ინდიანა(ს) ჯონსი? არა - ბითაძე!
ინდიანა(ს) ჯონსი? არა - ბითაძე!
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, NBA-მ ისევ აირჩია ქართველი კალათბურთელი - 19 წლის გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დაიმატა!
ბოლო სეზონებში ბითაძის პროგრესი ისეთი თვალსაჩინო იყო, ეჭვი არავის გასჩენია, რომ ახალგაზრდა ქართველის კარიერა აუცილებლად ოკეანის გაღმა გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა და 2019 წლის დრაფტზე, "ინდიანამ" მე-18 ნომრად აირჩია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ აღიარებული ქართველი. ამგვარად, გოგა გახდა მეექვსე ქართველი ვლადიმერ სტეფანიას (1998), ნიკოლოზ ცქიტიშვილის (2002), ზაზა ფაჩულიას (2003), ვიქტორ სანიკიძის (2004) და თორნიკე შენგელიას
(2012) შემდეგ, ვინც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს.

რა არის NBA-ს დრაფტი, ვინ არის "ადამიანი შავებში", გაბრაზდა თუ არა ჟურნალისტების უყურადღებობაზე გოგა ბითაძე და რას ელიან მისგან? - რამდენიმე სიტყვით, დღეს ყველა ამ საკითხს შევეხებით:

დრაფტი
ინგლისური სიტყვა "დრაფტი" ქართულად "გაწვევას" ნიშნავს: ახალგაზრდა მოთამაშეების არჩევის ცერემონიალი
ყოველწლიურად იმართება ნიუ-იორკში - NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ. 2010 წლამდე, დრაფტი "მედისონ სქვეარ გარდენში" იმართებოდა, 2011 წლიდან კი "ნეთსის" საშინაო არენა მასპინძლობს (თავდაპირველად, ნიუ-ჯერსი, ამჯამად - ბრუკლინი). "დრაფტის" დროს, NBA-ს კლუბებს რიგის მიხედვით აჰყავთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც ან გუნდში იტოვებენ, ასხვისებენ, ან მეტი გამოცდილების მისაღებად განვითარების ლიგაში გზავნიან. "დრაფტის" მთავარი არსი ის არის, რომ ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში იყოს და პერსპექტიული მოთამაშეების გადაბირებისას, პრივილეგიით არ ისარგებლონ მდიდარმა კლუბებმა. სწორედ ამის გამოა, რომ დრაფტის დროს, კლუბები ადგილებს წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით ინაწილებენ, ოღონდ – უკუღმა: რაც უფრო ქვევით ხარ ცხრილში, მით უფრო მაღალი ადგილი გაქვს დრაფტის დროს. პლეი-ოფში მონაწილეობის მიღებას არანაირი პრივილეგია გააჩნია, დრაფტის პირველი ოთხი ადგილი კი ლატარიის მეშვეობით თამაშდება.

"ინდიანა"
"ინდიანა პეისერსი", რომელმაც ბითაძე აირჩია, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ბინადარია და გასული რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი "ბოსტონთან" დამარცხდა. ბითაძის პროგრესსა და მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ახალ კლუბთან და ჩემპიონატთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს, მთავარია, დაუთმობს თუ არა მწვრთნელი საკმარის დროს? გოგას პოზიციაზე "პეისერსს" ჰყავს მაილს ტერნერი და დომასტას საბონისი, რომლებიც ისედაც ერთმანეთში იყოფდნენ სათამაშო დროს. ახლა, როცა კონკურენციაში ბითაძეც უნდა ჩაერთოს, ზოგიერთი ადგილობრივი ჟურნალისტისთვის გაუგებარია – რისთვის იყიდა "ინდიანამ" ქართველი ცენტრი? დიდი იმედი გვაქვს იმისთვის, რომ ათამაშოს!

ადამიანი შავებში
21 ივნისს, ბრუკლინის დარბაზში, კლუბებმა შემდეგი თანმიმდევრობით აირჩიეს 20 ახალგაზრდა მოთამაშე: 1. ზიონ უილიამსონი ("ნიუ ორლეანი"); 2. ჯა მორანტი ("მემფისი"); 3. არ ჯეი ბარეტი ("ნიუ იორკ ნიქსი"); 4. დეანდრე ჰანტერი ("ატლანტა"); 5. დარიუს გარლანდი ("კლივლენდი"); 6. ჯარეტ ქალვერი ("ფინიქსი"); 7. კობი უაითი ("ჩიკაგო"); 8. ჯექსონ ჰეიესი ("ატლანტა"); 9. რუი ჰაჩიმურა ("ვაშინგტონი"); 10. კემ რედიში ("ატლანტა"); 11. კემერონ ჯონსონი ("მინესოტა"); 12. პი ჯეი ვაშინგტონი ("შარლოტი"); 13. ტაილერ ჰირო ("მაიამი"); 14. რომეო ლანგფორდი ("ბოსტონი"); 15. სეკუ დუმბუია ("დეტროიტი"); 16. ჩუმა ოკეკე ("ორლანდო"); 17. ნაქილ ალექსანდერ-უოლკერი ("ბრუკლინი"); 18. გოგა ბითაძე ("ინდიანა"); 19. ლუკა სამანიჩი ("სან ანტონიო"); 20. მატის ტიბალი ("ბოსტონი").
გვარ-სახელებით ყველა მათგანს ჯერ ვერ იცნობთ, მაგრამ თუ ფოტოს დააკვირდებით, ქვესათაური ნამდვილად აღარ გაგაკვირვებთ: წლევანდელ დრაფტზე არჩეული ოცი მოთამაშიდან, 18 ფერადკანიანია! ამაში არც ახალია რამე და არც - გასაკვირი. ყველამ ვიცით, რომ კალათბურთი "შავკანიანების თამაშია" და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველაზე უკეთაც სწორედ ისინი თამაშობენ, მაგრამ... ეჭვი არ გვეპარება, რომ გოგა ბითაძე სათქმელს "შავებშიც" იტყვის და წარმატებით გააგრძელებს NBA-ში მოთამაშე ქართველთაგან ყველაზე წარმატებულის და ტიტულოვანის - ზაზა ფაჩულიას გზას...

ქართველია
გოგა ბითაძე "დრაფტზე" საქართველოს დროშის გამოსახულებიანი ბაფთით გამოცხადდა, "ინდიანას" არჩევის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში კი ხაზგასმით აღნიშნა რომ ახდენილ ოცნებას თავის ქვეყანას და ოჯახს უძღვნის...
"დრაფტის" დასრულების შემდეგ, ახალმა კლუბმა ბითაძე კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანა ნიუ-იორკიდან ინდიანაპოლისში, სადაც უკვე განთავსებულია ბითაძის გამოსახულებიანი ბილბორდები.
ქართველს ოვაციებით დახვდნენ კლუბის თანამშრომლები და ქომაგებიც. 19 წლის კალათბურთელს 19-ნომრიანი მაისური გადასცეს და ახალ ქვეყანასა და კლუბში მისთვის პირველ პრესკონფერენციაზე წაიყვანეს: "მადლობა სიყვარულისთვის. გულწრფელად გეუბნებით, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ. რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის. თუმცა იმ მძიმე პერიოდის შემდეგ, ქართველები კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. დღეს უფრო ძლიერები ვართ და ამით ვამაყობ!" - თქვა ბითაძემ. ამის შემდეგ, გოგამ FACEBOOK LIVE-ს წამყვანისგან ნებართვა ითხოვა, რათა ქართულ ენაზე მიემართა თანამემამულეებისათვის: "მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იმედები გავამართლო"...

ფოტო, რომელიც გაძლიერებს
გოგა ბითაძისთვის ამერიკული კარიერა ახლა იწყება. შესაძლოა, პირველივე სეზონში არ მიეცეს თავის სრულფასოვნად წარმოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მისი მონაცემებისა და შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა - ჩვენებური აუცილებლად ითამაშებს დიდ კალათბურთს!
თავდაუზოგავი შრომის გარდა, ამისთვის მწვერთნელების ნდობა, სათამაშო დრო და გამართლება სჭირდება.
და მტკიცე ხასიათიც, რომელიც არაერთხელ დასჭირდება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში!
პირველი გამოცდა კი გოგამ უკვე ჩააბარა. ჩააბარა "დრაფტის" წინა დღეს, როცა ის და სავარაუდო პირველი პიკი - ზიონ უილიამსონი ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ.
დარბაზში მყოფი მედიის ყველა წარმომადგენლის ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და... გოგა მარტო, უყურადღებოდ დარჩა მაგიდასთან, რაც ფოტოზეც კარგად ჩანს.
თუმცა, ბითაძე არ გაბრაზებულა. პირიქით, თქვა, რომ ეს მოტივაციას მატებს: "ვიცი, რაც არის NBA-ს დრაფტი და არ მინერვიულია. ვიცი, რომ უფრო ბევრი შრომა მმართებს... უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა, ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ"..
არ გავბრაზებულვარო - ამბობს "ინდიანა(ს) ჯონსი" - გოგა ბითაძე.

"ყოველდღე უყურე!"
გოგა არა, მაგრამ "გაბრაზდნენ" სხვა კალათბურთელები. გაბრაზდნენ და თავისებურად გაამხნევეს ახალგაზრდა ქართველი:
"ეს ფოტო კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს" - საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია.
"ეს ამბავი საწვავივით გამოიყენე მოტივაციისთვის" - NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი.
"ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს" - "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი.
"ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს, ყველამ შეწყვიტეთ თამაში" - საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი.

"ინდიანა პეისერსის" ფანებო, თქვენ ეს-ესაა ძალიან ნიჭიერი, სუპერმშრომელი და შესანიშნავი ბიჭი, გოგა ბითაძე მიიღეთ", - საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.
"მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა", - საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი...

P.s. მანუს სიტყვები წერილის რეზიუმედაც გამოდგება: დიახ, "მათ არ იციან". ოკეანისგაღმა ჯერ მართლაც არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა ბითაძე. იმედია, მალე გაიგებან. ამისთვის კი, გოგას თავდაუზოგავი შრომის გარდა, აუცილებელია მწვრთნელის ნდობა, სათამაშო დრო და... ცოტა იღბალიც!

(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?