"იტალიაში, თამაშის წინა დღეს რესტორანში სადილობისას "ნენა, რომელი ხართ გურულიო", - იკითხა ქალმა ქართულად. ბიჭებმა ერთმანეთს გადავხედეთ და..." - კვირის პალიტრა

"იტალიაში, თამაშის წინა დღეს რესტორანში სადილობისას "ნენა, რომელი ხართ გურულიო", - იკითხა ქალმა ქართულად. ბიჭებმა ერთმანეთს გადავხედეთ და..."

ეს იყო 1958 წელს. თბილისის "ბურევესტნიკი" კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა - კალათბურთელთა საკავშირო ჩემპიონატის "ა" კლასის დატოვება ემუქრებოდა უმაღლესი ლიგის დებიუტანტს. არადა, ბოლოსწინა მატჩი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონ რიგის არმიელებთან ჰქონდა. ბალტიისპირელები, რომელთა შემადგენლობაშიც საბჭოთა კალათბურთის ვარსკვლავები - ვალდმანისი, კალნინში, კრუმინში, მუიჟნიეკსი და გულბისი ბრწყინავდნენ, ცხადია, თბილისში აუტსაიდერთან 2 ქულას გეგმავდნენ. მასპინძელთა გუნდის ღირსებას ასტამურ აჩბა, თამაზ კაკაურიძე, ლევან მოსეშვილი, ანზორ ლეჟავა და ვალერი ლომაძე იცავდნენ. "ბურევესტნიკმა" იმ დღეს შესანიშნავად ითამაშა და, ყველას გასაოცრად, მრისხანე მეტოქეს 77:75 სძლია. წარმატებაში ლომის წილი ლომაძემ დაიდო.

- "ბურევესტნიკის" გამარჯვება მაშინ ჩვენზე მეტად მოსკოველ არმიელებს გაუხარდათ, - გაიხსენა 61 წლის წინანდელი ამბავი ვალერი ლომაძემ. - რიგელთა ამ მარცხის შემდეგ მათ ლიდერთან ქულებით გათანაბრების შანსი ეძლეოდათ, თუმცა ტრავინის, კორნეევის, ზუბკოვის, ვოლნოვის, ბოჩკარიოვისა და სხვა ცნობილი საბჭოთა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს თბილისის "დინამოს" ბარიერი უნდა გადაელახა. საქართველოს დედაქალაქში მეორე დღეს გამართულმა პრინციპულმა მატჩმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა. არადა, საფინალო სასტვენის შემდეგ მოსკოველები ქულით იყვნენ წინ, მაგრამ რეზო გოგელიამ ორივე საჯარიმო ზუსტად ტყორცნა და რუსები გაწბილებული დატოვა. სამაგიეროდ, კრუმინში გამოვარდა მოედანზე და ისე ჩაიხუტა ქართველი კალათბურთელები, რომ ძლივს გააშველეს. რიგელებმა ჩემპიონობა შეინარჩუნეს, ჩვენ კი ბოლო მატჩში სვერდლოვსკის "ურალმაშს" ვძლიეთ და უმაღლეს ლიგაში დავრჩით...

"უნებლიე" ჩხუბი და დაკარგული ოქრო

ოთხი წელიწადი იცავდა ვალერი ლომაძე თბილისის "ბურევესტნიკის" კალათბურთელთა გუნდის ღირსებას. არადა, მისი სასპორტო კარიერა მძლეოსნობით დაიწყო. მე-12 ვაჟთა სკოლის ბიჭები გაკვეთილების შემდეგ "დინამოს" სარბენ ბილიკებს მიაშურებდნენ ხოლმე. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რადგან მაშინ ის ბიჭი, ვინც სპორტში არ ვარჯიშობდა, დაცინვის ობიექტი ხდებოდა. ვალერი ლომაძე თანაკლასელებთან ერთად ცნობილ მწვრთნელ ბორის ტახტაროვთან მეცადინეობდა. მოქნილი, სხარტი ყმაწვილი სხვადასხვა დისტანციებზე რბენასა და სიმაღლეზე ხტომაში ჯაბნიდა თანატოლებს. საქალაქო შეჯიბრებებშიც რამდენჯერმე გაიმარჯვა. მწვრთნელს ეიმედებოდა ნიჭიერი შეგირდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან "სპორტის დედოფალს" უგანა.

- 1953 წელს თბილისში კალათბურთელ ვაჟთა საკავშირო ჩემპიონატი გაიმართა, - გვითხრა ბატონმა ვალერიმ. - ვერის ბაღის სტადიონის ტრიბუნებზე ტევა არ იყო. ბავშვები ფეხზე მდგარი ვუყურებდით მატჩებს. ისეთ აზარტში შევედი, რომ მეც მომინდა კალათბურთის თამაში. მაშინ ჩემი მეგობარი დიზი ქერქაძე ვარჯიშობდა პიონერთა სასახლეში თამარ გეგელაშვილთან. ერთ დღეს მეც გავყევი და კალათბურთის სექციაში ჩავეწერე.

ვალერი ლომაძემ ერთი წელიწადი ივარჯიშა თამარ მასწავლებელთან. მერე მიხეილ კეკელიძემ ქალაქის განათლების განყოფილების გუნდში გადაიყვანა. პირველ დიდ წარმატებას 1955 წელს მიაღწია - საქართველოს ნაკრებთან ერთად კიევში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მე-3 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს ქართველებმა მსგავსი შეჯიბრების მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმეს ლატვიელებთან და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. 1957 წელს კი საჩემპიონოდ გამზადებული გუნდი საბჭოეთის დედაქალაქში "ჩაძირეს":

წილისყრამ პირველსავე მატჩში ვალერი ლომაძეს (იგი კაპიტანი გახლდათ) და მის თანაგუნდელებს მოსკოველთა ძლიერი ნაკრები არგუნა. კოკისპირული წვიმის გამო ორგანიზატორებმა შეხვედრა დარბაზში გადაიტანეს. უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. მაყურებლები ზედ პირხაზთან იდგნენ. ქართველები პირველ ტაიმს 10 ქულით იგებდნენ. ამ დროს ჩვენს მოთამაშესა და ერთ-ერთ მაყურებელს შორის "უნებლიე" ინციდენტი ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა. ძლივს გააშველეს. მატჩი, თითქოს, ჩაიშალა, მაგრამ გვიან ღამით განაახლეს და საქართველოს ნაკრებმა ის პაექრობა 3 ქულით დათმო, საბოლოოდ კი მე-5 ადგილი დაიკავა. იმ ნაკრებში ლომაძესთან ერთად ლევან მოსეშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი და ანტონ კაზანჯიანიც იყვნენ...

თბილისის 24-ე სკოლის ვერცხლისმედალოსანმა მისაღები გამოცდები საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ჩააბარა და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი იმავე სასწავლებლის კალათბურთელთა გუნდ "ბურევესტნიკში" ჩაირიცხა. პირველი მკაცრი გამოცდა კაუნასის "ჟალგირისთან" მატჩში ჩააბარა: სტუდენტთა გუნდის ახალბედა მოთამაშემ ღირსეულად "ჩაკეტა" ბალტიისპირელთა ცნობილი ვარსკვლავი კაზის პეტკიავიჩუსი, რომლის სახელიც არა მარტო საბჭოეთში, არამედ ევროპაშიც ქუხდა. ხელფეხშეკრული დირიჟორის თანაგუნდელები "ბურევესტნიკთან" ვერაფერს გახდნენ და დამარცხდნენ. "სოვეტსკი სპორტმა" მთელ ქვეყანას ამცნო ეს ამბავი. იმ დღიდან სპი-ს გუნდი საბჭოთა გრანდებისთვის "უხერხულ" მეტოქედ იქცა.

1961 წელს ვალერი ლომაძე საბჭოთა კავშირის 25 საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელეს. მომდევნო წელს კი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელ თბილისის "დინამოში" მიიწვიეს.

- ყველა ქართველი კალათბურთელის ოცნება იყო "დინამოში" მოხვედრა. მეც ბედის კმაყოფილი ვარ. იქ გატარებული ყოველი წუთი სასიამოვნო მოგონებად დამრჩა. "დინამოშიც" ოთხი წელიწადი ვითამაშე. 1963 და 1965 წლებში სოციალისტური ქვეყნების დინამიადის ჩემპიონი გავხდი კრაკოვსა და პარდუბიცეში. გაგრძელება