ხურციძის გუნდმა შედეგი გაასაჩივრა - კვირის პალიტრა

ხურციძის გუნდმა შედეგი გაასაჩივრა

ქართველი პროფესიონალი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გუნდმა მსოფლიო კრივის ასოციაციაში (WBA) სარჩელი შეიტანა და 30 ოქტომბერს ჩატარებული ორთაბრძოლის შედეგის გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ: კამერუნელ ჰასან ნ,დამ ნ,ჯიკამთან ჩატარებული 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, სამივე მსაჯმა გამარჯვება ხურციძის მეტოქეს მიანიჭა. არადა, ქართველი მოკრივისა და მისი გუნდის გარდა, საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდათ ჟურნალისტებსაც და პარიზის სპორტის სასახლეში მისულ გულშემატკივრებსაც. კამერუნელი ნ,ჯიკამი დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და, ბუნებრივია, დარბაზში მყოფთა უდიდესი ნაწილიც მას ქომაგობდა, მაგრამ რაკი "ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია", მსაჯების გადაწყვეტილებას პუბლიკა სტვენითა და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა.

ხურციძის კლუბის, კიევის Elite Boxing Promotion-ის პრომოუტერ ვადიმ ბუხკალოვის თქმით, ქართველ მოკრივეს გამარჯვება მოჰპარეს. "სანახაობრივი თვალსაზრისითა და კრივის ხარისხით მართლაც დიდებული ბრძოლა იყო, თუმცა შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა.

ნ,ჯიკამის სასარგებლოდ, მაქსიმუმ, ხუთი რაუნდი დასრულდა, თორმეტიდან ხუთ რაუნდში გამარჯვება კი ნიშნავს, რომ საბოლოოდ დამარცხდი! ერთ-ერთი მსაჯის მიერ დაფიქსირებული ანგარიში - 117:11 კი საერთოდ არარეალურია. როგორც ჩანს, ეს ადამიანი ბრძოლის დროს დარბაზში არ იყო. უსამართლო გადაწყვეტილებაზე ფრანგი ფანების საქციელიც მეტყველებს, რომელთაც საყვარელი მოკრივის გამარჯვება სტვენით გააპროტესტეს".

ბუხკალოვმა ისიც აღნიშნა, რომ მსაჯებმა რამდენიმე რაუნდი დროზე ადრე დაამთავრეს (ეს ტელემაყურებლებმაც შევნიშNეთ - ავტ.), ერთ-ერთი რაუნდის დროს კი, როცა "ჩაქუჩას" პირიდან დამცავი კაპი გამოუვარდა, ბრძოლა არ შეაჩერეს და წუთ-ნახევარი მის გარეშე აჩხუბეს, რაც კრივის წესებით დაუშვებელია.

თუმცა, ყველაზე დიდი დარღვევა მატჩის შემდეგ მოხდა - "ბრძოლის დასრულების მერე, ორი საათის განმავლობაში ველოდით მედპერსონალს, რომ მოკრივეებს დოპინგკონტროლი გაევლოთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა, რაც წესების უხეში დარღვევაა, - აღნიშნა ხურციძის პრომოუტერმა, - ასე რომ, საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს, შედეგის გაუქმება თუ არა, მატჩ-რევანში მაინც მოვითხოვოთ!"