რუსეთი ოკუპანტია !
"რუსებმა ოლიმპიადაზე არ წამიყვანეს, რადგან საცხოვრებლად მოსკოვში არ გადავედი"
01-06-2019
"რუსებმა ოლიმპიადაზე არ წამიყვანეს, რადგან საცხოვრებლად მოსკოვში არ გადავედი"
"ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ საბჭოელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრის უფლება მოგვცეს, თუმცა ეს ვიზიტი ძვირად დაგვიჯდა"

ძველ ინდოელებს ჰქონიათ "წმინდა წიგნი", რომელშიც ბასრი იარაღით ვარჯიშის წესები იყო აღწერილი; იაპონიასა და ჩინეთში ბამბუკის ჯოხებით ხვეწდნენ საბრძოლო ხელოვნებას; ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ - ჩვენს ერამდე 1190 წელს ეგვიპტის ფარაონ რამზეს მესამეს საკუთარ სამარხად აუგია მედინე აბუს ტაძარი, რომლის ბარელიეფზე ლიბიელებთან გამარჯვების აღსანიშნავად ფარიკაობაში გამართული ტურნირის ეპიზოდებია ასახული. იმ ფრესკებზე
აშკარად განირჩევა ფარიკაობის იარაღი, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვეს, და სახის დამცავი ნიღბები.
შუასაუკუნეებში ვაჟკაცად ჩამოყალიბებაში ფარიკაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა უფრო კლასობრივ ხასიათს ატარებდა, რადგან ის უფრო სახელმწიფო და სათავადაზნაურო არისტოკრატიისთვის იყო ხელმისაწვდომი. დაშნის ტარების უფლება მხოლოდ წარჩინებულებსა და უმაღლესი წოდების წარმომადგენლებს ჰქონდათ. ამიტომ ისტორიულად ფარიკაობა
დღემდე რჩება სპორტის ელიტარულ სახეობად.

საქართველოში ხმლით ბრძოლის ხელოვნება უძველესი დროიდანაა ცნობილი, რასაც არქეოლოგიური გათხრების მონაპოვარიც მიანიშნებს. თუმცა კლასიკური ფარიკაობა მე-19 საუკუნის მიწურულიდან იკვლევს გზას, უფრო კი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოიკიდა ფეხი. 50-60-იანი წლებიდან ქართველმა მუშკეტერებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს: ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური, ოლიმპიადებზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა გურამ კოსტავამ; მსოფლიოს ჩემპიონატების უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ გურამ კოსტავა, ნუგზარ ასათიანი და ვლადიმერ აფციაური. ახალგზრდებში მსგავს წარმატებას მიაღწიეს ნიკოლზ ანდრიაძემ და გურამ ლორთქიფანიძემ, ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონია სანდრო ბაზაძე, რომელიც უფროსებში ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა; ქალებში კი თეოდორა კახიანმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. სხვადასხვა წლებში საგულისხმო გამარჯვებები მოუპოვებიათ რევაზ ცირეკიძეს, მორის სახვაძეს, ძმებს - გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებს.

და მუდამ საქართველოს ერთგული

ქართველ მუშკეტერთა ოქროს თაობის თანავარსკვლავედში საპატიო ადგილი უკავია სახელოვან მოფარიკავეს, 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონ იური ოსიპოვს, რომელმაც 1957 წელს ვარშავაში საბჭოთა მოფარიკავეთაგან პირველმა დაიმსახურა ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატებში მედალი. საერთოდაც, კარიერის განმავლობაში იმდენი ჯილდო აქვს მოპოვებული, ერთ პიროვნებას კი არა, ზოგიერთ სახელმწიფოსაც რომ შეშურდებოდა.
1937 წლი 16 მარტს დაიბადა სტალინგრადში. მამის დაპატიმრებისა და დახვრეტის შემდეგ რეპრესირებული ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც ბებია და დეიდა ცხოვრობდნენ.

1955 წელს დედაქალაქის 49-ე საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა. სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო კვების პროდუქტების ტექნოლოგის ფაკულტეტზე. პირნათლად განვლო გზა რიგითი ტექნოლოგიდან პურპროდუქტების მინისტრის მოადგილეობამდე. 1996 წლიდან კერძო ბიზნესშია შვილებთან ერთად და ქველმოქმედებას ეწევა.

ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო 1950 წელს ანატოლი ფიოდოროვის ხელმძღვანელობით, შემდეგ შოთა დარასელიასთან იმაღლებდა ოსტატობას. კიშინიოვსა და სმოლენსკში 1954-1955 წლებში ორჯერ იუნიორთა საკავშირო პირველობებზე გაიმარჯვა. საქართველოს ათგზის ჩემპიონმა 1957, 1960 და 1962 წლებში სპორტსაზოგადოება "ბურევესტნიკის" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონატები მოიგო, ხოლო პირად პირველობებში ხუთჯერ (1956,1957, 1960, 1962, 1964) საპრიზო ადგილები დაიკავა, 1960 წელს საკავშირო თასი დაისაკუთრა. "ბურევესტნიკის", პროფკავშირებისა და სტუდენტთა საკავშირო თამაშების მრავალგზის გამარჯვებულმა მსოფლიო უნივერსიადების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები (ტურინი-1959 წ, სოფია-1961 წ, პორტო-ალეგრო-1963 წ.წ.) მოიხვეჭა.

რაპირაში სპორტის ოსტატმა 1956 წელს მელბურნის XVI ოლიმპიურ თამაშებზე პირად და გუნდურ ჩათვლებში ნახევარფინალებს (სულ 13 მოგება) უწია. 1957 წელს პარიზში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ფინალურ ოთხეულში მოხვდა. იტალიის თასის მესამეადგილოსანმა (1962 წ. ბოლონია), გერმანიის, პოლონეთის, კუბის, ჩინეთის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა და პრიზიორმა ყველაზე დიდ წარმატებას 1962 წელს მიაღწია – ბუენოს აირესში საბჭოთა კავშირის რაპირით მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

იმის მიუხედავად, რომ ნაკრებში გამოსვლაზე პრობლემები შეექმნა, მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლაზე მაინც უარი თქვა და ბოლომდე უერთგულა იმ ქვეყანას, რომელმაც ძნელბედობის ჟამს ხელი გაუწოდა, დააპურა და ჩააცვა, სამაგიეროდ, სახელი და დიდება მოუტანა საქართველოს. ამიტომაც მოხდენილად თქვა ცნობილმა მოფარიკავემ და ჟურნალისტმა არჩილ გოგელიამ: "იური ოსიპოვი სჭირდებოდა ქართულ ფარიკაობას და, ჩვენდა სასიხარულოდ, ჰყავდა კიდეც".

საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი (2008 წლიდან) "სპორტის რაინდის" წოდებისა (2012) და "ფეირ პლეის" მედლის მფლობელია.

რეაქტიული მოფარიკავე

- კარგი მასწავლებლები მყავდა, - იგონებს გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ამბებს ბატონი იური. – მათი დამსახურებაა, რასაც სპორტში მივაღწიე და იმათიც, ვინც იმ წლებში ჩემს გვერდით გამოდიოდა და საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდა. მხედველობაში მყავს ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავა, მორის სახვაძე, ნიკოლოზ ანდრიაძე, რევაზ ცირეკიძე, ძმები გოგელიები და სხვა სახელოვანი სპორტსმენები. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმატებებს ვაღწევდით საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?