ვერ გადაეწყვიტათ, "ხალხის მტრის" შვილი ჩემპიონატზე წაეყვანათ თუ არა - "კალათბურთის ევერესტად" წოდებული ქართველის გამარჯვება
10-08-2019
ვერ გადაეწყვიტათ, "ხალხის მტრის" შვილი ჩემპიონატზე წაეყვანათ თუ არა - "კალათბურთის ევერესტად" წოდებული ქართველის გამარჯვება
ფოტო:ოთარ ქორქია
ჯერ კიდევ ზამთარი იყო, დიდი თოვლი იდო. პირსანოვკამდე, ელექტრომატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობდა. სადგურს დასასვენებელი სახლიდან შვიდი კილომეტრი აშორებდა. კალათბურთელები დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ, ამიტომ თოვლსა და ხშირად ქარბუქშიც ამ მანძილს ფეხით ოთხჯერ გადიოდნენ, რაც დამატებითი ფიზიკური წრთობის საუკეთესო საშუალება იყო.

ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ნაკრების შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტდა. მხოლოდ ოთარ ქორქიას საკითხი იყო გაურკვეველი - ვერ გადაეწყვიტათ, "ხალხის მტრის" შვილი პრაღაში წაეყვანათ თუ არა.

ერთ დღეს დარბაზში
სამი უცხო მამაკაცი შევიდა. სპანდარიანი ბიჭებს მოშორდა და ახალმოსულებისკენ გაემართა. ოთარი იხმეს.

- მამაშენი გაამართლეს, გადასახლებიდან ბრუნდება და მოსკოვში გამოივლის, - უთხრა ერთ-ერთმა მოსულთაგანმა, დღე, საათი და ვაგონის ნომერიც დაუსახელა. - შეგიძლია შეხვდე. - დასძინა და დანარჩენ ორ მხლებელთან ერთად სასწრაფოდ დატოვა დარბაზი.
ოთარს თავბრუ
დაეხვა. მწვრთნელი რომ არა, იატაკზე გაიშხლართებოდა.

- რა მოგივიდა, ბიჭო, ვაჟკაცი არა ხარ? - სპანდარიანმა მკლავებში ჩასჭიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია.

პირველი ნოდარ ჯორჯიკია მივარდა. რომ გაიგო, რაში იყო საქმე, ცრემლმორეული მეგობარს გადაეხვია, შემდეგ სხვებმაც მიულოცეს მამის რეაბილიტაცია.
დღეები საუკუნედ ეჩვენებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის შეხვდებოდა ცხრა წლის უნახავ მამას. დრო რომ გაეყვანა, ნოდართან ერთად თავდავიწყებით ვარჯიშობდა. დათქმულ საღამოს სადგურისაკენ მიმავალი, გეგონებოდათ, მიწას ფეხს არ აკარებს, მიფრინავსო.

ბაქანზე ლამპიონების მინავლებულ შუქზე უამრავი ხალხი ირეოდა. იყო ერთი გნიასი და გაწევ-გამოწევა. ყვირილი, სიცილი, გინება და სიმღერა ერთმანეთს ენაცვლებოდა.

მატარებელი ჩამოდგა. ოთარმა რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მინიშნებულ ვაგონამდე. შიგ შესვლა გაუჭირდა, როგორც იქნა, მუჯლუგუნით გაიკვლია გზა, მამა არსად ჩანდა.

"იქნებ მომატყუეს. კი მაგრამ, რისთვის დასჭირდათ"? - გაიფიქრა გულდაწყვეტილმა, როცა მატარებელი თვალს მიეფარა.

დასასვენებელ სახლში დაბრუნებულმა ოთარმა თანაგუნდელებს ყველაფერი აუხსნა. ბიჭებმა დაამშვიდეს, ალბათ, სადღაც ასცდით. ნუ დარდობ, ევროპის ჩემპიონი რომ დაუბრუნდები, ეს მისთვის უფრო დიდი სიურპრიზი იქნებაო. მერე მწვრთნელმა ურჩია, შეიძლება დღე შეეშალათ, ხვალაც წადი, იქნებ მამას მართლა შეხვდეო.

მეორე საღამოს, დარბაზიდან რომ გადიოდა, ვასილი კოლპაკოვის ხმამ შეაჩერა. ვასილი, ორგანოს ოფიცერი და მოსკოვის "დინამოს ცნობილი კალათბურთელი, საკავშირო ნაკრების წევრი იყო.

- იარაღის ხმარება თუ იცი? - ჰკითხა მოულოდნელად და თავის მაუზერზე მიუთითა.
ოთარმა მხრები აიჩეჩა.

- აჰა, წაიღე, ღამე გამოგადგება. აქ, ტყეში, მგლები დაძრწიან, ნუ ეხუმრები. შიგ სამი ტყვიაა. ოღონდ ფრთხილად, არავინ დაგინახოს ან არ გაგივარდეს.
ოთარმა მადლობა გადაუხადა, მაუზერი დამალა და სირბილით გაუდგა გზას.

ის საღამოც უშედეგო გამოდგა. იმდენ ხალხში ამჯერადაც ვერ იპოვა მამა. უკან დაბრუნებულს სიარული გაუჭირდა - ქარბუქი იდგა და სუსხი სახეში სცემდა. ერთგან ბილიკიდან ფეხი გადაუცდა და ნამქერში ჩაეფლო. ის იყო, ძლივს წამოდგა, რომ მოძრავი შავი წერტილები შენიშნა. მიხვდა, მგლები უახლოვდებოდნენ. ახლაღა გაახსენდა, რომ უბეში მაუზერი ედო. უმალ იძრო, ლულა მგლებისკენ მიმართა და ზედიზედ ორჯერ გაისროლა. ქუხილის ხმამ და მგლების ყმუილმა გაკვეთა ღამის სიბნელე.

მაუზერმომარჯვებულმა ირბინა საცხოვრებლამდე. გვიან იყო, ყველას ეძინა. მხოლოდ სურენ სპანდარიანი ელოდა, ფანჯრის მინას შუბლით მიყრდნობილი.  გაგრძელება

ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით