მხოლოდ მსაჯი "ყარს დანიის სამეფოში"?! - კვირის პალიტრა

მხოლოდ მსაჯი "ყარს დანიის სამეფოში"?!

დანია 5:1 საქართველო

სპორტული ამბებით გასული კვირაც დატვირთული იყო: საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდიელ თანატოლებს სძლია და მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა; IHF-ის ერთა თასის ნახევარფინალში ითამაშა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა; სამშობლოს რამდენიმე დღით ესტუმრა ოძეკი "ტოჩინოშინი"; 21 ივნისს გასამართი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტისთვის ემზადება გოგა ბითაძე და ა.შ. მაგრამ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, წინა კვირის მთავარი თემა მაინც ფეხბურთია - თბილისში გიბრალტარის ძლევის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში შერცხვა და ახლა ისღა დაგვრჩენია, ვარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე 1:5 წაგებაში - ქართველები, სლოვაკი თუ ავსტრიელი (მსაჯი)?!

გიბრალტარი

აუტსაიდერთან ყველას დიდი გული აქვს. ჰოდა, სანამ კოპენჰაგენში "დანიური დინამიტი" "აგვაფეთქებდა", ჩვენ გიბრალტარი დავიბრიყვეთ. საქართველოს ნაკრებმა გოლების ანგარიში გახსნა "ევრო-2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - 3:0. გიბრალტარის ნაკრების საფეხბურთო კლასიც იმხელაა, რამხელაც ამ "ქვეყნის" ტერიტორია, მაგრამ დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც გვიხარია. ანგარიშის გარდა, საინტერესო იყო ნაკრების ახალწვეულების - ხარაბაძისა და კვარაცხელიას თამაშის ნახვაც. მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ფეხბურთელს ახალბედობისა არაფერი ეტყობოდა და რამდენჯერმე მოახერხა თავის გამოჩენა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა. ისე კი, გიბრალტართან მატჩზე სალაპარაკო ბევრი არაფერია. კარგია, რომ შეტევას ვცდილობდით, კარგია, რომ სამბურთიანი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ გიბრალტართან შეხვედრა საზომად არ გამოდგება, დანიურმა საზომმა კი როგორც "გაგვზომა", ყველამ ვნახეთ - მთლად ხუთჯერ თუ ვერა (ჯანი გავარდეს, ორი გოლი მსაჯის სინდისს ავკიდოთ!), სამჯერ ხომ მაინც გვჯობნიან?!

აზარი არაა

არც "ბაზარი": "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" ახალწვეულ ედენ აზარის პრეზენტაციას 50 ათასი (!) გულშემატკივარი დაესწრო. თითქმის იმდენივე, რაც ბაქოში გამართულ ევროპა ლიგის ფინალს "ჩელსისა" და "არსენალს" შორის. მაგრამ როცა აზარი არაა, არც მაყურებელია - საქართველო-გიბრალტარს მხოლოდ 20 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო!

მატჩი პარასკევ საღამოს, 20:00 საათზე რომ იწყება და თავს ფეხბურთის (ნაკრებისაც!) გულშემატკივრობაზე დებ, ნეტავ, სტადიონზე უკეთეს ადგილას სად მიდიხარ?! მიდი და თუ ხმამაღლა ვერ იყვირებ, ტრიბუნა მაინც გაავსე, ფეხბურთელს აგრძნობინე, რომ ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია. უქომაგე და თამაში და მოგება მერე მოსთხოვე!

P.S. გიბრალტარის "კალიბრის" გუნდების გარდა ვერავის ვუგებთ და ვისაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებისა და გოლების ნახვა უნდოდა, ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!

სადაც ვიწრო იყო...

გიბრალტარის სრუტე ვიწრო ნამდვილად არ არის და ქართველებმაც მეტ-ნაკლებად თავისუფლად ინავარდეს, აი, კოპენჰაგენში კი სადაც ვიწრო იყო, იქ გაწყდა.

დან(ი)ამ ხუთჯერ დაგვჭრა. სულ გვჭრის და გვიჭირს მის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა დანიის ნაკრებთან და სტუმრად სამივე შეხვედრა წააგო, აქედან ორი კატასტროფული ანგარიშით - 1:6 და 1:5... ფრეს ერთადერთხელ - 2004 წელს გამართულ თბილისურ შეხვედრაში გამოვკარით ხელ-ფეხი - იონ დალ ტომასონის დუბლს დემეტრაძისა და ასათიანის გოლებით ვუპასუხეთ. ეს იყო და ეს! სხვა შეხვედრებში "დინამიტი" სულ ჩვენს კარში ფეთქდება - ექვსჯერ... ხუთჯერ... ორჯერ მაინც, როგორც 2013 წლის ივნისში, როცა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრები ოლბორგში ამხანაგურად ესტუმრა დანიის სამეფოს. ძარიას გოლით ვიგებდით კიდეც, მაგრამ ბოლო 13 წუთში ორი ბურთი გავუშვით და სკანდინავიიდან ისევ ხელცარიელი წამოვედით.

დანიური დინამიტი და აფეთქებული ქართული "კლდე"

არ გავცვლით სალსა კლდეებსაო და... საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა დაცვის ისეთი "კლდე" აღმართა თავისი საჯარიმოს გარშემო, მთელი თამაში ვერა, მაგრამ 12 წუთი კი გაძლო. როცა მთელი მატჩის განმავლობაში (თამაშამდეც) მხოლოდ დაცვაზე ფიქრობ, ან მეცამეტე წუთზე გაგიტანენ გოლს, ან - 90-ზე, ანდა - ორივეზე და შიგადაშიგ სხვა ბურთებსაც გამოურევენ... ასეც მოხდა - ნომინალური ფორვარდის გარეშე ოთხი ჩამშლელით მოთამაშე საქართველოს ნაკრებს შეტევა მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა "სხვა გზა აღარ რჩებოდა", ანუ, როცა "იძულებული იყო", კონტრშეტევაზე ეთამაშა! სწორედ ერთ-ერთი კონტრშეტევა იქცა ვაისის გუნდის ერთადერთ გოლად და ნათელ წერტილად: გვილიას კარგი პასის შემდეგ საბა ლობჟანიძემ გაიტანა - 1:1.

ანგარიში კი, როგორც უკვე ვთქვით, მე-13 წუთზე გაიხსნა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კიაერმა დოლბერგს დაუტოვა და "აიაქსის" შემტევმა ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლომდე თამაშის სცენარი - არა და ანგარიში კი შეიცვალა. მსაჯი და მისი სინდისი პირველად 30-ე წუთზე გამოვცადეთ და შორგენჰოფერმა გამოცდა ვერ ჩააბარა: ლორიას კარში დანიშნულ საეჭვო პენალტს ერიკსენის გოლი მოჰყვა - 2:1. მასპინძლებს ტაიმის ბოლომდეც შეეძლოთ უფრო დაწინაურება, მაგრამ შესვენებამდე გავძელით. მერე კი...

მეორე ნახევარში კიდევ სამი გოლი გავიდა და ცხადია, სამივე საქართველოს ნაკრების კარში. ჩვენი გუნდი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ მხოლოდ ფიქრი არ კმარა, საქმეც საჭიროა, ვაისის გუნდმა კი, ვიმეორებ, ისიც ვერ მოახერხა, რასაც მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა - თავისი კარის დაცვა. კი ბატონო, ჩვენც დავინახეთ, რომ მესამე გოლის დროს გიორგი ლორიას მეტოქის თავდამსხმელმა არ მისცა კარიდან გამოსვლის შესაძლებლობა. მსაჯი ვალდებული იყო, ის ეპიზოდი შეემოწმებინა მაინც, მაგრამ კიდევ ვამბობ - თუნდაც ის ბურთი არ გასულიყო, ხომ ყველა ვხედავდით, რომ სხვა გავიდოდა, თანაც - აუცილებლად?

ასე რომ, წაგება ნამდვილად არ არის მხოლოდ არბიტრის, მწვრთნელის ან მოთამაშეების ბრალი. არც დაუნიშნავი, ან ტყუილად დანიშნული თერთმეტმეტრიანის. დიდი ანგარიშით მარცხს ბევრი მიზეზი აქვს და ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობის ლაკმუსადაც გამოდგება.

მაინც, რატომ წავაგეთ?

იმიტომ, რომ დანიას ჩვენზე ძლიერი გუნდი ჰყავს, დანიელი ფეხბურთელები ჩვენზე ძლიერ გუნდებსა და ჩემპიონატებში თამაშობენ და კონკრეტულ შეხვედრაშიც ჩვენზე მეტი მოინდომეს! რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გაჭირვებული კაცისა და ქვის ამბავი ჩვენზეა ზედგამოჭრილი: კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მოვისაკლისეთ. მათ შორის - ჩაკვეტაძე, ანანიძე, ოქრიაშვილი, კვირკველია, ქვილითაია, ხოჭოლავა, მჭედლიძე... ვინც გვყავდა, ბოლომდე ვერც მათ შეასრულეს მთავარი ამოცანა ("ვიკინგებისგან" ლორიას კარის დაცვა), მესამე გოლის შემდეგ კი ისედაც წასაგებად განწირული საქართველოს ნაკრები ბოლომდე მოიშალა და კიდევ რამდენიმე წუთი რომ ჰქონოდათ, მასპინძლები თოთხმეტი წლის წინანდელ 6:1-ს გაგვიმეორებდნენ...

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მნიშვნელობა არა აქვს, 1:5-ს წავაგებდით, 1:6-ს თუ 2:9-ს. საქართველოს ნაკრები თავიდანვე წაგებული გავიდა "პარკენის" მოედანზე, მესამე გოლის შემდეგ ბედს შეეგუა, მატჩის მიწურულს კი ისე უთავბოლოდ დაბორიალებდა მოედანზე, ცელქი თბილისური ნიავი რომ დააფრიალებს ხოლმე "დინამო არენაზე" ცარიელ პოლიეთილენის პარკებს...

დანიურ "პარკენზე" თბილისური პარკები გაგვახსენდა...

ვერ ვიტყვით, არ იბრძოლესო, მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ მეტი არ შეგვიძლია. თუნდაც ის, რომ მთელი გუნდით დაცვაში მყოფმა ნაკრებმა ხუთი ბურთი არ გაუშვას!

ოპტიმალური შემადგენლობა რომ გვყოლოდა, ჩვენს ნაკრებს მაშინაც კი ვერ მოვთხოვდით, "აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დაამარცხოო. მით უმეტეს, არ ველოდით და ვითხოვდით გუნდისგან, რომელმაც ლამის მეორე შემადგენლობით ითამაშა და რომელსაც პრობლემად მსაჯიც დაემატა, მაგრამ...

დავიჯერო, ბრძოლა, ჟინი, თავდადება მხოლოდ "აიაქსში", "ტოტენჰემში" ან "ლივერპულში" ისწავლება?!

შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ არც იმხელა, ასე უსუსურად, ასეთი ანგარიშით რომ წაგვეგო.

რაღაც აშკარად "ყარდა დანიის სამეფოში". მხოლოდ მსაჯი თუ ქართული ფეხბურთიც?! თვითონ განსაჯეთ...

აგე ჰარეიდე, აგე - ვაისი...

აგე ჰარეიდე დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 65 წლის სპეციალისტმა ნამატჩევს ღიმილით განაცხადა - სათადარიგოთა სკამიდან არ ჩანდა, შეცდა თუ არა მსაჯი, მაგრამ იმ გოლის გარდა კიდევ ოთხი გავიტანეთო... ვერაფერს იტყვი - მართალია ბატონი აგე. აგე ჰარეიდე. და აგე - ვაისი: "დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა".

ბატონი ვაისისგან არც გვიკვირს. მაგრამ თქვენც ფიქრობთ, რომ მატჩის ბედი არბიტრმა გადაწყვიტა და მისი საეჭვო გადაწყვეტილებები რომ არა, ამ ფორმაციის ნაკრები დანიასთან არ წააგებდა?

ვაისის შეცვლა

არა მგონია, ახლა ვლადიმერ ვაისის შეცვლას აზრი ჰქონდეს. ასეთი შემადგენლობითა და თამაშით ევროშესარჩევში შანსი არ გვაქვს, ამიტომაც ისევ საჩვენოდ მოგონილ ერთა ლიგას უნდა "მივაწვეთ". ერთა ლიგას, სადაც ჩვენზე ძლიერი ნაკრები ჯერ არ შეგვხვედრია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთისა და ანდორას მსგავსად, ჩვენი გუნდის კლასი ბელორუს-კოსოვოსაც ეყოფა.

ვაისმა დაიწყო და დაასრულოს კიდეც ერთა ლიგაზე გამოსვლა. ამიტომაც ახლა მის შეცვლას აზრი არა აქვს. თვითონ უნდა შე(ი)ცვალოს - სხვა თვალით შეხედოს შემადგენლობას, ტაქტიკას, თავის თვისებებს.

არ დაავიწყდეს, რომ წაგება მხოლოდ ფეხბურთელების, მსაჯის ან ამინდის ბრალი არ არის!