"სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდები... აქ ყველაფერს სხვა გემო აქვს, წყალი სხვანაირად გემრიელია" - კვირის პალიტრა

"სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდები... აქ ყველაფერს სხვა გემო აქვს, წყალი სხვანაირად გემრიელია"

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ 99%-ით საქართველოში დავბრუნდები, - ამის შესახებ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"სპორტული კარიერის დასრულებაზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ როდესაც მოვა ის მომენტი, როცა სუმოსთვის თავის დანებება მომიწევს, 99%-ით საქართველოში დავბრუნდები. ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაქვს არაერთი შემოთავაზება, რომ იაპონიაში დავრჩე და სპორტული კლუბი ჩამოვაყალიბო, თუმცა მინდა, რომ ჩემს ქვეყანას და ჩემს ოჯახს უფრო მეტად მოვესიყვარულო. ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და ძალიან მინდა საქართველოსა და ჩემს ოჯახს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო. საქართველო უცვლელია, მნიშვნელობა არა აქვს, სადაც არ უნდა წახვიდე, 14 წელია იაპონიაში ვცხოვრობ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ის განცდები რაც საქართველოსთან მაკავშირებს, უცვლელია. 14 კი არა 34 წელი რომ გავიდეს, ის სიყვარული საქართველოს მიმართ, რაც ჩემს გულშია, არ წაიშლება. საქართველოში ყველაფერს სხვა გემო აქვს. წყალი სხვანაირად გემრიელია, ჰაერს სხვა გემო აქვს. აქ ყველაფერი სხვანაირია", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე საქართველოში იმყოფება.

მან დღეს კავკასიის უნივერსიტეტში მედიასთან და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც საკუთარ კარიერაზე, მომავალსა და საქართველოზე ისაუბრა.

იხილეთ ასევე: "ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე"

"ინტერპრესნიუსი"