პარიზი "ტორნადოს" გადაურჩა - კვირის პალიტრა

პარიზი "ტორნადოს" გადაურჩა

მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლად უტევდა და მეტოქეს ორივე თვალი დაუსისხლიანა, ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ პარიზის სპორტის სასახლიდან გამარჯვება მაინც ვერ წამოიღო.

"ტორნადოდ" წოდებული ქართველი 12 რაუნდის განმავლობაში მოუღალავად ურტყამდა კამერუნელ ჰასან ნ,დამ ნ,ჯიკამს, მაგრამ საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვებულად მაინც მასპინძელი (ნ,ჯიკამი დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს და ვარჯიშობს) გამოაცხადეს.

პარიზის "პორტე დე ვერსალის" სასახლეში გამართულ შეხვედრას WBA-ს (მსოფლიო კრივის ასოციაცია ) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის შუალედური ტიტულის მფლობელი უნდა გამოევლინა საშუალო წონაში. მეტოქეები ბრძოლას შემდეგი სტატისტიკური მაჩვენებლებით შეხვდნენ: ჰასან ნ,დამი - პროფესიულ რინგზე 24 მატჩი, 24 გამარჯვება (აქედან - 17 ნოკაუტით). ავთანდილ ხურციძე - 25 ორთაბრძოლა, 22 გამარჯვება (13 ნოკაუტით), 2 ფრე, 1 წაგება. წაუგებელი მატჩების გარდა, შავკანიან მოკრივეს სხვა უპირატესობებიც უმაგრებდა ზურგს - ჰასანი 31 წლის "ჩაქუჩაზე" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ხუთი წლით უმცროსი და 17 სანტიმეტრით მაღალია და რაც მთავარია, შინ ასპარეზობდა, რაც აისახა კიდეც მსაჯების გადაწყვეტილებაზე!

კამერუნელმა ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე სცადა ქუთაისელი ფალავნის "გაფუჭება" - ხურციძეს ვურჩევ, რინგზე გასვლის წინ კარგად ჩაიხედოს სარკეში, რადგან ბრძოლის შემდეგ სულ სხვანაირი სახე ექნებაო. თუმცა, ვინც ავთოს იცნობს, კარგად იცის, რომ მისი შეშინება არათუ წინდაწინ, უშუალოდ რინგზეც კი შეუძლებელია. მეტიც, "ტორნადომ" ქუთაისური იუმორით უპასუხა მეტოქეს, - სარკე რად მინდა, ისედაც კარგად ვიცი, არც ისე სიმპათიური რომ ვარ, მაგრამ ნ,დამზე უკეთ ნამდვილად გამოვიყურებიო.

ძნელია, არ დაეთანხმო - "ჩაქუჩა" კამერუნელზე უკეთ ბრძოლის დაწყებამდეც გამოიყურებოდა და საფინალო გონგის შემდეგ ხომ - მით უფრო. თუმცა "სარკე" ორივე მოკრივესთვის მსაჯების საბოლოო ვერდიქტი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ ჰასან ნ, დამი თვალებდასივებულიც იყო და ფეხზეც ძლივს იდგა, სამივე არბიტრის სარკეში ის უკეთ გამოაჩინეს - 115:114, 115:114, 117:111.

არადა, როგორც უკვე ვთქვით, ხურციძე გაცილებთი აქტიური იყო და მუდმივად შეტევაზე დაგეშილი. კამერუნელი კი მთელი შეხვედრის განმავლობაში გაურბოდა ქართველ მოკრივეს და სიმაღლისა და გრძელი ხელების წყალობით შორი დისტანციიდან აყენებდა დარტყმებს.

ჰასანი ფიზიკურად მართლაც ძალიან ძლიერი ყოფილა, სხვა შემთხვევაში, "ჩაქუჩას" უმძლავრეს დარტყმებს ვერაფრით გაუძლებდა. უნდა ითქვას, რომ იუმორის გრძნობამ ავთოს არც რინგზე უღალატა და როცა მეექვსე რაუნდში მორიგი ლაზათიანი მუშტი უთავაზა კამერუნელს, იქამდე აქეთ-იქით "მოფარფატე" ნ,დამს დამცინავად გაუღიმა და ერთი ისეთი ჩაუცეკვა, შავტუხა ჰასანს ისედაც ჩასისხლიანებული თვალები ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა.

ასეა თუ ისე, მსაჯებმა არცთუ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი ქამარი კამერუნელს მიანიჭეს. და თუ ორთაბრძოლა არ გინახავთ ან ეს სიტყვები სუბიექტური გგონიათ, შეგიძლიათ საკრივო საიტებზე ნეიტრალური ადამიანების მიერ დატოვებული კომენტარები წაიკითხოთ.

ავთანდილ ხურციძის სახით კი საქართველოს ძალიან ძლიერი პროფესიონალი მოკრივე ჰყავს. ამჯერად პარიზი გადარჩა, მაგრამ ეჭვგარეშეა - "ტორნადო" კიდევ ბევრ მეტოქეს გადაუვლის.