"იმ გუნდთან რევანში გვქონდა ასაღები" - კვირის პალიტრა

"იმ გუნდთან რევანში გვქონდა ასაღები"

საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წარმატებაზე გაზეთის წინა ნომერშიც დავწერეთ. პაატა ნარიმანაშვილის გუნდმა ბელგიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, ფინალში კი რუსეთის ნაკრები 38:7 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონობასთან ერთად, მომავალი წლის გაზაფხულზე გასამართი და 20-წლამდელთა მსოფლიო თასის საგზურიც დაიბევა.

რას გრძნობდა ჰაერში ყოფნისას და როგორ ამზადებდა თავის მორაგბეებს რუსებთან მატჩისთვის, ამას თავად 19-წლამდელთა თავკაცისგან შეიტყობთ:

-ბატონო პაატა, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ აღნიშნეთ, რომ მხოლოდ ახლა გაითავისეთ, როგორი ძლიერი გუნდის მწვრთნელი ხართ. საკუთარი შეგირდების ძალას აქამდე სათანადოდ არ აფასებდით?

-ამ ბიჭებთან ერთად უკვე მესამე წელია ვმუშაობ და კარგადაც ვიცნობ, თუმცა ჩემი გაოცება მაინც მოახერხეს. ბელგიაში გამგზავრებამდე, ათდღიანი შეკრება საფრანგეთში გავიარეთ და პირველი სიურპრიზი ბიჭებმა სწორედ იქ შემომთავაზეს, როდესაც ადგილობრივი კლუბის -"მასის" მეორე შემადგენლობას 26:0 მოუგეს. არადა, იმ გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძეა და სწორედ მის სიტყვებს გავიმეორებ -გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, საკმაოდ ძლიერი გუნდია და ასე იოლად როგორ დაამარცხეთო! მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შეგვაქო, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს მაინც შიშით ველოდი. საბედნიეროდ, ჩემმა გუნდმა საუცხოოდ ითამაშა და ამიერიდან გაცილებით თავდაჯერებული იქნება.

-მატჩების დაწყებამდე უმთავრეს კონკურენტად რუმინეთის ნაკრებს მიიჩნევდით, მაგრამ კარპატელები ძალიან იოლად -29:3 დაამარცხეთ...

-მართალია, მაგრამ მე მაინც ისევ ისე ვფიქრობ, როგორც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე -ვისაც ვეთამაშეთ, მათგან ყველაზე ძლიერი რუმინეთი იყო. მაღალი კლასის გუნდი კი ჰყავთ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ისე ითამაშეს, რუმინელებს ერთხელაც კი არ მისცეს ხეირიანად შეტევის შანსი.

-სხვა მეტოქეებზე მართლაც ერთი თავით მაღლა იდექით, თუ გამარჯვება განწყობის, მობილიზების ან სხვა რამის დამსახურებაა?

-არა, სხვა გუნდებს მართლაც ვჯობდით და ეს ყველამ აღიარა -რუმინელებმაც კი. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ რუმინელებს არ უყვართ ასეთი რამის აღიარება, განსაკუთრებით -საქართველოსთან, თუმცა ამჯერად ხელები ასწიეს -ჩვენზე ბევრად წინ ხართო... სხვა მატჩებს რაც შეეხება, მინიმუმ კიდევ 20 ქულის მოპოვება ყველა შეხვედრაში შეგვეძლო, მაგრამ ჩვენივე შეცდომების ან უიღბლობის გამო ვეღარ გავიტანეთ... ამ ბიჭებს ნამდვილად ძალუძთ ევროპის წამყვან ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაში.

-რუსებთან მატჩზეც ვთქვათ. ერთი წლით ადრე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სწორედ ამ გუნდთან წააგო (18:17). ასე რომ, რუსეთის ნაკრებთან ანგარიში იმ წაგებისთვისაც გვქონდა გასასწორებელი.

-იმ შეხვედრას 17:0 ვიგებდით, თუმცა მერე გუნდს რაღაც დაემართა და მატჩის წაგებაც კი "მოახერხა". ამჯერად მეტოქეს გამარჯვებაზე ფიქრის უფლებაც კი არ მივეცით და სრულფასოვანი რევანში ავიღეთ. ფინალს სულაც 31:0 ვიგებდით და ერთადერთი ლელოს გატანა რუსებმა კონტრშეტევის წყალობით, ჩვენი გადაცემის ჩაჭრის შემდეგ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით.

-ფინალის წინ ბიჭებს უთხარით რამე, თუ დამატებითი მოტივაცია არც სჭირდებოდათ?

-საქმე ის არის, რომ შარშანაც და წელსაც ჩვენც და რუსეთის ნაკრებიც ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, შარშან, სასტუმროში ყოფნისას ყველანაირად ვცდილობდით, ლოიალური დამოკიდებულება გვქონოდა რუსებთან. როგორც ჩანს, ზედმეტი მოგვივიდა და შარშანდელ წაგებას სწორედ მეტისმეტად "რბილ" მიდგომას ვაბრალებ. ამჯერადაც იგივე რომ არ განმეორებულიყო, ბიჭები სულ ტონუსში მყავდა და შედეგიც სახეზეა.

-ცნობილია, რომ ბრიუსელში გამართულ ფინალს ათასამდე ქართველი ქომაგი დაესწრო და საოცარი ატმოსფეროც შექმნეს.

-ნამდვილად არ მეგონა, ბელგიაში ამდენი ქართველი თუ ცხოვრობდა. საოცრად გვიქომაგეს, ბოლოს კი ის სიხარული, რაც იმ ხალხმა ჩვენთან ერთად განიცადა, ზეიმში გადაიზარდა. მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მივიღეთ.

-ყველაზე ემოციური მომენტი როდის იყო თქვენთვის?

-საფინალო სასტვენის შემდეგ ბიჭებმა ჰაერში ამისროლეს და რაც მაშინ განვიცადე, არასოდეს დამავიწყდება. ასეთ დროს იმაზე არც ფიქრობ, ევროპის ჩემპიონატი მოიგე თუ ცალკეული მატჩი, საოცარი შეგრძნება გეუფლება. იმ მომენტში ყველანი ვგრძნობდით, რომ ერთ მუშტად ვიყავით შეკრული და ჩვენს ხალხს დიდი სიხარული მოვუტანეთ. თანაც, ფინალის წინ ჩემმა მორაგბეებმა თქვეს, რომ მატჩს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ ქართველ გმირებს უძღვნიდნენ და...

-ბოლოს, 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასზეც ვთქვათ, რომელიც გაზაფხულზე აშშ-ში ჩატარდება.

-მზადების შეწყვეტას არ ვაპირებთ. პირიქით, გუნდს გაცილებით მობილურსა და ძლიერს გავხდით, რადგან ამერიკაში ბევრად რთული მატჩები გველის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასზე სამოასა და იაპონიის დონის ნაკრებებთან მოგვიწევს ჭიდილი, დარწმუნებული ვარ, წარმატებით ვითამაშებთ.