"დრაკონი" "დევთან" რას მოვა - კვირის პალიტრა

"დრაკონი" "დევთან" რას მოვა

არსებობს მატჩები, რომელთა შედეგიც მეორეხარისხოვანია... აბა, კარზე "დრაკონი" რომ მოგადგება, თანაც რუსეთიდან თუ არის ჩამოსული და გეუბნება, ამხანაგურად გამეჯიბრეო, შენ კი ამ დროს მხოლოდ იმაზე იწყებ ფიქრს, რა ანგარიშით მოუგო ან ნამეტანი შოვინისტი ხარ, ან... თანაც - ადგილსაც ხომ გააჩნია?

რუსული გუნდი გორში ჩავიდა სათამაშოდ, ქალაქში, სადაც ორი წლის წინ ჰაერში ოვალური ბურთი კი არა, იმავე რუსისგან ნასროლი ბომბები დაფრინავდა. კი, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ არ მითხრათ ახლა, თუ გკლავდა, სამშობლოს გართმევდა და გბომბავდა, რაღა მაგასთან აგიტყდა ბურთის გორება, სათამაშოდ სხვა ვერავინ მოძებნეო?!

მართალია, გვბომბავდა კიდეც და სხვა ბევრი საშინელებაც ჩაუდენია, მაგრამ ღირსეული ადამიანები ყველგან არიან და როცა ასეთი ხალხი მეგობრობის ხელს გიწვდის, საპასუხოდ მარჯვენა უნდა შეაგებო, ღირსეული დახვედრა  და ნამდვილი მეგობრობა ასწავლო.

ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, საქმეზე გადავალ: გასულ შაბათს, გორის ცენტრალურ სტადიონზე მეგობრული სარაგბო მატჩი გაიმართა - თბილისის "დევები" მოსკოვის "დრაკონების" წინააღმდეგ! ეს პირველი შემთხვევაა 2008 წლის აგვისტოს ამბების შემდეგ, როცა საქართველოში რუსული სარაგბო გუნდი ჩამოვიდა. ორივე გუნდი სამოყვარულო რაგბის წარმომადგენელია. სამოყვარულო რაგბი კი (სახელზეც ეტყობა!) ერთობაა იმ ადამიანებისა, ვისაც ძალიან უყვარს სპორტის ეს საოცარი და უზომოდ ვაჟკაცური სახეობა.

"დრაკონები" პირველი რუსული გუნდია, რომელმაც სამოყვარულო რაგბის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანამოაზრენი გააერთიანა. გუნდის ჩამოყალიბების იდეა მოსკოვში მცხოვრებ უცხოელებსა და რაგბის მოყვარულ ემიგრანტებს ეკუთვნით, მალე კი ის რუსებმაც აიტაცეს და დღეს მოსკოვის "დრაკონები" სამოყვარულო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რაც მთავარია, ინტერნაციონალური კლუბია. აღსანიშნავია, რომ კლუბის მმართველთა და მოთამაშეთა შორის მოსკოველი ქართველებიც არიან.

რაც შეეხება მასპინძელთა გუნდს, თბილისის "დევები" 2006 წლის 19 მაისს დაარსდა ირაკლი ხუნდაძისა და ლევან გოშაძის ინიციატივით და სულ მალე რაგბის უამრავი მოყვარულიც გააერთიანა. იმის გამო, რომ "დევების" გარდა საქართველოში მხოლოდ ერთი სამოყვარულო გუნდია, მოყვარულებს პროფესიონალებთან უწევთ თამაში და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიან.

თავში კი აღვნიშნეთ, მატჩის შედეგი ნაკლებმნიშვნელოვანი რომ იყო, მაგრამ ორიოდ სიტყვა უშუალოდ თამაშზეც უნდა ვთქვათ. თბილისური კლუბი ისეთივე გამოცდილი ვერ არის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც მისი მოსკოველი მეტოქე, თუმც დევი რისი დევია, თავისი სამფლობელოდან ვინმე გამარჯვებული გაუშვას და მასპინძლებმაც 22:10 მოიგეს.

მოკლედ, ყინული დაიძრა (აბა, დევისა და დრაკონის სიმძიმეს რომელი ყინული გაუძლებდა?!) - საქართველოში ისევ ჩამოვიდა საკუთარი სურვილით რუსული გუნდი. რაც უნდა ვთქვათ, ეს ნამდვილად არ არის პატარა ამბავი.

ჰოდა, ბუნებრივია, ნამატჩევს რაგბისთვის ტრადიციული "მესამე ტაიმიც" გაიმართა და თუ "დრაკონებს" ქართველთა მოედანზე დამარცხების თეორიული შანსი მაინც ჰქონდათ, სუფრასთან ქართველ დევზე გამარჯვებაც შეუძლებელი რომ არის, მხოლოდ რუსებს კი არა, რაგინდარა ქვეყნის მორაგბეებსაც კარგად მოეხსენებათ.