"ფუი-ენოორდი" "დინამოსთვის"
"ფუი-ენოორდი" "დინამოსთვის"
ფოტო:სამი გოლი ბოლო 10 წუთში
ცარიელი ტრიბუნები და იმედი

თუ გასაჩივრებამ შედეგი არ მოიტანა და უეფას სასჯელი ძალაში დარჩა (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მატჩისას რასისტული შეძახილების გამო""დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ცარიელ სტადიონზე თამაშიც მიუსაჯა. - რ.შ.), თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდთან" განმეორებით მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს.
მაყურებლისა და იმედისგან დაცარიელებულ სტადიონზე, როტერდამში 0:4 წაგების შემდეგ, ევროპალიგის შემდგომ ეტაპზე გასვლა "დინამოსთვის" ისეთივე უტოპიაა, როგორიც 1981
წელში დაბრუნება...

დიახ, ჩვენც გვახსოვს, რომ 38 წლის წინ თბილისის "დინამომ" როტერდამის "დე კუიპზე" სამი გოლი გაიტანა! მართალია, ავსტრიელმა "არბიტრმა" ფრანც ვიორერმა სამიდან არც ერთი(!) ბურთი არ ჩაგვითვალა და "ფეიენოორდმა" 2:0 გაიმარჯვა, მაგრამ თბილისში სამი ალალი გოლი გვქონდა გატანილი და თასების მფლობელთა თასის ფინალში მაინც
ქართული კლუბი გავიდა.

"დინამოსთან" დუელი და დიდებული თბილისური კლუბი კი როტერდამში დღემდე ახსოვთ. უფრო სწორად, ახსოვდათ, სანამ ახალი ოთხბურთიანი ისტორია არ დაწერეს. არ გამართლდა ჩვენი იმედი, რომ "ჰოლანდიის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო და ჯერ კიდევ დაკომპლექტების პროცესში მყოფი ""ფეიენოორდი" ფორმაში არ არის, რომ "ჩვენი "დინამო" ჩინებულ ფორმაშია, რომ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ გოლი არ გაუშვია" და ა.შ. რაც აქამდე არ გაუშვია, თბილისურმა კლუბმა ერთბაშად აინაზღაურა და განმეორებითი მატჩი, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცია.

როტერდამში ჩაძირულები


"ფეიენოორდი"" (როტერდამი) 4:0 ""დინამო" (თბილისი) არადა, ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. მეტიც, 79-ე წუთამდე, "დინამო" არც თამაშს გამოთიშვია და არც ორმატჩიან დუელს. ცხადია, მასპინძლები გაცილებით მეტს და სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ მხოლოდ თავდაცვაზე არც ქართველები ფიქრობდნენ და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც ჰქონდათ. სამწუხაროდ, ძირითადი დროის ბოლო 10 წუთი ""დინამოსთვის" ფრანც ვიორერზე უარეს კოშმარად იქცა. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა წაგებას მსაჯს ვერ დავაბრალებთ, იმის მიუხედავად, რომ ქართველი მოთამაშე გააძევა და პენალტიც დანიშნა. წაგების მიზეზები ფელის ვისენტეს გუნდმა უპირველესად თავის თამაშში, დისციპლინასა და განწყობაში უნდა ეძებოს!

ბოლოდან დავიწყოთ: ევროპის უდიდესი პორტის მქონე ქალაქის სტადიონი ყველანაირად უამური გამოდგა ქართველი ფეხბურთელებისთვის. "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და მისი მოთამაშეების უმეტესობას "დინამო არენას" და დანარჩენი ქართული სტადიონების გარდა, არცთუ ბევრგან უთამაშია. ჰოდა, იგრძნობოდა კიდეც, რომ როტერდამის სტადიონის ტრიბუნებმა მათზე დამთრგუნველად იმოქმედა. 51-ათასიანი "დე კუიპი" გადაჭედილი არ ყოფილა, მაგრამ მინდვრის ახლოს განლაგებული სკამები ნამდვილად სავსე იყო და ხმაურიან მაყურებელთან "მეტისმეტმა სიახლოვემ ჩვენები მარწუხებში მოაქცია. ვფიქრობ, მეტოქის ტიტულებსა და გამოცდილებასთან ერთად,"დინამოელთა ერთგვარად შიშნარევი თამაშის მიზეზი ესეც უნდა იყოს...

რაც შეეხება დისციპლინას, ეს არა მხოლოდ "დინამოს", ყველა ქართული კლუბის პრობლემაა და მაგალითად ევროთასებზე "საბურთალოს" თამაშებიც გამოდგება. "ფეიენოორდთან" შეხვედრაზე კი ამან გადამწყვეტი გავლენაც იქონია - აკაკი შულაიამ ორ წუთში (77-ე და 79-ე წუთებზე) ორი გაფრთხილების მიღება მოასწრო და "დინამო" კაცნაკლული შეატოვა ისედაც გოლ(ებ)ზე დაგეშილ ჰოლანდიელებს.

დიდი ანგარიშით მარცხს შულაიას ნამდვილად არ ვაბრალებთ, ყვითელ-წითელი ბარათები მასზე გაცილებით გამოცდილ მოთამაშეებსაც მიუღიათ, მაგრამ... ალბათ, აკაკი ახლა ყველაზე მეტად ნანობს და თავადაც ვერ მიმხვდარა, მსაჯის სასტვენით გაბრაზებულმა რატომ მოუქნია ბურთს ფეხი და უკრაინელ არბიტრს რატომ "გამოსტყუა" ყვითელი ბარათი არაფრის გამო, სრულიად უწყინარ ვითარებაში. სამწუხაროდ, გამოსტყუა და ორიოდ წუთში ფეხებში უკნიდან ვარდნისთვის მეორე გაფრთხილებაც დაიმსახურა, რასაც გაძევება და მასპინძელთა კიდევ უფრო დიდი წნეხი მოჰყვა.

კოშმარული 10 წუთი


ესპანურ ენაზე "ფელის" ბედნიერს ნიშნავს, ოღონდ როტერდამის "დე კუიპი" "ბედნიერი" არც თბილისელთა ესპანელი მწვრთნელისთვის, ფელის ვისენტესთვის გამოდგა და არც– ამ ფორმაციის "დინამოსთვის". არადა, კაცნაკლულად დარჩენამდე "დინამოს" "არა უშავდა. კი, მასპინძლები ბურთსაც აკონტროლებდნენ, თამაშსაც და გაცილებით ხშირადაც უტევდნენ, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო და მომენტები ქართველებსაც ჰქონდათ. 70-ე წუთზე კი სულაც გათანაბრებაც შეგვეძლო: ნოდარ ქავთარაძის "ცხრიანისკენ" მოჭრილი საუცხოო "დარტყმით გაგზავნილ ბურთს ჰოლანდიელთა გოლკიპერმა ბოლო წამს წაჰკრა თითები და "დე კუიპი" დადუმებისგან იხსნა. სამწუხაროდ, ანგარიში უცვლელი დარჩა, ათიოდ წუთში კი კოშმარული ათწუთეულიც დაიწყო: თბილისელებს ჯერ შულაიას გაძევება ვერ მოენელებინათ, რომ 82-ე წუთზე კობაურმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ორ წუთში მონხილმა ხელით ითამაშა საჯარიმოში და ბერგჰუისმა პენალტი გაიტანა, 88-ზე კი ბოლომდე "მოშლილი"""დინამოს"" კარის ბადე მეოთხედაც შეარხია შეცვლაზე შესულმა ნარსინგმა...

ბოლო ხუთ მატჩში""დინამომ" ჯამში 18 ბურთი გაუტანა "ენგორდანს", "გაბალას" და თბილისის "ლოკომოტივს", თვითონ კი ერთიც არ გაუშვია, მაგრამ... ერთია ანდორული, აზერბაიჯანული და ქართული კლუბების დამარცხება და მეორე - ჰოლანდიურ ""ფეიენოორდთან" უშიშრად თამაში... ჩვენს კლუბებს არა აქვთ ამ დონის მეტოქეებთან ხშირი თამაშის გამოცდილება, რადგან ქართული გუნდები იშვიათად თამაშობენ ევროთასების მესამე-მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე!

ამის მიუხედავად, "დინამო" არ იმსახურებდა ასეთი დიდი სხვაობით მარცხს. როტერდამში 0:4 წაგება კი ფელის ვისენტეს გუნდისთვის ევროსეზონის დასრულებას ნიშნავს. თბილისურ კლუბს შეუძლია პრესტიჟისთვის იბრძოლოს და იბრძოლებს კიდეც, მაგრამ იაპ სტამის გუნდისთვის ოთხი უპასუხო გოლის გამტანს არ ჰგავს. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარც უეფას საბოლოო გადაწყვეტილებას ექნება.

"დინამომ" სასჯელი კი გაასაჩივრა, მაგრამ მაყურებელი რომც "დაიბრუნოს", "ფეიენოორდს" ეს ხელს ვეღარ შეუშლის. ორმატჩიანი დუელის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. წელს ბევრი"ქამბექი (მომდევნო ეტაპზე გასვლა პირველ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად) კი ვნახეთ, მაგრამ... "დინამო" ხომ არც "ბარსელონაა" და არც "ლივერპული".
თბილისის ""დინამო"" ნიჭიერი ფეხ­ბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდია, რომელიც, თუ შემადგენლობას შეინარჩუნებს და დისციპლინასაც გააუმჯობესებს, გაისად გაცილებით მეტს შეძლებს, დღეს კი ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო - სოლიდური შემოსავალი და კარგი გამოცდილება.

რამდენიმე დღით ადრე კი ევროპალიგაზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომაც" ითამაშა, მორიგი გასვლითი მატჩიც მოიგო და განმეორებით შეხვედრას "დინამოზე" გაცილებით უკეთესი განწყობით ხვდება.

"საბურთ-ალო: ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ"

ერევანში 'ჩიტო-გვრიტო' ქართველებმა იმღერეს
"არარატ-არმენია" (ერევანი) 1:2 "საბურთალო" (თბილისი) კონკრეტულად ეს ცნობილი ფრაზა არა, მაგრამ გიორგი დანელიას "მიმინო" კი ლამის ლაიტმოტივად მიჰყვება ქართულ-სომხური კლუბების დაპირისპირებას. ამიტომაც შემთხვევითი არ ყოფილა, რომ""არარატ-არმენია"-"საბურთალოს" მატჩის შესვენებისას ერევნის სტადიონზე ბუბა კიკაბიძის შესრულებული "ჩიტო, გვრიტოს" ჩანაწერი ჩაირთო...

"ლარისა ივანოვნას" და "ჩიტო, გვრიტოს" შევეშვათ, თუმცა თამაშის მეორე ნახევრის დაწყებამდე სომხებს მართლაც "სამღერლად" ჰქონდათ საქმე: ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე მისული გულშემატკივარი 31-ე წუთზე კობიალკომ გაახარა - "არარატის" რუსმა ლეგიონერმა თანაგუნდელის დარტყმულ ბურთს მიუსწრო და მიგინეიშვილის კარში გადაგზავნა. საერთოდაც, პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. "არარატ-არმენია" ერევნის კლუბი კი არის, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი სომეხი მოთამაშე ჰყავს, ბირთვს კი ლეგიონერები შეადგენენ რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან...

მასპინძელთაგან განსხვავებით, გიორგი ჭიაბრიშვილმა ერევანში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისა. ამის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონმა თამაშის სტილს არ უღალატა და კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა.
სტუმართა უპირატესობა თამაშის ბოლო ნახევარ საათში გამოიკვეთა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 58-ე წუთზე ჭიაბრიშვილმა გუნდის მთავარი მეგოლე როლოვიჩი ცენტრალური მცველით - მარგველაშვილით შეცვალა, ფლანგის მცველებს (მალისა და ლაკვეხელიანს) კი შეტევებში უფრო აქტიურად ჩართვა დაავალა. სწორედ ლაკვეხელიანის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა თბილისელთა პირველი გოლი: ლუკამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, არეულობაში ბურთი ჯერ სანდრო ალთუნაშვილის ფეხებთან, ორიოდ წამში კი მასპინძელთა კარში აღმოჩნდა!

სამ წუთში ლევან ყენიამ გამარჯვების გოლიც გაიტანა - ტრავმებისგან გატანჯული ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ვინ იცის, მერამდენედ დაუბრუნდა ფეხბურთს და ქართულ კლუბს უმნიშვნელოვანესი გოლითაც შეეწია: მან 71-ე წუთზე შეცვალა "საბურთალოს" კენიელი ლეგიონერი ტერა (ყენიამ - კენიელი), 76-ზე კი მარცხენა ფეხით ისეთი"ჩაახვია, "არმენია" ვერც ძელმა იხსნა და ვერც მეკარემ.

"საბურთალომ" სტუმრად 2:1 გაიმარჯვა და "მიხეილ მესხზეც" ფავორიტი იქნება. სამწუხაროდ, ერევანში მორიგი გაფრთხილება მიიღო კლუბის ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ (პირველივე წუთზე!) და ისევ დაგვაკლდება, მაგრამ თუ სასწაული არ მოხდა, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჭიაბრიშვილის გუნდმა მის გარეშეც უნდა გააღწიოს. "საბურთალო"-"არარატ-არმენიას" შორის გამარჯვებული ლუქსემბურგის "დუდელანჟსა" და ესტონურ "კალიუს" შორის უკეთესს შეხვდება (პირველ მატჩში "დუდელანჟმა" შინ 3:1 გაიმარჯვა), რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე სულ ცოტაღა რჩება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა