"90-იან წლებში ისეთი ბავშვობა გამოვიარე, 10-11 წლის ბიჭები ტყვიების ზუზუნში ვვარჯიშობდით... აგასისა და მისი დაჭიმული ჩოგნის როგორ უნდა შემშინებოდა" - კვირის პალიტრა

"90-იან წლებში ისეთი ბავშვობა გამოვიარე, 10-11 წლის ბიჭები ტყვიების ზუზუნში ვვარჯიშობდით... აგასისა და მისი დაჭიმული ჩოგნის როგორ უნდა შემშინებოდა"

იმ დღეს ქართული ჩოგბურთის ქომაგებს შანჰაის ტურნირის ერთი შედეგი ეკერათ პირზე - გაიგე, ირაკლი ლაბაძემ ანდრე აგასი დაამარცხაო, შთაბეჭდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს რეიტინგით მეორე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჩოგბურთელი დაამარცხა დაძაბულ პაექრობაში - 7:6, 7:5. - შანჰაის ტურნირამდე მხოლოდ ჩვენი ეზოს დამლაგებელი თუ მიცნობდა, - ხუმრობით მითხრა ერთხელ ირაკლიმ. - აგასის ძლევის შემდეგ მთელმა უბანმა გაიგო ჩემი სახელი...

ირაკლი ლაბაძე 1981 წლის 9 ივნისს დაიბადა თბილისში. მამა გივი ლაბაძე ფეხბურთელი გახლდათ - დონეცკის "შახტიორის" ღირსებას იცავდა. თამაშს 33 წლისამ დაანება თავი. შემდეგ ჩოგბურთმა გაიტაცა და ვაჟიშვილიც კორტებს დაუმეგობრა. ირაკლიც წარმატებით თამაშობდა ახალგაზრდულ ტურნირებში: 1997 წელს ჭაბუკთა ევროპის პირველობის ნახევარფინალში გავიდა, მომდევნო წელს ახალგაზრდებში უიმბლდონის ტურნირის ერთეულთა ფინალში მომავალ ვარსკვლავ როჯერ ფედერერთან დამარცხდა - 4:6, 4:6. 1999 წელს 18 წლისამ ხორვატ ლოვრო ზოვკოსთან ერთად წყვილებში საფრანგეთის ღია პირველობის ახალგაზრდული შეჯიბრება მოიგო - ფინალში დანიურ-ბელგიურ დუეტს (კრისტიან პლესი - ოლივიე როხუსი) აჯობა - 6:1, 7:6.

2001 წელს ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი) ჩელენჯერის სერიის ტურნირში მიაღწია წარმატებას - ფინალში ამერიკელ ჯეიმს ბლეიკს სძლია. იმავე წლის სექტემბერში შანჰაის (ჩინეთი) საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში აჯობა (7:6, 7:5) ამერიკელ ანდრე აგასის, რომელსაც მაშინ მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილი ეკავა. 2002-2003 წლებში გაიმარჯვა ჩელენჯერის სერიის ტურნირებში ბრესტში, კიევსა (ორჯერ) და დნეპროპეტროვსკში.

2004 წელს ATP მასტერს-ის სერიის ტურნირზე ინდიან-უელსში (აშშ) ნახევარფინალი ტიმ ჰენმენთან (დიდი ბრიტანეთი) დათმო. იმავე წლის აპრილში ეშტორილის (პორტუგალია) ტურნირში მაქსიმ მირნი და რაფაელ ნადალი დაამარცხა, ნახევარფინალი რუს მარატ საფინთან წააგო. 5 ივლისისთვის მსოფლიოს კლასიფიკაციაში 42-ე ადგილს უწია.

დიდი სლემის ტურნირებზე საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა - უიმბლდონის მეოთხე რაუნდში გავიდა. მანამდე საფრანგეთის 2004 წლის ღია პირველობის არგენტინელ ჩემპიონსა და კლასიფიკაციაში მე-12 პოზიციაზე მყოფ გასტონ გაუდიოს და ამერიკელ მარდი ფიშის სძლია, მეოთხე წრეში ესპანელ რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 6:7, 3:6. წყვილთა 6 ტურნირში გაიმარჯვა და სამჯერ მეორე ადგილებზე გავიდა. კარიერა ერთეულებში 499-ე, წყვილებში კი 342-ე ადგილზე დაასრულა.

- ჩინურ კორტზე გასვლის წინ არ შეგშინებია? - ვკითხე ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც აქტიურ სპორტს 2010 წელს დაემშვიდობა.

- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისის "დინამოს" კორტებზე ისეთი ბავშვობა გამოვიარე, რომ აგასისა და მისი დაჭიმული ჩოგნის როგორ უნდა შემშინებოდა. ალბათ, გახსოვთ, მთელ საქართველოში, მათ შორის - მტკვრის სანაპიროზეც, მაშინ ავტომატიანი კაცები დარბოდნენ. ტყვიების კაკანშიც გვივარჯიშია. დღეს გული მიკვდებოდა, "დინამოს" ყოფილ კორტებთან რომ ჩავივლი. არ უნდა დაენგრიათ ის ისტორიული ადგილი, სადაც უამრავმა სახელოვანმა ქართველმა ჩოგბურთელმა აიდგა ფეხი.

- ისევ შანხაის დავუბრუნდები: არა მგონია, აგასისთან მატჩის წინ გულარხეინად ყოფილიყავი.

- აბა, რა გითხრათ. ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ მამის ხელმძღვანელობით დავიწყე, მერე 1997 წლამდე რენა აბჟანდაძე მავარჯიშებდა. ბავშვობიდანვე ვიწრთობოდი ტურნირებში. 9 წლისამ ხარკოვში პირველი ადგილი დავიკავე - ფინალში კარპენკოს ვძლიე. მერეც არაერთ საკავშირო ტურნირში გავიმარჯვე, მაგრამ ყრმობის ასაკში ყველაზე წარმატებული 1996 წელი გამოდგა: იტალიაში ზედიზედ ორ ტურნირში ვითამაშე - ერთი მოვიგე, მეორეში ნახევარფინალი წავაგე. მერე ინგლისში ევროპის პირველობაზე გავიმარჯვე. იმავე წელს მილანში 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა გაიმართა. მერვედფინალიდან ზედიზედ ვძლიე რუს მარატ საფინს, ესპანელ ხუან კარლოს ფერეროს, ფრანგ ჟულიენ ჟან პიერს და ჩემპიონობა მოვიპოვე.

- შანხაიმდე უიმბლდონიც იყო...

- დიახ, 1998 წელს 18-წლამდელთა ფინალში გავედი და მსოფლიოს ჩოგბურთის მომავალ ვარსკვლავ როჯერ ფედერერთან დავმარცხდი - 4:6, 4:6.

- და მაინც, ჩინეთი.

- მართალია, აგასი მსოფლიოს რეიტინგით მეორე იყო და მთელი ასი საფეხურით მისწრებდა, მაგრამ არც მე მაკლდა გამოცდილება. საინტერესო ის იყო, რომ თამაშამდე ერთი საათით ადრე ცენტრალური კორტის ერთ მხარეს მე ვხურდებოდი - სპარინგობას რუსი სტოლიაროვი მიწევდა. ბადის მეორე მხარეს აგასი და ჰოლანდიელი ჩოგბურთელი იდგნენ. ერთ-ერთ მომენტში აგასიმ სტოლიაროვს გადაულაპარაკა - ჩოგბურთს საქართველოშიც თამაშობენო. ჩემს პარტნიორს გაეცინა - მალე ნახავო, უპასუხა. სათამაშოდ რომ გავდიოდით, ამერიკელს წივილ-კივილითა და ფეხზე ამდგარი შეეგებნენ, ჩემი გვარის გამოცხადებისას კი ზრდილობისთვის სამიოდე კაცმა თუ დაუკრა ტაში. თავიდან აგასი დომინირებდა და 4:2-ც დაწინაურდა. ვერ ვგუობდი მემარცხენე მეტოქეს. თანდათან ალღო ავუღე, ხელთ ვიგდე ინიციატივა და მაყურებელთა ნაწილის სიმპათიებიც დავიმსახურე. ჩემს საბოლოო გამარჯვებას ტრიბუნები გულგრილი არ დაუტოვებია. ცხადია, ყველაზე მეტად გახარებული მე ვიყავი. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ირაკლი ლაბაძე: "არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის?"