ზაგრებში ვიყოთ მაგრები!
ზაგრებში ვიყოთ მაგრები!
"საბურთალოს" "დინამო" არ უკვირს

გასული კვირის მთავარი სპორტული მოვლენა კალათბურთს უკავშირდება: მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საქართველოც უმასპინძლებს! როგორც ცნობილია, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები მონაწილეობს. 6-გუნდიანი ქვეჯგუფის მატჩები თბილისში გაიმართება, დანარჩენი სამი ჯგუფის თამაშებს კი გერმანია, იტალია და ჩეხეთი უმასპინძლებენ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი ნდობა, პატივი და შესაძლებლობაა არა მარტო კალათბურთის, მთლიანად ქართული სპორტისა და სახელმწიფოსთვისაც. უკვე გადაწყვეტილია, რომ სპეციალურად ამ
ღონისძიებისთვის დიღომში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ ორ წელიწადზე მეტია და სანამ ევროპული კალათბურთის გრანდებს თბილისში ვნახავთ, სპორტის სხვა სახეობებზე ვილაპარაკოთ, უფრო კონკრეტულად ქართულ საკლუბო ფეხბურთზე, რომელმაც გასულ კვირას მოილია ევროთასების პირველი ეტაპი. ჯერჯერობით ბრძოლას ვაგრძელებთ -
ოთხი ქართული კლუბიდან სამი მომდევნო ეტაპზეა. დასანანი, მაგრამ ლოგიკურია, რომ ევროპის ლიგას უკვე გამოეთიშა ქუთაისის "ტორპედო" - კახა ჩხეტიანის გუნდი ფინანსურ კრიზისშია და უფულოდ და უფეხბურთელებოდ დარჩენილმა ვერაფერი მოუხერხა ყაზახურ "ორდაბასს".

"ორ-დაბასი" და ორი კახა


"ტორპედო" (ქუთაისი) 0:2 "ორდაბასი" (ყაზახეთი) (პირველი მატჩი 0:1)
ორი კახას დუელში (ყაზახური კლუბის თავკაცი კახაბერ ცხადაძეა. - რ.შ.) ცხადაძემ იმარჯვა, მისი სეხნია ჩხეტიანის ნამატჩევს ნათქვამი კი ზუსტად ასახავს ქუთაისურ კლუბში არსებულ ვითარებას: "რთულია, რამდენიმე დღეში გუნდს დაემსგავსო. ის ფეხბურთი, რაც გულშემატკივარმა ნახა, ამ ბიჭების ხარჯზე ვითამაშეთ. ამ გუნდს პოტენციალი აქვს და ეს იმედს მაძლევს"... ჩვენც გვქონდა იმედი, რომ გადახალისებული და შეუთამაშებელი შემადგენლობის მიუხედავად, რიონისპირელები მაინც მოახერხებდნენ ყაზახური მასშტაბითაც კი საშუალო დონის კლუბის დამარცხებას, თუმცა გოლები მხოლოდ კვასხვაძის კარში ვნახეთ. სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ, "ტორპედოს" აუცილებლად სჭირდებოდა მინიმუმ ერთი ბურთის გატანა. სცადა კიდეც, ბოლო წუთებზე სულაც მთელი გუნდით შეუტია და... ორი გოლი გაუშვა!

კახა ჩხეტიანი კი აუცილებლად უნდა შევაქოთ არა მარტო ბრძოლისა და ოპტიმიზმის, სანიმუშო საქციელისთვისაც: მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" თავკაცმა ქართულად ილაპარაკა და ამით"გაკვირვებულ ადგილობრივ ჟურნალისტს დელიკატურობისა და პატრიოტიზმის გაკვეთილიც ჩაუტარა! ბატონო კახა, როგორც გავიგეთ, რუსულ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობთ და ქართულად რატომ გვესაუბრებითო, დაინტერესდა რუსული ენით ყურგახედნილი ყაზახი. "იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვლაპარაკობ ქართულად!" - მიიღო პასუხად!

ჩვენი ფეხბურთიც ყაზახურზე ძველი და "ლამაზია", თუმცა ბოლო წლებში მაინც არაერთხელ წაგვიგია მოღონიერებულ ყახაზურ კლუბებთან და იმედია, ეს ტრადიცია მალე შეიცვლება. კახა ჩხეტიანს კი ყოჩაღ! ფეხბურთელი მხოლოდ სტადიონზე არ არის თავისი ქვეყნის დესპანი და მწვანე მინდორს მიღმაც სულ უნდა ცდილობდეს სამშობლოს საუკეთესოდ წარმოჩენას. მაშინაც კი, როცა მოედანზე საქმე არც ისე კარგად მისდის...

"ჩიხურამ" თბილისშიც "მიხურა"

"ჩიხურა" (საჩხერე) 2:1 "ფოლა" (ლუქსემბურგი) (პირველი მატჩი 2:1)
საჩხერის "ჩიხურამ" ევროთასების მორიგი ეტაპი "მიხურა". სოსო ფრუიძის გუნდი თითქმის ყოველ წელს თამაშობს ევროტურნირზე და სხვა ქართულ კლუბებზე კარგად თუ არა, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. გასაგებია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის სტადიებზე ჩვენსავით "ძლიერი" ჩემპიონატების წარმომადგენლებს ვეთამაშებით ხოლმე, მაგრამ ქართული კლუბებისთვის არც მაჩანჩალებთან წაგებაა უცხო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოგება, რა დონის მეტოქესთანაც უნდა იყოს, ყოველთვის სასიამოვნოა.

ამჯერად, "ჩიხურამ" ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოუგო ლუქსემბურგის "ფოლას", თუმცა განმეორებითი შეხვედრის შემდეგ საჩხერელთა თავკაცმა ალალად თქვა ის, რაც მატჩის მსვლელობისას ყველამ გავიფიქრეთ: ასეთი თამაშით კარგი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდებაო. იმერელთა თავკაცი ასეთ თამაშში შეგირდების მეტისმეტად პრაგმატულ გარჯას გულისხმობდა. პირველი მატჩის სტუმრად მოგებისა და თბილისში 1:0 დაწინაურების შემდეგ, იმერლები, ფაქტობრივად, გაჩერდნენ და შიგადაშიგ, "ზრდილობის გამო" თუ შეუტევდნენ ხოლმე, თანაც მეტოქე პირველივე ნახევარში დარჩა კაცნაკლული, მეორე ტაიმში კი საჩხერელთაგან საუკეთესო სარდალიშვილმა მეორე ბურთიც გაიტანა და ცხადი გახდა, რომ "ფოლა" სამი გოლის გამტანი არ იყო.

სამი ვერა, მაგრამ ბოლო წუთებზე, "ფოლამ" ერთი მაინც გაიტანა: ისევ სინანმა და ისევ პენალტით. ლუქსემბურგულ გუნდთან გამარჯვება რომ გაგახარებს, სახარბიელოდ ნამდვილად არ გაქვს საქმე, მაგრამ... ბოლო წლებში ამ ქვეყნის საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი პროგრესის გზას ადგას, აი, ქართული კლუბებისა კი რა მოგახსენოთ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის გუნდს გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება - შოტლანდიური "აბერდინი". ამ კლუბმა, რომელსაც რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი, "ჩიხურას" მსგავსად, ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოუგო ფინურ "როვანიემს" და 25 ივლისს ქართულ გუნდს უმასპინძლებს.


გ-ასცდებიან "ხათ-გაბალას"?

"ენგორდანი" (ანდორა) 0:1 "დინამო" (თბილისი) (პირველი მატჩი 6:0)
სადაც ლუქსემბურგი, იქვე მეორე ჯუჯა (როგორც ტერიტორიის, ისე საფეხბურთო თვალსაზრისით) სახელმწიფო - ანდორაც ვახსენოთ. სწორედ ანდორული "ენგორდანი" დაიბრიყვა თბილისის "დინამომ" და ორი მატჩის ჯამში შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისურ შეხვედრაში "დინამომ" ევროთასებზე მისთვის სარეკორდო ანგარიშით - 6:0 იმარჯვა. ანდორელთა საბრალო მეკარე კოკამ წყალი ვერა, მაგრამ ბურთი კი ექვსჯერ მო(ი)ტანა ცენტრამდე. განმეორებით შეხვედრაში კოკას აღარ უთამაშია, ისევე, როგორც ""დინამოს" ლიდერთა უმეტესობას. ორმატჩიანი დუელის ბედი თბილისშივე გადაწყდა, ამიტომ""დინამომ" ანდორაში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" ქართული კლუბების მუდმივი "ხათ(გ)აბალა"- აზერბაიჯანული "გაბალა" ელის. პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში 25 ივლისს გაიმართება, განმეორებითი 1-ლ აგვისტოს.

"შერიფმა" კინაღამ დაგვიჭირა


"საბურთალო" (თბილისი) 1:3 "შერიფი" (ტირასპოლი) (პირველი მატჩი 3:0)
რაღა "კინაღამ - საწყის ათ წუთში "დაჭერილიც" ვყავდით და საკატორღედ გამზადებულიც: ტირასპოლიდან წამოღებული სამბურთიანი უპირატესობა "საბურთალომ" თბილისური მატჩის დაწყებიდან 10 (!) წუთში გაანიავა - "შერიფმა" ისე ძალიან "მოინდომა", რომ ლაფიტიმ უკვე მესამე წუთზე გაგვიტანა, ოთხ წუთში მარგველაშვილის ავტოგოლს შოკი მოჰყვა, შოკს - მესამე გოლი და მე-11 წუთზე "შერიფი" 3:0 დაწინაურდა! "საბურთალოსთან" პირველ თამაშამდე მოლდოველებს ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთი(!) გოლი ჰქონდათ გაშვებული (და 53 გატანილი! - რ.შ.), ამიტომაც ჭიაბრიშვილის შეგირდებისგან სამი უპასუხო ბურთის გაშვებამ ორმაგად გაგვაკვირვა. თუმცა ტირასპოლელებმა თამაშის დაწყებისთანავე გადაგვიხადეს სამაგიერო და ევროთასების დებიუტანტ კლუბს კინაღამ ჩაამწარეს პირველი სიხარული. საბედნიეროდ, მასპინძლებმა გონს მოსვლა მოახერხეს და მეორე ტაიმში ისევ ძველი "საბურთალო" ვნახეთ - დალაგებული თამაშითა და რაც მთავარია, როლოვიჩის გოლით, რომელმაც თბილისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა - "საბურთალო" ზაგრებში მიდის.

ბოდიში და, ცარიელი ტრიბუნა


მოდი, ჩვენც ბოდიშით დავიწყოთ, გიორგი ჭიაბრიშვილის ბოდიშით: "პირველი ათი წუთის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, რომ მეორე ტაიმში საკუთარი თამაში აჩვენეს და შედეგს მიაღწიეს, - თქვა ნამატჩევს თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, - პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთი არ გვიჩვენებია, ბევრი გრძელი პასი იყო, დაცვიდან თავდასხმაშიც ხშირად პირდაპირ გადავდიოდით. მეორე ნახევარში ფეხბურთელები დამშვიდდნენ და ჩვეული თამაში აჩვენეს. მეტოქეს მოთამაშე რომ გაუძევეს, ეს ჩვენი დამსახურებაც არის. როცა ხორვატიის დონის ქვეყანა გავხდებით და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებთ, მაშინ შეგვიძლია შევეჯიბროთ მათ. აქ სხვა განზომილებაა. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ბარიერი დავძლიოთ. "შერიფთანაც" არ გვეგონა, რომ გავიდოდით, მაგრამ ღვთის წყალობით, შემდეგ ეტაპზე ვართ".

შემდეგ ეტაპზე კი "საბურთალოს" უფრო მძიმე გამოცდა ელის - ხორვატიის ჩემპიონი "დინამო ზაგრები". ხორვატიაში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა უეფას დამსახურებით მცირე საჩუქარი მაინც გვერგო: გაზაფხულზე, "ბენფიკასთან" მატჩისას, ზაგრების სტადიონზე დარღვევების (მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა, რასისტული ქმედებები, ფეიერვერკის გამოყენების წესების დარღვევა და ა.შ.) გამო უეფამ "დინამო" დასაჯა და ზაგრებული კლუბი უახლოეს ორ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს!

P.S. ზაგრებშიც უნდა ვიყოთ მაგრები! მით უმეტეს, რომ "დინამოსთან" თამაში "საბურთალოს" ნამდვილად არ უკვირს. ჰოდა, გამოუშვით "დინამო". თუნდაც ზაგრების!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები