"რეალს" მოუგეს, "გიპრორეჩტრანსს" - ვერა - კვირის პალიტრა

"რეალს" მოუგეს, "გიპრორეჩტრანსს" - ვერა

რაც უნდა სამწუხარო იყოს, ბოლოდროინდელი უსიამოვნო ტრადიცია ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა საკლუბო დონეზეც გააგრძელეს. რამდენიმე ტურნირია, ჩვენი მოჭადრაკეები ძლიერ მეტოქეებს უგებენ, საშუალო დონის მოწინააღმდეგეებთან კი ქულებს კარგავენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვეღარ მიჰყავთ.

ასე იყო მიმდინარე წლის სექტემბერშიც, როცა რუსულ ხანტი-მანსიისკში გამართულ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის უძლიერეს გუნდს მოუგო, მაგრამ მერე, მოულოდნელად, სერბებთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კიდევ უფრო მოულოდნელად განვითარდა მოვლენები ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ჩატარებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ამ ტურნირის შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი კლუბი "სამაია" (მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე და ბელა ხოტენაშვილი) წარმოადგენდა.

პირველ ტურში მასპინძელი "ლოკომოტივი 2000"-ის დამარცხების (2,5:1,5) შემდეგ, "სამაიამ" ტურნირის პირველ ნომერს და უმთავრეს ფავორიტს - მონაკოს "მონტე კარლოსაც" იმავე ანგარიშით მოუგო. არადა, მადრიდის "რეალის" მსგავსად, "მონტე კარლოც" მხოლოდ ვარსკვლავებით გაძეძგილი კლუბია და ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მის შემადგენლობას გადაავლებთ თვალს: ჰუმპი კონერუ (2593), იიფან ჰოუ (2578), ანა მუზიჩუკი (2535) და პია კრამლინგი (2509).

კონერუსა და ჩიბურდანიძის პარტია ყაიმით დასრულდა, ლელა ჯავახიშვილი იიფან ჰოუსთან დამარცხდა, მაგრამ მელიამ და ხურციძემ მუზიჩუკსა და კრამლინგს სძლიეს და გამარჯვება "სამაიას" დარჩა.

ქართულმა კლუბმა მესამე ტურიც წარმატებით განვლო და კიდევ ერთი ფავორიტი - სომხური "მიკაც" წინამორბედების გზას გაუყენა.

ტურნირის ფავორიტები წარმატებით რომ "მოილიეს", ჩვენს მოჭადრაკეებს რაღაც დაემართათ და მომდევნო სამ ტურში მხოლოდ ერთ ყაიმს გამორჩნენ - რუსულ  AVშ -სთან. მეხუთე ტურში "სამაია" "სანქტ-პეტერბურგთან" 0,5:3,5 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.

თუმცა, თუ პეტერბურგულ კლუბთან, რომლის ღირსებასაც ვიქტორია ჩმილიტე (2513), ქეთევან არახამია-გრანტი (2451), ეკატერინა ატალიკი (2447) და მონიკა სოცკო (2486) იცავენ, მარცხი სენსაცია ნამდვილად არ ყოფილა (ანგარიშს თუ არ გავითვალისწინებთ), საშუალო დონის "გიპრორეჩტრანსთან" წაგებას (15:2,5) ნამდვილად არ ველოდით. შედეგად, "სამაია" ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და უკანასკნელ ტურში "ბას ბელგრადის" დამარცხება (2,5:1,5) მხოლოდ მეექვსე ადგილის დასაკავებლად ეყო. "მიკას", "გიპრორეჩტრანსის" და AVS -ს მსგავსად, "სამაიამაც" 9 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით სამივე მათგანს ჩამორჩა და მეექვსე პოზიციას დასჯერდა.