წარსულში მომავლისთვის
05-08-2019
წარსულში მომავლისთვის
ფოტო:"გაბალა" ვერ მეკარე ნაზიროვმა გადაარჩინა და ვერც "ვეზიროვმა" ან სხვა რომელიმე მოთამაშემ
"დინამო" როტერდამს გაიხსენებს

თბილისის "დინამო" ევროთასების წლევანდელ გათამაშებას შემორჩა და "წარსულში ბრუნდება", რათა ნაბიჯი მომავლისკენ გადადგას - ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება. ჰოლანდიური გრანდი, რომელიც ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში ჩამოიშორა გზიდან. ახლანდელი "დინამო" რომ დიდი ნოდარ ახალკაცის გუნდს ვერ შეედრება, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ ბოლო სეზონებში ვერც "ფეიენოორდი" ყოჩაღობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი მატჩი ჰოლანდიაში გაიმართება,
ვინ იცის... იქნებ არც ისე შორია როტერდამამდე?!
მანამდე კი იმაზე ვილაპარაკოთ, რაც უკვე მოხდა: თბილისის "დინამოს" ევროპალიგის წლევანდელ გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუშვია, "ენგორდანს" და "გაბალას" კი ჯამში 12 ბურთი გაუტანა. სამწუხაროდ, პირიქით მოიქცნენ დანარჩენი ქართული კლუბები. უფრო სწორად, საჩხერის "ჩიხურამ" თბილისში ერთი ბურთი კი
გაუტანა "აბერდინს", მაგრამ შოტლანდიაში 0:5 შერცხვა, ქვეყნის ჩემპიონმა "საბურთალომ" კი ორივე თამაში დაუთმო (0:2, 0:3) ზაგრების "დინამოს" და გადაინაცვლა ევროპის ლიგაზე, სადაც "არარატ-არმენია" (აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი ქვეყნის კლუბია?) ელის.
ჩვენც "საბურთალოთი" დავიწყოთ:

17 წუთის სამი გაელვება

"დინამო" (ზაგრები) 3:0 "საბურთალო" (თბილისი) (პირველი მატჩი – 2:0)


თუ ტირასპოლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, მოლდოველ "შერიფებთან" თბილისში წაგებამ ბევრი გააკვირვა, საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამოსთან" მარცხი არც მოულოდნელი ყოფილა და არც ალოგიკური. ხორვატიის მრავალგზის ჩემპიონი თითქმის ყოველ წელს თამაშობს რომელიმე ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე და ცხადია, ევროტურნირების დებიუტანტ "საბურთალოზე" გამოცდილია. დაუმატეთ ამას თბილისურ კლუბზე მინიმუმ ათჯერ მეტი ბიუჯეტი და თუ ამდენივე არა, მინიმუმ ორჯერ მაღალი კლასიც (ისევ და ისევ გამოცდილების ხარჯზე) და საქართველოს ჩემპიონზე აუგის სათქმელად ენა აღარ მოგიბრუნდებათ.

საყვედურს არც ვაპირებთ. "საბურთალომ" კარგად ითამაშა თბილისურ შეხვედრაში - ბურთსაც აკონტროლებდა, უტევდა კიდეც და საგოლე ეპიზოდებიც შექმნა. ხორვატთა გამოცდილი გუნდი წარმატებით ახერხებდა ზონების ამოკეტვას და შიგადაშიგ მწარედაც იჩხვლიტებოდა. მეორე ნახევარში კი, როცა "საბურთალოს" დაღლა დაეტყო, სტუმრებმა თვალში საცემად დაგვჯაბნეს "ფიზიკაში", რასაც ორი შეცდომა და ამდენივე გაშვებული ბურთი მოჰყვა.
ხორვატებს ვერ დავეწიეთ
დაახლოებით იგივე სცენარი ვნახეთ ზაგრებშიც - დისკვალიფიკაციის გამო მაყურებლისგან დაცლილ "მაქსიმირზე": ქართველებმა შეუტიეს, გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ 77-ე წუთამდე "გაძლეს", დარჩენილ 17 წუთში კი (არბიტრმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა. - რ.შ.) სამი ბურთი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაუშვეს.
გულწრფელად ვთქვათ - ევროთასების დებიუტანტი "საბურთალო" წელს არც არის მზად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ, მაგრამ თუ სასწაული მოხდა და შემადგენლობა და მწვრთნელი გაის ამ დრომდე შეინარჩუნა, რატომაც არა?!
საბურთალო ზაგრებზე პატარაა?

ჩვენც ასე ვიცით, რომ საბურთალო ზაგრებზე პატარაა - ფართობით, ბიუჯეტით, გამოცდილებით... თუმცა გული ხორვატებზე დიდი გვაქვს და ყველამ ნახა, რომ ქართველებს შიშით არც ზაგრებში უთამაშიათ. მეორე საკითხია კლასი და გამოცდილება. ხორვატებმა სწორედ ამის ხარჯზე გვაჯობეს, თორემ ვიმეორებ - ფიზიკურ კონდიციებს თუ არ ჩავთვლით, ბრძოლით, თავდადებითა და სხვათა შორის, არც საფეხბურთო უნარ-ჩვევებით, ზაგრებელებს ნამდვილად არ ჩამოვრჩებით. რაც მთავარია, ევროთასებზე "საბურთალოსთვის" სადებიუტო წელი გრძელდება - საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "არარატ-არმენიას" დატოვებას შეეცდება.

"აბერდინი" და აგერ "დინამო"

"აბერდინი" (აბერდინი) 5:0 "ჩიხურა" (საჩხერე) (პირველი მატჩი – 1:1)


"ჩიხურა" საჩხერის გუნდია, მაგრამ რაც უნდა საკვირველი და დასანანი იყოს, კლუბი, რომელიც ევროთასების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მონაწილეა ქართულ გუნდებს შორის, ევროტურნირების საშინაო მატჩებს დღემდე სხვა ქალაქის სტადიონებზე მართავს. სტადიონების რეაბილიტაცია/მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაიწყო, საჩხერეს კი, რომელსაც ბევრ სხვა ქალაქზე მეტი ყურადღება ექცევა, არა და არ ეღირსა ევროსტანდარტების შესაბამისი არენა. არადა, შოტლანდიური "აბერდინისთვის" მშობლიურ ქალაქში რომ ემასპინძლა, სულ სხვანაირი განწყობითა და მხარდაჭერით ითამაშებდა.

თუმცა ზემო იმერეთის ნაცვლად, ეს მატჩი "ქვემო თბილისში", ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართა. "ცარიელის" გარდა, სხვა რა ჰქვია არენას, რომელზეც 60-ათასამდე მაყურებელი ეტევა და მეათედიც არ მოდის?! იმ რამდენიმე ათას გულშემატკივარსაც, ვინც "აბერდინთან" მატჩს დაესწრო, "ჩიხურა" დიდწილად მატჩის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უნდა უმადლოდეს: აქაოდა, შოტლანდიელებმა მეტოქეს უწოდეს "სოფლის გუნდი", რომელიც თბილისიდან 3 საათის სავალზეა და თბილისის სტადიონზე 1000 ქომაგსაც ვერ მოაგროვებსო...
დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, საჩხერლებს ღირსება და თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ - 'პიტოდრი სთედიუმის' გასახდელი თვითონ დაალაგეს და ნაგავიც თავად გადაყარეს!
ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებული ეს სიტყვები ქართველ ქომაგს გულზე მოხვდა და 1903 წელს დაარსებული შოტლანდიური კლუბისთვის იმის საჩვენებლად დაირაზმა, რომ "სოფლის გუნდს" ქომაგები "ქალაქშიც" ჰყავს. ნამატჩევს, "აბერდინის" თავკაცმა თქვა: "არ მსმენია, "ჩიხურასთვის" ვინმეს სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ თქვა კიდეც ვინმემ, არასწორად მოქცეულა და ჩვენ ასე ნამდვილად არ ვთვლით. სოფლის კი არა, "ჩიხურა" ძალიან კარგი გუნდია... "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".

ეს სიტყვით, საქმით კი თბილისში ისე გამოჩნდა, თითქოს მეტოქეები დაახლოებით თანაბარი ძალისა არიან. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი შოტლანდიელის ბაქიაობას, განმეორებით მატჩს კომფორტული უპირატესობით შევხვდებითო, "დინამო არენაზე" რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონია. ვერც უნდა ჰქონოდა, რადგან აღმავლობის გზას ვერც შოტლანდიური ფეხბურთი (მით უმეტეს, საკლუბო) ადგას და მით უფრო,– "აბერდინი", რომელიც ისტორიაში ოთხჯერ კი გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი, მაგრამ ბოლო წლებში ნამდვილად ვერ ბრწყინავს და ევროთასის ჯგუფურ ეტაპზეც ერთადერთხელ - 2007 წელს უთამაშია.

შოტლანდიური ვისკი ქართულ ღვინოზე მაგარია?!

რაც არ გამოჩნდა და გამოვიდა თბილისში, ვნახეთ "აბერდინში", თანაც ხუთჯერ მძაფრად! უფრო სწორად, ისეთივე სხვაობით, რაც ვისკის და ღვინის "სიმაგრეშია". ალკოჰოლური სასმლის ეს ორი სახეობა კი იმ შუაშია, რომ... ისინი აბერდინში ჩასულმა საჩხერელთა თავკაცმა სოსო ფრუიძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახსენა: "მზადების სტილი ყველა გუნდს თავისებური აქვს - ზოგიერთი შეიძლება ვისკით გაუმასპინძლდეს ფეხბურთელებს და ისე მოამზადოს, ჩვენ კი კარგი შავი ღვინო გვაქვს, ამით ვართ სახელგანთქმულნი და რომელი აჯობებს, ხვალ ვნახავთ". ვის რომელი ურჩევნია? - გემოვნების ამბავია. თუმცა ნამატჩევს ვისკი რომ გაცილებით მეტი დაილეოდა, ვიდრე ღვინო, ესეც ცხადია. ერთი შეხედვით მოკრძალებული შესაძლებლობების "აბერდინმა" "მოკრძალების გარეშე" გაგვიტანა ხუთი ბურთი და მომდევნო ეტაპზე ხორვატულ "რიეკას" უნდა ეთამაშოს.

"ჩიხურასთვის" კი ეს ევროთასებზე ნათამაშები ოცდამეორე მატჩი იყო და საჩხერული კლუბი პირველად დამარცხდა დიდი ანგარიშით... მოკლედ, "ჩიხ-ურააა" არ გამოვიდა. "ურა" არც გვჭირდება, არც სხვა რუსული რაღაცები. აკი საჩხერლებმა თქვეს კიდეც უარი რუს თარჯიმანზე: "აბერდინმა" ჩვენებს მოუბოდიშა, ქართული ენის თარჯიმანი ვერსად ვნახეთ და რუსულენოვან მთარგმნელს გთავაზობთო. "ჩიხურამ" ამაზე უარი განაცხადა და პრესკონფერენციაზე თარჯიმნის როლი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ შეითავსა.
"ჩიხურამ" კიდევ ერთი ღირსეული საქციელითაც გაგვახარა: დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, საჩხერლებს ღირსება და თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ -""პიტოდრი სთედიუმის" გასახდელი თვითონ დაალაგეს (იხ. ფოტო კლუბის ვებგვერდიდან) და ნაგავიც თავად გადაყარეს!
P.შ. ქართული ფეხბურთის უბედურებაც ეს არის - სტადიონზე ბევრს ვერაფერს ვახერხებთ და ისღა დაგვრჩენია, მოედანს მიღმა მომხდარით მაინც ვიამაყოთ.

თბილისიდან როტერდამი გამოჩნდა

"დინამო" (თბილისი) 3:0 "გაბალა"
(გაბალა) (პირველი მატჩი – 2:0)


თბილისის "დინამოს" წლევანდელ ევროთასზე მინიმუმ ორი მატჩის გამართვა გარანტირებული აქვს. ამიტომაც "გაბალასთან" მატჩზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, უფრო როტერდამზე. რა შუაშიც არის ჰოლანდიის სიდიდით მეორე ქალაქი, შესავალშიც ვთქვით. შუაში არა, გზაზეა - ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე! ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს სწორედ როტერდამის "ფეიენოორდი" ელის.

რაც შეეხება "გაბალასთან" განმეორებით მატჩს, ამ აზერბაიჯანულ კლუბთან არცთუ სასიამოვნო მოგონებები გვაკავშირებს. აკი შევარქვით კიდეც ქართული კლუბების "ხათ-გაბალა", თუმცა ამჯერად სანერვიულო ბევრი არაფერი გვქონია - თბილისის "დინამომ" ორივე შეხვედრაში იოლად გაიმარჯვა და თუ გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რაც პერიოდულად "გამოანათებს" ხოლმე ფელის ვისენტეს გუნდის თამაშში, იქნებ ჰოლანდიურ გრანდთანაც გაუჩნდეს შანსი.

სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ, "დინამომ" მშობლიურ არენაზე ერთით მეტი გოლი გაიტანა. "გაბალა" ვერც მეკარე ნაზიროვმა გადაარჩინა და ვერც "ვეზიროვმა" ან სხვა რომელიმე მოთამაშემ. შენგელიამ დუბლი შეასრულა, ქართველი შემტევის ულამაზეს გოლებს კი "დინამოს" ლეგიონერ კვამე კარიკარის ჩინებული დარტყმაც მოჰყვა: განელი ფორვარდი ამჯერადაც მატჩის ბოლო წუთებზე შევიდა მოედანზე, კარიკარის გამოჩენას "კარი-კარის" (ანუ მეტოქის კარში ორი ბურთის გატანის) "გასამებაც" მოჰყვა.

ევროპა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში "დინამოს" ჯერ გოლი არ გაუშვია. ფარერული "ენგორდანი" ან თუნდაც აზერბაიჯანული "გაბალა" საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ ამ შეხვედრებში თბილისელთა თამაშმა იმედი ნამდვილად გაგვიჩინა. რაც შეეხება "ფეიენოორდსა" და "37 წლით უკან დაბრუნებას", ახლანდელი "დინამო" რომ დიდი ნოდარ ახალკაცის გუნდს ვერ შეედრება, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ ბოლო სეზონებში ვერც "ფეიენოორდი" ყოჩაღობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი მატჩი ჰოლანდიაში გაიმართება, ვინ იცის... იქნებ არც ისე შორია როტერდამამდე?!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?