17-წლამდელთა გაელვება - კვირის პალიტრა

17-წლამდელთა გაელვება

ის, რაც ერთი კვირით ადრე ორი წლით უფროსებმა ვერ მოახერხეს, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს.

საწყის ტურში პოლონეთის 2:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფის ფავორიტ ინგლისის ნაკრებს დაუზავდა (1:1), უკანასკნელ ტურში კი 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით შვედეთსაც მოუგო და ბრიტანელებთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაიყო.

ქართველ ჭაბუკებს უკანასკნელ მატჩში ფრეც ჰყოფნიდათ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბიჭებს მაინც მოსაგებად აგულიანებდა. მართალიც არის - ჯერ ერთი, თუ მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე იფიქრებ, აუცილებლად დამარცხდები. მერე კიდევ, გასულ კვირას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც "აწყობდა ფრე" ბოლო ტურში, მაგრამ ფრეს ვინ ჩივის, აზერბაიჯანელებთან 0:3 წავაგეთ და ჯგუფში ჩავრჩით.

სხვათა შორის, იმავე საშიშროების წინაშე შაბათს 17-წლამდელებიც იყვნენ. საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები მეორეში გაცილებით ინერტულად თამაშობდნენ და აშკარა გოლს ორჯერ გადავურჩით. ჯერ იყო და, 49-ე წუთზე შვედი თავდამსხმელი კარიდან ორ მეტრში მარტოდმარტო აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ხელს არავინ უშლიდა, ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. მეორე ეპიზოდში მეკარემ გადაგვარჩინა, როცა ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა.

შვედეთის ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ჰყოფნიდა ჯგუფიდან გასასვლელად, ამიტომაც სკანდინავიელებმა მეორე ტაიმში გაცილებით მეტად მოინდომეს, თუმცა, საბედნიეროდ, ქართველმა ბიჭებმა არათუ სასურველი ანგარიშის შენარჩუნება, გამარჯვებაც კი მოახერხეს. როგორც ჩანს, ეროვნული ნაკრების მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გადამდები აღმოჩნდა და მატჩის ბედი უკანასკნელ წუთებზე გადაწყვიტეს - გოლი ლამაზი თავური დარტყმით სამუშიამ გაიტანა, რომელიც ისედაც ყველაზე აქტიური იყო თანაგუნდელთა შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და შეცდომაც ბევრი ჰქონდა, ჩვენი გუნდის თამაში მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. ჯერ ერთი, მთავარს - შედეგს მივაღწიეთ და ელიტრაუნდის საგზური მოვიპოვეთ. თანაც, ანდორასთან ან სან-მარინოსთან კი არა, ევროპული ქვეყნების წამყვან ნაკრებებთან ბრძოლაში.

ინგლისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შვედეთიც და პოლონეთიც ჩვენზე გაცილებით გამართული ქვეყნებია (მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხბურთშიც). რაც შეეხება ინგლისს, ბრიტანელებმა პირველი ადგილი მხოლოდ იმიტომ დაისაკუთრეს, რომ ბურთების სხვაობა ჰქონდათ ჩვენზე უკეთესი.

ჰოდა, მართალია, ელიტრაუნდში ფავორიტთა შორის ნამდვილად არ მოვიაზრებით, მაგრამ იქ რომ მოვხვდით, ეს უკვე წარმატებაა.