საქართველო ევროპის ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

საქართველო ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბრიუსელში ჩატარებული ფინალური მატჩი რუს თანატოლებს 38:7 მოუგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

"პატარა ბორჯღალოსნებმა" ბელგიაში გამართულ სამ შეხვედრაში 94 ქულა მიითვალა, მეტოქეებს კი მხოლოდ 13 გაატანინა და დამსახურებულად მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.

პირველ მატჩში პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა პორტუგალიელი თანატოლები დაიბრიყვეს - 27:3 და ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს გადაეყარნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის თავკაცი ბორჯღალოსანთა უმთავრეს კონკურენტად სწორედ რუმინელ "მუხის ფოთლებს" მიიჩნევდა, თუმცა ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგეს პორტუგალიაზე უარესი დღე აყარეს და 29:3 გაანადგურეს.

პირველი მატჩის მსგავსად, ქართველმა ჭაბუკებმა არც რუმინელები შეუშვეს საკუთარ ჩათვლის მოედანში, თავად სამი ლელო უძღვნეს და თავჩაქინდრულ "მუხებს" შორის გაიკაფეს გზა ტურნირის გადამწყვეტი მატჩისკენ, სადაც პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები ელოდათ, რომელმაც, თავის მხრივ, ნახევარფინალში მასპინძელ ბელგიას 23:11 მოუგო. თამაშამდე, რუსულ სარაგბო  ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში საკუთარ ნაკრებს წარმატებას კი უსურვებდნენ, მაგრამ ნამატჩევს აღარც ერთ მათგანს არ გასჩენია კომენტარის გაკეთების სურვილი.

თავად შეხვედრაზე სალაპარაკო ბევრიც არაფერია. რუსი მორაგბეები ჩვენი ბიჭებისთვის ნებისმიერ ასაკში თუ გათამაშებაში პრინციპულ, მაგრამ იოლ ლუკმად არიან ქცეული და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ქართველმა 19 წლამდელებმა მოწინააღმდეგე გუნდს ხუთი ერთიმეორეზე უკეთესი ლელო გაუტანეს, მეორე ნახევრის შუაში 31:0 კი უგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს ოდნავ მოეშვნენ და მეტოქეს "მშრალი" ანგარიშით შერცხვენისგან გამოძრომის საშუალება მისცეს - 38:7!

კონტინენტის ჩემპიონობასთან ერთად, ჩვენმა გუნდმა მსოფლიო თასის "ალაფას" საგზურიც დაიბევა. ამ ტურნირს 2011 წელს აშშ უმასპინძლებს და იქ სხვადასხვა კონტინენტის რვა ქვეყნის 20 წლამდე ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.