ქართული ფეხბურთის ტრაგიკომედია – ქორწილი და უსასრულო პანაშვიდი
27-05-2019
ქართული ფეხბურთის ტრაგიკომედია – ქორწილი და უსასრულო პანაშვიდი
"სანამ კარსმომდგარ ევროთასებზე შევრცხვებოდეთ, ქართულ ფეხბურთში უკვე "გასკდა"მორიგი სიბინძურე"

სამწუხაროდ, ქორწილამდე ვერ მივედით, რადგან თავის ქორწილამდე ერთი თვით ადრე ყოფილი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მის გარდა, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცავებმა კიდევ ორი ყოფილი და რვა მოქმედი ფეხბურთელი დააკავეს.

ქორწილი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდებულმა ჩაფიძემ მოსამართლეს სთხოვა, შეცდომა დავუშვი და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედა მყავს ცუდად, 22
ივნისს კი ქორწილი მაქვსო...

მოსამართლემაც გაითვალისწინა, ოღონდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ლაშა ჩაფიძესა და კიდევ ორ ყოფილ ფეხბურთელს - ნიკა დაუშვილს და ვახტანგ ჯაყელს, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" მოთამაშე ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, "ვიტ ჯორჯიასა" და "გურიას" ფეხბურთელები ირაკლი ბაჯელიძე, რობერტ
იმერლიშვილი, ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნიკოლოზ მაისურაძე და ნოდარ კიკნაველიძე საპატიმროს 20-დღეში, 10-10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ...

93 ათასი

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით (ორი ან მეტი ბურთის სხვაობით წაგება. – რ.შ.) თამაშის დამთავრებაზე. 2019 წლის 3 აპრილს ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა შეთანხმების საფუძველზე, თბილისის "მერანსა" და "გურიას" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, შეთანხმების საფუძველზე, ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით წააგეს.

მაქინაციების შედეგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა 93 500 ლარი მიიღეს...

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), თუმცა ჩვენი რეალობისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელია საქმე გირაოსა და პირობით სასჯელს გასცდეს...

დიახ, ქართული ფეხბურთისთვის ახალი არაფერი მომხდარა – არც დანაშაულისა და არც საბოლოო შედეგის თვალსაზრისით. "შეცდნენ", მოინანიეს და... ცოტა ხანში, ალბათ, ისევ გააგრძელებენ, ზოგი - თამაშს (ფეხბურთისაც!), სხვები კი - თავისუფლად ცხოვრებას მაინც.

კობიაშვილი

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ლევან კობიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განაცხადა - ჩემთვის გამოძიებაც უკვე დასრულებულია და ამ ადამიანების ფეხბურთიცო: "მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და მინდა, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ. ასეთი საქციელი არა მხოლოდ ფეხბურთელებს, მათ კლუბებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს აზარალებს.

...არავინ გაბედოს ამ ფეხბურთელების დაცვა! ვინც უნდა იყოს, ამის გამო ყველას დავუპირისპირდები. ამ მოთამაშეებმა დაიმსახურეს, რასაც მიიღებენ და გარანტიას ვიძლევი, რომ მიიღებენ! ვიმეორებ, არ ვაპირებთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ, ჩემთვის გამოძიება დასრულებულია! ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთიც დამთავრებულია. არც შსს ვართ და არც სხვა უწყება, მაგრამ რა უფლებაც გვაქვს, იმის ფარგლებში ვიმოქმედებთ. სადისციპლინო კომიტეტთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ მათ დასასჯელად!"

სფფ-ის თავკაცმა კლუბების პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა:

"მოთამაშეების და გუნდების გვერდში დგომაც გვჭირდება, რათა ასეთი სიბინძურე აღარ განმეორდეს. ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილი, დღესაც თამაშობენ! სწორედ ეს არის ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. მათ დააბრუნეს მოთამაშეები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნეული. ქართული ფეხბურთის მომავალზე არა მარტო ფედერაციამ, კლუბებმაც უნდა იფიქრონ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ.

...ფეხბურთელებისა და კლუბებისთვის არაერთხელ გამოგვიტანია ვერდიქტი, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენკენ იშვერდნენ ხელს, საკმარისი მტკიცებულებები არ გქონდათო, შემდეგ კი კლუბებს ჩვენ მიერ დასჯილი ფეხბურთელები აჰყავდათ!

სწორედ ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა ზოგიერთი ადამიანისა და კლუბის მხრიდან. რაც შეეხება გარიგებაში ჩართულ მოთამაშეებს, ალიბის შესაქმნელად ისინი ხშირად ცდილობენ აქცენტის მსაჯებზე გადატანას, დამნაშავეებად არბიტრების გამოყვანას... ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩშიც სწორედ იმ ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ურჩევდა საქმეს მსაჯს - პენალტი რატომ არ დაგვინიშნეო, თვითონ კი რაზე ჰქონდა დადებული, ყველამ კარგად ვნახეთ! ხელის სხვისკენ გაშვერა მათი ერთ-ერთი მეთოდია"...

ილოცეთ!

დაისჯებიან თუ არა ფეხბურთელებთან ერთად კლუბებიც? ლევან კობიაშვილმა ამ საკითხზეც მწვავედ ილაპარაკა: "ფეხბურთის ფედერაცია, სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების, ასევე, შესაძლოა, კლუბების მიმართაც. რაც მოხდა, დასასრული არ არის. შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე სხვა ფეხბურთელები და კლუბებიც დასახელდნენ. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდეს!"

(გამო)ლოცვა არათუ ამ სიტყვების ადრესატებს, მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც არ აწყენდა. ისევე, როგორც ბევრს არ აწყენდა საკუთარ სინდისსა და ქომაგის თვალებში ჩახედვა! და თუ ვინმე მართლაც ფიქრობს, რომ დაბალი ან დაგვიანებული ხელფასი გარიგებულ მატჩში მონაწილეობას ამართლებს, სინდის-ნამუსიც ხელფასივით დაბალი ჰქონია!

ხელფასზე რომ წუწუნებ და მხოლოდ საკუთარ (თუნდაც ცარიელ) საფულეში იყურები, ქომაგისკენაც გაიხედე! თვალებში შეხედე გულშემატკივარს, რომელმაც იქნებ მართლაც ნასესხები ფულით იყიდა მატჩის ბილეთი, მოვიდა და გქომაგობს, გვერდით გიდგას, საყვარელი კლუბის გამარჯვებით ხარობს... შეხედე, თუ სინდისი სუფთა გაქვს, თვალი გაუსწორე და მერე თუნდაც წააგე, ოღონდ განზრახ კი არა, ბრძოლაში, პატიოსანი თამაშით!

ხელფასი კი... მოგვწონს თუ არა სახელმწიფო პროგრამა, მისი მეშვეობით ხელფასს მაინც ხომ ნამდვილად იღებს ყველა ფეხბურთელი?! და მეტწილად იმაზე მეტსაც, ვიდრე სტადიონზე ბოლო რამდენიმე ლარით მისული ქომაგი...

მოტივი

რა მოტივები აღარ მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში: მომავალი ქორწილი, დაგვიანებული ხელფასი, სხვისი სიცოცხლის გადარჩენაც კი... დიახ, ბრალდებულ ჯონი შეროზიას ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფეხბურთელები გარიგებაში მონაწილეობას ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ! შეროზიას ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ლაპარაკია აგენტზე, რომელმაც ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინა.

"ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ხდება. ამ საქმეში ჯონი შეროზიას ჩართვას მანამდეც ცდილობდნენ, თუმცა ის მსგავს ნაბიჯზე არასდროს წასულა. ისიც ფაქტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ საქმიდან არავითარი შემოსავალი არ მიუღია", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ვინ რა მიიღო და კიდევ რას მიიღებს სადისციპლინო კომიტეტისგან, რამდენიმე დღეში შევიტყობთ. უკანონო გარიგებების ორგანიზატორებს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა, სავარაუდო მონაწილეები კი გირაოს გადაიხდიან და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

ჩვენც დაველოდებით... იმის მიუხედავად, რომ თამაშების გარიგებაში (არა მხოლოდ ფეხბურთში) მხილებული და დაკავებული აქამდეც ბევრი გვინახავს, სამაგალითოდ დასჯილი - იშვიათად.
საციხედ არც ჩვენ გვემეტება ვინმე და ისიც ვიცით, რომ რამდენიმე "ლიფსიტის" დაჭერით "ღლავები" არ გაწყდებიან, მაგრამ რაკი დიდ თევზებს ვერ (თუ არ) ვპოულობთ, პატარებსაც მოვეშვათ?! იოლი ფულის შოვნაზე რამდენიმე ფეხბურთელის დაჭერა-შერცხვენის შემდეგაც არავის აუღია ხელი და თუ შემსრულებლებიც აღარ დავსაჯეთ, აღებ-მიცემობის აყვავება მერე ნახეთ!.. არა, ფესვები ისედაც ღრმად აქვს გადგმული, მაგრამ არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ქართულ ფეხბურთში მხოლოდ ეს განშტოება "ყვავის", თუმცა სხვა მხრივ რა დღეშიც ვართ, სახელმწიფო დაფინანსების მიუხედავად, პრობლემებმოძალებული კლუბები და კარს მომდგარი ევროთასებიც კარგად აჩვენებს!

სხვა ქვეყნებში უარესებიც ხდება? შეიძლება, მაგრამ ჩვენ ჩვენი გაჭირვებისა ვიკითხოთ, საკუთარ თავსა და ჩემპიონატში ვეძებოთ პრობლემის მიზეზები, თორემ ბოდიშის მოხდაზე ადვილი რა არის?!
გვაპატიეთ, შეცდომა დავუშვითო... ჩვენ როდის დავუშვით შეცდომა?! როცა ფეხბურთი შევიყვარეთ, თუ როდესაც სტადიონზე მივედით ფეხბურთის სანახავად? ნამდვილი ფეხბურთის, სადაც იგებენ ან მარცხდებიან, მაგრამ თამაშობენ! ფეხბურთს თამაშობენ და არა - ვიღაცის ან რაღაცისთვის დადგმულ სპექტაკლს...
ყოფილი ფეხბურთელები მოქმედი მოთამაშეების მეშვეობით შოულობ(დნ)ენ ფულს. გულშემატკივარიც შოულობს ბილეთის ფულს, ბილეთს, დროს, მიდის სტადიონზე და უყურებს "ფეხბურთს", რომელსაც, ხშირად ფეხბურთელები კი არა, მსახიობები თამაშობენ!

ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს, რატომ არის ტრიბუნები ცარიელი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) და რატომ ჩაანაცვლა საქართველოში ტოტალიზატორმა ნამდვილი ფეხბურთი?
დაველოდოთ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას და ვნახოთ, ვის რამდენი ხნით მოკვეთენ. ის კი უკვე ვნახეთ, რომ სანამ კარსმომდგარ ევროთასებზე შევრცხვებოდეთ, ქართულ ფეხბურთში უკვე "გასკდა" მორიგი სიბინძურე. ისიც ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ თემაზე მხოლოდ რამდენიმე დღე ვილაპარაკებთ, ყველას მალევე მიავიწყდება და... თავის საქმეს დაუბრუნდებიან მორიგ სკანდალამდე!
ვითომ "ქორწილამდე დაგვავიწყდება?!" - არა მგონია...

ქორწილს რა სჯობს! ქორწილი და კარგი ამბები ახლა განსაკუთრებით სჭირდება ქართულ ფეხბურთსაც და მთლიანად – ქვეყანასაც, მაგრამ... ქორწილი ჯერ ჰორიზონტზეც არ მოჩანს. და კარგ ამბებზეც მხოლოდ ლაპარაკი გვესმის.

პანაშვიდი კი - რამდენიც გინდათ!..
და ქართული ფეხბურთიც ერთ დიდ, დაუსრულებელ პანაშვიდს დაემსგავსა, სადაც ყველა "მიცვალებულის" გარშემო ფუსფუსებს, სინამდვილეში კი სათავისოდ ცდილობენ: ზოგი - აშკარად, ზოგიც - ფარულად...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები