასწორობას რომ დაკარგავს. მივვარდი - რატომ მაჯარიმებ-მეთქი... ისეთი ჟესტი მაჩვენა, ვერ მოვითმინე და ტრიბუნისკენ მოვისროლე"
22-05-2019
"წარმოიდგინეთ, რაჭველი კაცი წონასწორობას რომ დაკარგავს. მივვარდი - რატომ მაჯარიმებ-მეთქი... ისეთი ჟესტი მაჩვენა, ვერ მოვითმინე და ტრიბუნისკენ მოვისროლე"
ქართულ კალათბურთს ვარსკვლევები არასდროს ჰკლებია, მაგრამ ამ მხრივ გასული საუკუნის სამოციანი წლები მაინც გამორჩეულია. ამირან სხიერელი იმ სახელოვანი თაობის წარმომადგენელია, რომლის წარმატებებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა სამამულო სპორტის მატიანეში. 1941 წლის 21 იანვარს ონში დაბადებულმა და ობლობაში გაზრდილმა (მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა) ქართველმა ვაჟკაცმა მუხლჩაუხრელი გარჯით უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია: თბილისის "დინამოს" და საბჭოთა ნაკრების ორმეტრიანმა კალათბურთელმა საქართველოს უპირველეს გუნდთან ერთად 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს
(1968), ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1965) მედლების მფლობელმა 1969 წელს საკავშირო თასი დაისაკუთრა და თასების თასის ფინალისტი გახდა, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონობა ერგო...

საგულისხმო ფაქტი: 1947 წელს საბჭოთა კალათბურთელებმა პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე პრაღაში, ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ოქროსმედალოსანთა შორის იყვნენ ქართული
კალათბურთის ლეგენდები – ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია. მომდევნო წლებშიც არაერთხელ უთამაშიათ ჩვენებურებს კონტინენტის პირველობებზე, მაგრამ ერთბაშად ორი ქართველი ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 18 წლის შემდეგ ავიდა - 1965 წელს. მაშინ თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. იმ გუნდიდან ზურაბ საკანდელიძე და ამირან სხიერელი მიიწვიეს საკავშირო ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ. ამ შეჯიბრებას მოსკოვმა და თბილისმა უმასპინძლეს. საბჭოთა სპორტსმენებმა უპრობლემოდ გადალახეს ყველა ბარიერი – ჯგუფში დაამარცხეს ისრაელი (88:50), იტალია (87:48), ჩეხოსლოვაკია (79:74), რუმინეთი (62:60), ფინეთი (89:52), გდრ (65:41), უნგრეთი (76:45), ნახევარფინალში პოლონეთს აჯობეს (75:61) და გადამწყვეტ მატჩში იუგოსლავიას დაუპირისპირდნენ.

კაშაი
- იუგოსლავებმა პირველად ბრჭყალები 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოაჩინეს. მომდევნო წელს კი კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ერთ-ერთ ფავორიტად მოევლინენ. – გაიხსენა ერთხელ ჩეთან საუბრისას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ამბავი ვეტერანმა კალათბურთელმა ამირან სხიერელმა. – შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდათ: რადივოი კორაჩი, ტრაიკო რაიკოვიჩი, დრაგონ კოვაჩიჩი, ივო დანეუ, ზვონიმირ პეტრიჩევიჩი...

ჯგუფური ტურნირი მათ თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშეს და ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს. ფინალური ორთაბრძოლა, რომელიც მოსკოვში გაიმართა, ჩვენ მოვიგეთ 58:49, მე და ზურაბი ევროპის ჩემპიონები გავხდით. საკო, როგორც მას თანაგუნდელები ვეძახდით, საოცარი კალათბურთელი იყო, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი გახდა: ევროპის ჩემპიონატზე ოთხჯერ გაიმარჯვა, მიუნხენში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა.

1965 წლის ევროტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კორაჩი აღიარეს. იმ ჩემპიონატს მოსკოვში უნგრელი არბიტრი ერვინ კაშაიც ემსახურებოდა. მადიარის სიმპათიები ყოველთვის ჩვენი მეტოქეების მხარეს იხრებოდა. ეს ის კაშაია, რომელმაც 1962 წელს ჟენევაში ევროპის ჩემპიონთა თასზე თბილისის "დინამოს" და მადრიდის "რეალის" ორთაბრძოლა იმსაჯა შვეიცარიელ როჯერ ვებერთან ერთად. მაშინ მასპინძლის ობიექტურობა რომ არა, უნგრელი იმ შეხვედრას წაგვაგებინებდა. ეტყობა, 1956 წლის ამბები ჰქონდა გულში ჩახვეული.

მახსოვს, 1965 წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ამერიკაში გავემგზავრეთ. ინდიანაპოლისში ერთ-ერთი პაექრობის არბიტრად ისევ ის უნგრელი დანიშნეს. რატომღაც ამითვალწუნა - გასაქანი არ მომცა. საფინალო სირენამდე წამები რჩებოდა. ერთი ქულით წინ ვიყავით. ამერიკელთა საპასუხო შეტევისას ბურთი ჩავჭერი, მთელი სისწრაფით გავექანე მეტოქის ფარისკენ და ბურთის კალათში ჩასატენავად ჰაერში აღვიმართე თუ არა, ზურგიდან მეტოქე დამეჯახა. ამ დროს კაშაიმ დასტვინა. ვხედავ, მე მაჯარიმებს. წარმოიდგინეთ, რაჭველი კაცი წონასწორობას რომ დაკარგავს. მივვარდი კაშაის - ამიხსენი, რატომ მაჯარიმებ-მეთქი, ვუყვირე. მან ხელით ისეთი ჟესტი მაჩვენა, რომ ვერ მოვითმინე, სასტვენი ჩამოვგლიჯე და ტრიბუნისკენ მოვისროლე. უნგრელის რეაქციამაც არ დააყოვნა - ტექნიკური ჯარიმაც მომცა. ის მატჩი ქულით წავაგეთ. "ეს რა ვქენი, ხულიგნობისთვის ნაკრებიდან დამითხოვენ-მეთქი", – გამიელვა თავში. გასახდელში თვალს ვერ ვუსწორებდი ბიჭებს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი რომ შემოვიდა, ფეხზე წამოვდექი და თავჩაქინდრულმა პატიება ვთხოვე. "ამხანაგო სხიერელო, თქვენ არასპორტული საქციელისთვის კი არა, იმისთვის უნდა დაისაჯოთ, ის კაშაი ლურსმანივით არ დააჭედეთ იატაკზე", - მითხრა ღიმილით და მხარზე ხელი მომითათუნა. ალბათ, საბჭოთა სპორტის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ათლეტი არასპორტული საქციელისთვის წაახალისეს... გაგრძელება

ფერიდე
23 მაისი 2019 15:31
მარად დაუვიწყარი პიროვნება ,შესანიშნავი კალათბურთელი,ქართველი ვაჟკაცი ჭირსა და ლხინში გვერდში მდგომი, გაჭირვებულის დამხმარე,გოლიათი -ბავშვივით გულის პატრონი, სანათესაოს შემკრები და მომფერებელი, თვითონაც ყველასათვის საყვარელი,ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილი ,რომელიც პირნათელი წარსდგება მათ წინაშე.ბევრი ტკივილის და სიხარულის გადამტანი. კარგი ოჯახის თავკაცი.კაცი რომელიც დააკლდა საქართველოს,დააკლდა მშობელ რაჭას.სანთელი და ნათელი მარად შენს ლამაზ სულს. გაგიძლიერდეს ოჯახი.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები