გედევანიშვილი მეექვსეა - კვირის პალიტრა

გედევანიშვილი მეექვსეა

გრან პრის სერიის პირველ ტურნირზე -  ნაგოიის NHK NHK ტროფიზე ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა 12 მონაწილეს შორის მე-6 შედეგი აჩვენა.

პრინციპში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენმა თანამემამულემ მოკლე პროგრამა ძალიან ცუდად შეასრულა (44,51 ქულა) და ტურნირის პირველი დღის შემდეგ მე-9 ადგილს იკავებდა, მეექვსე პოზიცია არც ისე ცუდი შედეგია. 20 წლის მოციგურავემ მოკლე პროგრამა კინოფილმ "ჩიკაგოს" საუნდრეკზე შეასრულა და ტექნიკურ კომპონენტებში ისეთი დაბალი შეფასება დაიმსახურა, მისგან ნამდვილად რომ არ მოველოდით.

საბედნიეროდ, ელენემ გაცილებით უკეთ ისრიალა თავისუფალი პროგრამის შესრულებისას, "ოპერის მოჩვენების" მუსიკაზე. თავისუფალ პროგრამაში მესამე შედეგი აჩვენა (97,01 ქულა), ორი დღის ჯამში კი 141,52 ქულას მოუყარა თავი და მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა. ელენე (და ჩვენც) თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი მაო ასადა მერვე ადგილს დასჯერდა, ნაგოიის გრან პრი კი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა მოიგო 164,61 ქულით.