თემურ ქეცბაია: "ვაისი ყველაზე იღბლიანია, მე მასზე უარეს ვითარებაში ვიყავი"
თემურ ქეცბაია: "ვაისი ყველაზე იღბლიანია, მე მასზე უარეს ვითარებაში ვიყავი"
ფოტო:თემურ ქეცბაია
"საქართველო ჩემი სამშობლოა და მასზე არავის გამო არ გავბრაზდები!"

თემურ ქეცბაიას არ აშინებს "ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა". საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ფამაგუსტის "ანორთოსისში", სადაც, თამაშის შემდეგ, მწვრთნელად მუშაობდა და კვიპროსული ფეხბურთისთვის მანამდე არნახულ წარმატებასაც მიაღწია - კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა. ბოლო წლებში "ანორთოსისს" პრობლემები აქვს და ქართველ მწვრთნელს კლუბისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად უხმეს. თემურ ქეცბაიას ფამაგუსტურ კლუბში ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე
დახვდნენ, გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი კი თვითონ წაიყვანა:

- "ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა"? ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. "ანორთოსისისგან" არაერთხელ მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ ვიჩქარე და მიმაჩნია, რომ სწორედ ახლაა კლუბში ჩემი დაბრუნების დრო!
აქ ჩემი საფეხბურთო კარიერის ნახევარზე მეტი გავატარე, ყველას ვიცნობ და
კარგად ვიცი, რა პრობლემების წინაშეა კლუბი, რა უნდა გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად. ათი წელიწადია, "ანორთოსისს" ტიტული აღარ მოუგია, ახლა კი ფამაგუსტაში ისევ შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც მათი მოგვარება შეუძლიათ. კლუბში დაბრუნდა ძველი მფლობელი, ფინანსურ საკითხებს ის მიხედავს, საფეხბურთო მხარეს კი მე.

- არ გეშინიათ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგავთ იმ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც წლების განმავლობაში მოიპოვეთ ფამაგუსტაში?
- "ანორთოსისში" დამპირდნენ, რომ კლუბს აღარ შეაწუხებს ისეთი პრობლემები, რაც ბოლო წლებში ჰქონდა. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ამ დროის განმავლობაში კლუბმა ერთი ტიტული მაინც უნდა მოიგოს. თვითონ წამოვჭერი ეს საკითხი, რადგან ამბიციური კაცი ვარ და აქ წარმატების მისაღწევად დავბრუნდი. "ანორთოსისმა" სეზონი მეშვიდე ადგილზე დაამთავრა, მაგრამ თუ გაისად მეექვსე ან მეოთხე ადგილზე გავა, ამას წარმატებად ნამდვილად არ ჩავთვლი! ევროთასზე მაინც უნდა მოვხვდეთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.

- ეს გასაგებია, მაგრამ მე სხვა რამ გკითხეთ...
- არ მეშინია. წარსულში მიღწეულთან დატოლებას არ ვაპირებ. ისიც ვიცი, რომ ამ გუნდით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ არ ვცადო წარმატების მიღწევა?! დღეს აღარავის აინტერესებს, წარსულში რას მიაღწიე. მთავარია, ახლა რას აკეთებ და ხვალ სადამდე მიხვალ! ამ კლუბში ბევრი გამიკეთებია და კიდევ ბევრის გაკეთებას ვგეგმავ, მაგრამ ბრმად არ მოვსულვარ - მივიღე დაპირება, რომ წარმატების მისაღწევად ყველა პირობა გვექნება.

- ბოლო დროს კაჭარავა და მიქელთაძე "ანორთოსისის" განაცხადშიც კი არ ჩანდნენ.
- ნიკამ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ახლა თბილისშია, ისევე, როგორც მიქელთაძე, რომელსაც ტონზილექტომია (ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა. - რ.შ.) სჭირდებოდა. კლუბში იმდენი პრობლემა იყო... და წარუმატებლობა ფეხბურთელების ბრალი ყველაზე ნაკლებად არის. შევძელით თითქმის ყველა იმ მოთამაშის შენარჩუნება, ვისი კლუბში დატოვებაც გვსურდა, ხუთი ახალი მოთამაშეც დავიმატეთ და მეექვსის შეძენასთანაც ახლოს ვართ. რაც შეეხება ქართველებს, მიქელთაძეც და კაჭარავაც ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები არიან და კლუბში რჩებიან.

- გიორგი ლორიაც ფამაგუსტაში ითამაშებს?
- გიორგისთან მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერაა დარჩენილი. ლორია სანაკრებო შეკრებას იწყებს და კვიპროსში ჩამოსვლას ვეღარ ასწრებს. ამიტომ მაისის ბოლოს საქართველოში ჩამოვალ და ხელშეკრულებასაც მოვაწერთ ხელს.

- რაც შეეხება ოქრიაშვილსა და ნავალოვსკის...
- ნავალოვსკი - არა, მაგრამ თორნიკე უკვე "ანორთოსისის" ფეხბურთელია. მასთან კონტრაქტსაც თბილისში მოვაწერეთ ხელი, ასე რომ, ახალი სეზონიდან ფამაგუსტაში ოთხი ქართველი ითამაშებს.

- ბოლოს "ორენბურგში" მუშაობდით, მაგრამ რუსული კლუბი მალევე დატოვეთ.
- კლუბმა ბოლო მომენტში დაკარგა პრემიერლიგის საგზური. ამის მიუხედავად, მაინც ჩავედი ორენბურგში და ძალიან თბილადაც მიმიღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც პირველი ლიგის შეზღუდვებს შევეგუე და ვერც - ქალაქს. მეგონა, რომ 50 წლით უკან, კომუნიზმის ეპოქაში დავბრუნდი... რუსეთის პირველი ლიგის კლუბს მხოლოდ ორი ლეგიონერის დამატების უფლება აქვს, ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა გავუშვით, ჩემპიონატის დაწყებამდე კი მხოლოდ ერთი თვე იყო დარჩენილი... მოკლედ, ორენბურგს ვერ შევეწყვე, მაგრამ ერთმანეთს კარგად დავშორდით.

- მას შემდეგ თელ-ავივის "მაკაბი" და ვარშავის "ლეგია" გიწვევდნენ.
- ვიყავი კიდეც თელ-ავივში და ყველაფერზე შევთანხმდით "მაკაბის" მილიარდერ მფლობელთან, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალეს. "ანორთოსისისგან" რამდენჯერმე მივიღე შემოთავაზება, თუმცა მხოლოდ ხელფასისთვის არასდროს მიმუშავია. სულ ამბიციური კლუბის გაწვრთნას ვცდილობ და როცა დავინახე, რომ ფამაგუსტაში უკვე არის წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, კვიპროსში დავბრუნდი.

- ბაქოს "ნეფთჩიც" იყო დაინტერესებული, არა?
- კლუბის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდი და ჩემი პირობები გავაცანი, თუმცა ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვიდა. შეთანხმება თითქმის მიღწეული მქონდა ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ კლუბთანაც, მაგრამ ბოლო წამს გაირკვა, რომ თურმე ჩემი მოქალაქეობა "არ აწყობდათ". ზოგადად, ეს დიდი პრობლემაა. ცენტრალურ ევროპაში მხოლოდ ახლო მეზობლებს აღიარებენ, მაგალითად, გერმანელები, ესპანელები, ფრანგები და ა.შ. სამწუხაროა, რომ ადამიანი არა ცოდნით და გამოცდილებით, არამედ იმით ფასდება, რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს! ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძაფრად განვიცადე საბერძნეთში მუშაობისას. სულ მესმოდა - ამხელა გუნდის მწვრთნელი ვიღაც ქართველი თუ კვიპროსელი რატომ უნდა იყოსო?! ასეთი მიდგომის გამო საბერძნეთში თავის გამოჩენის შანსიც კი არ მომეცა! ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ბევრჯერ მიფიქრია, რამდენით მეტი შესაძლებლობა მექნებოდა, მაგალითად, ინგლისში ან ესპანეთში რომ დავბადებულიყავი...

- რადგან საქართველო ახსენეთ, ჩვენს ეროვნულ გუნდზეც ვილაპარაკოთ... ნაკრებიდან გულნატკენი კი წახვედით, მაგრამ ვაისის გუნდის თამაშებს ხომ უყურებთ?
- ხუთი წელიწადი ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და არ ვფიქრობ, რომ გუნდიდან ცუდად წავედი. არც გულნატკენი ვარ - რაც შემეძლო, გავაკეთე... რაც შეეხება ახლანდელ ნაკრებს, ვფიქრობ, რომ იმ მწვრთნელებიდან, ვისაც საქართველოს ნაკრებში მოუწია მუშაობამ, ყველაზე იღბლიანი ვაისი აღმოჩნდა. ვგულისხმობ ერთა ლიგას, სადაც შედარებით სუსტი მეტოქეები გვყავდა და ნახევარფინალშიც გავედით. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია სათამაშო. გაცილებით რთულია თამაში, როცა შენგან ყველა აუცილებლად მოგებას ელის! ერთა ლიგაზე კარგად ვითამაშეთ და ქვეჯგუფში პირველი ადგილიც დავიკავეთ, მაგრამ "ევრო-2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რამხელა სხვაობაა ერთა ლიგასა და "ნამდვილ" შესარჩევს შორის... ამიტომ ერთა ლიგამ არ უნდა დაგვაბრმავოს, ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ.

- ბელარუსთან მატჩში რა უნდა იყოს ჩვენი "კოზირი"?
- მთავარია, ფავორიტის სტატუსმა უარყოფითად არ იმოქმედოს ფეხბურთელებზე. ასეთ შეხვედრებში გამოცდილება დიდ როლს თამაშობს, ჩვენს ნაკრებში კი ბევრი ახალგაზრდაა და იმედია, ემოციებს არ აჰყვებიან. პრობლემა იქნება ჩაკვეტაძის არყოფნაც.

- გეცინებათ ხოლმე, როცა ვლადიმერ ვაისისგან გესმით - ჩვენი ფეხბურთელები სუსტ ჩემპიონატებში თამაშობენ, სათამაშო პრაქტიკა არა აქვთო? ასეთი სიტყვებისთვის ხომ თქვენც ბევრჯერ გაუკრიტიკებიხართ?
- ვაისი მართალია - ასეთი იყო რეალობა ჩემს დროსაც და ასეა ახლაც! დღეს მეტ-ნაკლებად თამაშობენ მაინც, მე კი გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავი - სხვა გზა არ მქონდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები უნდა მომეწვია, სათამაშო პრაქტიკას ვინ ჩივის, საერთოდ უგუნდოდ რომ იყვნენ! რაც შეეხება ეროვნულ პირველობას, ჩვენი ჩემპიონატი რა დღეშიც არის, ევროთასების პირველივე ეტაპზეც კარგად ჩანს ხოლმე. აგერ, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პრობლემები ჰქონია, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთამაშე დააკავეს და ა.შ. ამას ისიც ემატება, რომ რაკი კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, კერძო ინვესტორებმა ფეხბურთში ფულის დაბანდება შეწყვიტეს და უარესი ვითარებაც მივიღეთ...

- ჩვენც ვიცით, სად და როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაგრამ სულ ამაზე ლაპარაკი და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა, არასწორია!
- ვაისი წაგებას ფეხბურთელებს კი არ აბრალებს, არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. იმის თქმაც შეუძლია - ამჟამად მეტი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დონის გუნდებთან შედეგი ხომ ვაჩვენეთო?! მით უმეტეს, რომ ქართულ ფეხბურთს ყაზახეთზე უარესად აქვს საქმე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ერთა ლიგაზე გვყავდა ჩაკვეტაძე და იქ მიღწეული შედეგი მისი კარგი თამაშის დამსახურებაც არის. ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს უნდა დაუძახო, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად რომ მიხვალ, ის კი შენ გვერდით ზის ტრიბუნაზე, ვის არჩევაზეა ლაპარაკი?! ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც, და სლოვაკი მწვრთნელიც ამაზე ლაპარაკობს, თორემ ის არ უგულისხმია - მე მაგარი ვარ და ფეხბურთელები ვერ მიწყობენ ხელსო...

გასაგებია, რომ შედეგი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ შედეგის მისაღწევად? - არაფერს! მგონი, ქართველებზე მეტად ფეხბურთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვარდათ, დღეს კი... ფეხბურთს ვინღა ახსენებს.

- ნაკრებში მუშაობის ბოლო წელს თქვენი და ქართული მედიის ურთიერთობაც გვახსოვს და ფეხბურთელებთან კონფლიქტებიც. მოთამაშეებთან ურთიერთობა რომ დაიძაბა, იმიტომ აღარ იყო შედეგი თუ პირიქით - კონფლიქტურ ურთიერთობას მოჰყვა წარუმატებლობა?
- რომელ კონფლიქტებზეა ლაპარაკი, როცა "ანორთოსისში" ნაკრების ოთხი მოთამაშე მიმყავს?! მაშინ სიტუაციას ზოგიერთი ჟურნალისტი და რამდენიმე ფეხბურთელი ურევდა, თორემ ჩემს დროს რომ ნაკრებში ერთიანობა იყო, ისეთი სხვა დროს როდის გახსენდებათ? ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდოდა, ძალით ვერ ვათამაშებდი. ფეხბურთელი სიხარულით უნდა მოდიოდეს ნაკრებში, ძალით ხომ ვერ ათამაშებ?! არიან მოთამაშეები, კლუბში კარგად რომ მოეწყობიან, ნაკრები აღარ ახსოვთ და აღარც სჭირდებათ, უკლუბოდ ყოფნისას კი პირველები მორბიან ეროვნულ გუნდში!

- ანუ ფეხბურთელებთან არასდროს გქონიათ პრობლემა?
- როცა შეკრებაზე მინიმუმ 23 მოთამაშე ჩამოგყავს და მათგან მხოლოდ 11 ხვდება შემადგენლობაში, ვიღაც ყოველთვის დარჩება უკმაყოფილო, მათ შორის ისინიც, ვინც იმ ჯერზე ვერ ან არ გამოიძახე. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა შენ კი იწვევ, მაგრამ ფეხბურთელს არ უნდა ნაკრებში ჩამოსვლა. ასეთ დროს კითხვებზე პასუხის გაცემა ისევ მწვრთნელს უწევს... შემეძლო, ინტერვიუ არავისთვის მიმეცა და მხოლოდ პრესკონფერენციისას გამეკეთებინა კომენტარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლიდი, მეპასუხა ყველაფერზე, რაც გულშემატკივარს აინტერესებდა. ბოლოს კი ისე გამოვიდა, რომ ყველამ სათავისოდ დაიწყო ამის გამოყენება.

- თუკი რამე პრობლემა იყო, ალბათ, თქვენი ემოციური ხასიათის გამო, თორემ ქართველ ჟურნალისტებს პირადად თემურ ქეცბაიას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ!
- დავანებოთ თავი ამ თემას. მე გული იმაზე მტკივა, რომ ქართული ფეხბურთი უარესობისკენ მიდის. გავა ხუთი წელიწადი, დაიხარჯება მთავრობის გამოყოფილი 250 მილიონი და... ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იქნება. წლების წინ, კვიპროსზე რომ ჩამოვედი, ჩემი თანაკლუბელებიდან ზოგი მეხანძრე იყო, ზოგი - მეთევზე და ზოგიც - ფოსტალიონი. ახლა? ბოლო ათი წლის განმავლობაში კვიპროსულმა კლუბებმა ხუთჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ?! ყოფილი საბჭოეთის ყველა სახელმწიფომ მიაღწია რაღაც შედეგს, საქართველო კი, ამხელა საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა, მაჩანჩალებს შორისაა.

- რას შეცვლის ქართული ფეხბურთისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?
- ფეხბურთი ისეთი რამ არის, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლამ სხვანაირი ბიძგი მისცეს საქართველოში მის განვითარებას. აიძულოს ვიღაცები, ფეხბურთისთვის უფრო მეტად, უფრო სწორად დაიხარჯონ!

- შეიძლება, თემურ ქეცბაია ოდესმე კიდევ ვნახოთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? თუ ისევ გულნატკენი ხართ?
- საქართველო ჩემი სამშობლოა და მასზე არავის გამო არ გავბრაზდები! რაც შეეხება ნაკრებს, ამ თემაზე არ მიფიქრია. როცა ერთგან საქმიანობ, სხვა სამსახურზე არ უნდა იფიქრო! ისე კი, ნათქვამია: "არასდროს თქვა არასდროს!"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები