ვუიაჩიჩმა შარაპოვა დანიშნა - კვირის პალიტრა

ვუიაჩიჩმა შარაპოვა დანიშნა

როგორც ჩანს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლო მარია შარაპოვა ამ სტატუსს მალე გამოემშვიდობება. პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი

სპორტსმენი (მისი წლიური შემოსავალი თითქმის 25 მილიონი დოლარია) გასულ კვირას სლოვენიელი კალათბურთელის, საშა ვუიაჩიჩის საცოლე გახდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მოთამაშემ აუწყა.

მაშა და საშა უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან და ვუიაჩიჩის თქმით, მან სწორედ გაცნობის წლისთავის აღსანიშნავი შეხვედრისას სთხოვა ხელი რუს ლამაზმანს. "შესაძლოა, ვინმეს ჩემი საქციელი ძველმოდურად მოეჩვენოს, მაგრამ მსურდა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერება", - განაცხადა 26 წლის ვუიაჩიჩმა, რომელსაც "ლეიკერსის" შემადგენლობაში ორჯერ აქვს მოგებული  NBA-ს ჩემპიონის ტიტული.

რაც შეეხება შარაპოვას, მარია 24 წლისა მომავალ გაზაფხულზე შესრულდება, თუმცა, დიდი შანსია, მისი სპორტული კარიერა საკმაოდ მალე დასრულდეს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კორტზე ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, მაგრამ მის ფინანსურ მდგომარეობას ეს დიდად არ ეტყობა, რადგან შარაპოვას შემოსავლის დიდი ნაწილი სარეკლამო კონტრაქტებიდან აქვს.