"შეკრებაზე ყოფნისას ჩემი მეუღლისთვის ვიღაცას უთქვამს, ქმარი გღალატობსო. აღშფოთებული სიმამრი სპორტკომიტეტში მისულა და..." - კვირის პალიტრა

"შეკრებაზე ყოფნისას ჩემი მეუღლისთვის ვიღაცას უთქვამს, ქმარი გღალატობსო. აღშფოთებული სიმამრი სპორტკომიტეტში მისულა და..."

ყველაფერი შემთხვევით დაიწყო: მეექვსე კლასში იყო, ტრიფონ მესხმა მოსწავლეებს რომ შესთავაზა, ფარიკაობაში ვარჯიში ვის გინდათო. სექციაში ბიჭების უმრავლესობა ჩაეწერა. მათ შორის გურამ კოსტავაც გახლდათ.

- გვეამაყებოდა მუშკეტერობა, - იხსენებს ვეტერანი მოფარიკავე. - ფაქტობრივად, დღე და ღამეს ვასწორებდით, ამიტომაც ჩვენი თაობიდან საერთაშორისო სარბიელზე ბევრმა ისახელა თავი. ნუგზარ ასათიანმა ოლიმპიური თამაშები მოიგო, იური ოსიპოვი - მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მორის სახვაძემ რამდენჯერმე საკავშირო ჩემპიონატში გაიმარჯვა და მწვრთნელებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, ალბათ, 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზეც მოხვდებოდა. საინტერესოა, რომ 1960 წელს თბილისში მოფარიკავეთა საკავშირო თასის გათამაშებისას სამივე ჯილდო ქართველებმა დავიტოვეთ: დაშნაში მე მივაღწიე წარმატებას, რაპირაში იური ოსიპოვი იყო პირველი, ხმალში - ნუგზარ ასათიანი.

დაშნით გაკაფული ბილიკები

- ექვსი ათეული წელიწადზე მეტია, მე და გურამი ვმეგობრობთ, - ჩაერია საუბაში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, ასევე, ტიტულოვანი მუშკეტერი, მსოფლიოს ჩემპიონი იური ოსიპოვი. - 1951 წელს დავიწყეთ ფარიკაობაში ვარჯიში: გურამმა, ნუგზარ ასათიანმა და მორის სახვაძემ - ტრიფონ მესხთან, მე, რეზო ცირეკიძემ და გოგი გოგელიამ - ანატოლი ფეოდოროვთან. მალევე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებში აღმოვჩნდით და 1953 წელს სმოლენსკში ჭაბუკთა საკავშირო პირველობაზე ვიასპარეზეთ. 17 ნაკრებს შორის გუნდური ჩემპიონობა არავის დავუთმეთ, პირადი შეჯიბრება რაპირაში კი გურამ კოსტავამ მოიგო. მას შემდეგ კვარცხლბეკს გაუშინაურდა. ადრეულ ასაკში მიიწვიეს საკავშირო ნაკრებში, რადგან მთავარმა მწვრთნელმა ლევ საიჩუკმა ქართველ ყმაწვილში ვარსკვლავი დაინახა და არც შემცდარა - დაშნაში საერთაშორისო სარბიელზე მისი მიღწევები დღემდე უნიკალურია...

მართლაც, სპორტის დამსახურებული ოსტატის - გურამ კოსტავას სასპორტო კოლექციას იმდენი ჯილდო ამშვენებს, რომ ერთ პიროვნებას კი არა, ნებისმიერ სახელმწიფოს ეყოფა სატრაბახოდ: გუნდურში 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მე-3 პრიზიორს ოთხი წლის შემდეგ ტოკიოს ოლიმპიადის პირად პირველობაში ერგო ბრინჯაოს მედალი. 1961 და 1967 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საკავშირო ნაკრებთან ერთად მოიხვეჭა ოქროები, 1959 და 1966 წლებში - ვერცხლი, ხოლო 1965 წელს მესამე იყო. პირად პირველობებშიც ორი ბრინჯაო აქვს მოპოვებული - 1963 და 1965 წლებში. 1963 წელს დაშნით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა (1961) ხუთ-ხუთჯერ ვერცხლისა (1960, 1961, 1963, 1964, 1968) და ბრინჯაოს (1957, 1958, 1960, 1965, 1967) მედლები დაიმსახურა, 1960 წელს კი საკავშირო თასს დაეუფლა.

რეკორდები და გაოგნებული დარბაზი

"ფარიკაობაშიც არსებობს თავისებური რეკორდები, - წერს თავის წიგნში ცნობილი ჟურნალისტი არჩილ გოგელია. - გურამ კოსტავას მიერ დამყარებული რეკორდი, ალბათ, ძნელია, რომელიმე მოფარიკავემ გააუმჯობესოს. ოცდაორი შეხვედრიდან ოცდაერთის მოგება შეძლო. ეს შედეგი ჩვეულებრივ საერთაშორისო შეჯიბრებაში როდია ნაჩვენები: ლაპარაკია მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაზე. სწორედ, გურამის წყალობით მოიპოვა დაშნით მოფარიკავეთა საკავშირო ნაკრებმა პირველად მსოფლიოში უძლიერესის სახელი".

ეს იყო 1961 წელს იტალიის ქალაქ ტურინში. ქართველმა მოფარიკავემ პირველი ორთაბრძოლა ლიბანელ მეტოქესთან დათმო, შემდეგ ყველა პაექრობა მოიგო, მათ შორის ფინალში ფრანგებთან. არადა, გუნდური ოქროსთვის გადამწყვეტი დუელი სამფეროვნებთან ფრედ – 8:8 დამთავრდა და მეტი ჩხვლეტების უპირატესობით საბჭოთა ნაკრები გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს წარმატება, ცხადია, უპირველესად გურამ კოსტავას დამსახურება იყო ისევე, როგორც 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაო.

დაშნით მოფარიკავე საბჭოთა კავშირის ნაკრები მარადიულ ქალაქში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ფავორიტად ჩავიდა. ზედიზედ ლიბანის, შვეიცარიის, იაპონიისა და გერმანიის წარმომადგენლებს კი სძლია, მაგრამ ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდა 6:9. მესამე ადგილისთვის უნგრეთის ძალიან ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა. ეს პაექრობა გურამ კოსტავამ და მისმა თანაგუნდელებმა 9:5 მოიგეს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ლომის წილი აქაც ქართველმა მუშკეტერმა დაიდო – ოთხივე მადიარს აჯობა: იოზეფ მაროშს – 5:1, ტომაშ გაბორს – 5:3, იშტვან კაუშს – 5:4 და იოზეფ საკოვიჩს – 5:3.

მეგობრები კოსტავაზე მითებად მიმოფანტულ ეპიზოდებსაც იხსენებენ. 1960 წლის რომის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრების ნახევარფინალში ქართველი მუშკეტერი იტალიელთა კერპ ჯანლუიჯი საკაროსაც დაუპირისპირდა. თავიდან მასპინძელი აქტიურობდა და 3:1 დაწინაურდა. აპენინელს მიზნის მისაღწევად ორი ჩხვლეტაღა რჩებოდა, მაგრამ ვერ ეწია საწადელს - ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ ოთხი ქულა აართვა მეტოქეს და მასთან ერთად აღრიალებული დარბაზიც გაოგნებული დატოვა... საგულისხმოა, რომ საკარო რომში ჩემპიონი გახდა იტალიის ნაკრებთან ერთად, 1964 წელს ტოკიოში მეორე ადგილი დაიკავა, 1968 წელს მეხიკოში კი პირად პირველობაში ოლიმპიური ბრინჯაო დაიმსახურა. გაგრძელება