ზიდანი და მატერაცი შერიგდნენ - კვირის პალიტრა

ზიდანი და მატერაცი შერიგდნენ

გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის გასამართავად მილანში ჩასულ მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანიც ახლდა. ლეგენდარული ფეხბურთელი კლუბის

ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს და, ბუნებრივია, საკუთარ კლუბს გასვლით მატჩებზეც დაჰყვება. იმ შეხვედრაში "რეალმა" ქულა მოიპოვა და, ფაქტობრივად, გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა მინდორს მიღმა მოხდა.

საქმე ის არის, რომ ზიდანი მარკო მატერაცის შეურიგდა -ფეხბურთელს, რომლის გამოც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ეს ეპიზოდი ყველას კარგად ახსოვს:

მატერაცი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა ზიზუს პროვოცირებას და როცა ზიდანის დაც უდიერად მოიხსენია, ფრანგმა ვარსკვლავმა იმისთანა თავური აძგერა მკერდში იტალიის ნაკრების უზრდელ მცველს, მატერაცი მინდორზე გაიშხლართა, ზინედინი კი მოედნიდან გააძევეს, რასაც საბოლოოდ ფრანგთა მარცხი მოჰყვა.

თუმცა ზიდანმა დაამტკიცა, რომ არა მარტო დიდი ფეხბურთელი, ნამდვილი ვაჟკაციცაა და პატიების უნარიც აქვს. ის და მატერაცი ერთმანეთს სასტუმრო Melia Milano-ს ფოიეში შეხვდნენ. თვითმხილველთა თქმით, თავდაპირველად ფეხბურთელები ცივად მიესალმნენ ერთმანეთს, ხანმოკლე საუბრის შემდეგ კი შერიგების ნიშნად ერთმანეთს გადაეხვივნენ.